პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ახალი კონსტიტუციონალიზმი

ბოლოდროინდელი ტექსტების სერიაში გერმანელი სოციოლოგი ვოლფგანგ შტრეეკი საუბრობს კაპიტალიზმსა და დემოკრატიას შორის არსებულ შინაგან კონფლიქტზე. კაპიტალიზმის დაგროვების ლოგიკას, ამბობს ის, ყოველთვის ეშინოდა დემოკრატიის, რადგან დემოკრატია ღარიბი უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების მმართველობას გულისხმობს: ხელისუფლება, რომელიც ვერ პასუხობს სიმდიდრის გადანაწილების შესახებ ღარიბი უმრავლესობის მოთხოვნებს, მხარდაჭერას კარგავს. შტრეეკის მიხედვით, ხელისუფლების გადანაწილებითი ჩარევის მიმართ შიში კაპიტალიზმს აიძულებს, კანონის ძალით დააფუძნოს წესრიგი, რომელშიც პოლიტიკური ხელისუფლების ჩარევა არა უბრალოდ არასასურველია, არამედ აკრძალულია. გასული საუკუნის 80-იანი წლებში საბაზრო ფუნდამენტალისტები ამბობდნენ, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს; დღეს უკვე ხშირად გაიგონებთ, რომ სხვა არჩევანი არაკონსტიტუციურია.

ახალი კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი მთავარი თეორეტიკოსი სტივენ გილი მიიჩნევს, რომ ახალ კონსტიტუციონალიზმზე შეგვიძლია საუბარი მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ იურიდიულ გადაწყვეტასთან, რომელიც გაბატონებული ეკონომიკური ძალების დემოკრატიული კონტროლისგან და სახალხო ანგარიშვალდებულებისგან იზოლირებას, მათგან დაცვას გულისხმობს. გილის ხედვით, ახალი კონსტიტუციონალიზმი ცდილობს, პოლიტიკის სფეროდან გაიტანოს ეკონომიკური პოლიტიკის საკვანძო საკითხები - იმგვარად, რომ მაშინაც კი, როდესაც დემოკრატიული გზით არჩეული, სახალხო ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური ხელისუფლება მოინდომებს ეკონომიკური რეფორმებისა და გარდაქმნების გატარებას, მან ეს ვერ შეძლოს კანონისმიერ წინაღობათა გამო.

ახალი კონსტიტუციონალიზმი 1970-80-იან წლებში დაწყებული ე.წ. ნეოლიბერალიზაციის ისტორიული პროცესის ნაწილია. ახალი კონსტიტუციონალიზმი, ერთი მხრივ, გულისხმობს გლობალურ-სამართლებრივ მოწესრიგებას მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ. ისინი ითხოვენ საკუთრებისა და ინვესტიციების დაცვის ისეთ ყოველისმომცველ საკანონმდებლო ზომებს, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის წინ საერთოდ არ არსებობდა. მეორე მხრივ, ახალი კონსტიტუციონალიზმი ხორციელდება ნაციონალურ დონეზეც - არა მხოლოდ საკუთრივ კონსტიტუციის ტექსტში ცვლილების შეტანით, არამედ კონსტიტუციის ახალი ავტორიტეტული განმარტებით, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან. ახალი კონსტიტუციონალიზმი, ცხადია, გლობალური მოვლენაა, მაგრამ მისით, ყველაზე მეტად, პერიფერიული ქვეყნები ზარალდებიან.

საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების ისტორია, 1995 წლიდან დღემდე, არაერთ ისეთ შესწორებას მოიცავს, რომელიც ახალი კონსტიტუციონალიზმის თეორიულ ჩარჩოში თავსდება. ახალი კონსტიტუციონალიზმის ლექსიკოლოგიური განმარტებად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წელს შესული ცვლილება, რომელიც უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, პარლამენტს, უკრძალავდა ახალი გადასახადის შემოღებას ან გადასახადის განაკვეთის გაზრდას და, ამდენად, საპარლამენტო უფლებამოსილებიდან ამოჭრიდა საგადასახადო-ფისკალურ საკითხებს.

 


კაპიტალიზმსა და დემოკრატიაზე ვოლფგანგ შტრეეკის მსჯელობის მიმოხილვა თითქმის უცვლელი ფორმით გადმოტანილია ჩემი სტატიიდან, რომლის ერთი თავი გადასახადების შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში მოცემულ შეზღუდვასაც აანალიზებს. იხ. Vakhtang Natsvlishvili. 2023. Politische Ökonomie der Varfassungsreform Vier vorläufige Thesen. Georgien, neu buchstabiert: Politik und Kultur eines Landes auf dem Weg nach Europa (Nakhutsrishvili, L., Heinrich-Böll-Stiftung, eds.), pp. 117-26, Transcript Verlag, Beilefeld.

დემოკრატიასა და კაპიტალიზმს შორის არსებული კონფლიქტი შტრეეკის ტექსტების ერთ-ერთი მთავარი თემაა. იხ. Wolfgang Streeck. 2014. Buying Time: The Delayed Crisis of Democratic Capitalism, (P. Camiller, trans.) Verso, London & New York.  თემის უფრო მოკლე მიმოხილვისთვის, იხ. Wolfgang Streeck. 2011. The Crisis of Democratic Capitalism, 71 New Left Rev. 5, 12.

ახალი კონსტიტუციონალიზმის თეორიის შესახებ მოკლე, მაგრამ თვალისამხელი მიმოხილვისთვის იხ. Stephen Gill. 1998. New constitutionalism, democratisation and global political economy. Pacifica Review: Peace, Security & Global Change: formerly Pacifica Review: Peace, Security & Global Change. 10:1. pp. 23-38.

მიმოხილვის ავტორი:

ვახტანგ ნაცვლიშვილი


დოკუმენტი მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში „ტრანსფორმაციული აკადემია: კრიტიკული სამართლებრივი თეორიის მეინსტრიმინგი საზოგადოებრივი სამართლიანობისთვის“. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს