პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ალტერნატივა სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემის შესაქმნელად
ივნისი 9, 2023

პოლიტიკური სისტემა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მართლმსაჯულების ორგანოების ფუნქციონირებაზე. უმრავლესობის (მაჟორიტარული) პრინციპით მართვა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას უწყობს ხელს. ამდენად, ის ეფექტიანი საჯარო ადმინისტრირების მოლოდინს ქმნის. თუმცა ფაქტია, რომ ამ მოდელით საქართველომ ვერ შეძლო მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემა შეექმნა. შედეგად კი გააქტიურდა მსჯელობა საყოველთაო ჩართულობასა და შეთანხმებაზე ორიენტირებული (კონსენსუალური) დემოკრატიის შესახებ. სტატიის მიზანია, დაგვანახოს, რომ ამ უკანასკნელს სამართლიანი მართლმსაჯულების შემოთავაზება შეუძლია.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა (სასამართლო, პროკურატურა და სხვა) პოლიტიზირებულია, ის შეკავშირებულია მმართველ გუნდთან და მისი თანხმობით მოქმედებს. ეს პროცესი უმრავლესობაზე მორგებული (მაჟორიტარული) სისტემის მიხედვით მომზადებული ფასადური რეფორმებითა და ხელისუფლების მიერ ამ ორგანოების მიტაცებით დაიწყო, რამაც გააძლიერა მმართველი გუნდის გავლენა, ხოლო მოქალაქეებს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ მართლმსაჯულებაზე წვდომა მოუსპო. 

ჩვენი კომენტარი 

საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობა საყოველთაო ჩართულობასა და შეთანხმებაზე ორიენტირებული დემოკრატიის მოდელის ფარგლებში უნდა განახლდეს. ეს დააზღვევს უმრავლესობის მიერ სამართლიანობის მიტაცების საფრთხეს და შექმნის პოლიტიკურად ნეიტრალურ სისტემას. 

შეუძლია თუ არა კონსენსუალურ დემოკრატიას სამართლიანი მართლმსაჯულების დაპირება?

მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის დროს კონსენსუსზე ორიენტირებული პროცესი ხელს შეუწყობდა სისტემის დამოუკიდებლობას. ის უზრუნველყოფდა მიუკერძოებელი გენერალური პროკურორის, მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნას. თუ შერჩევის პროცედურები არა მხოლოდ მმართველ ძალას, არამედ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც მისცემდა გადამწვეტი სიტყვის უფლებას, თანამდებობებზე ისეთი პირები დაინიშნებოდნენ, რომლებიც არა რომელიმე პარტიის, არამედ სამართლიანობის ინტერესებს დაიცავდნენ. ამ თვალსაზრისით საიმედო იყო ბოლო კონსტიტუციური რეფორმის მიერ შემოთავაზებული სიახლე:  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა არჩევისათვის პარლამენტში ხმების საჭირო რაოდენობა 90-ამდე გაზარდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მაჟორიტარულ მოდელში კონსენსუალური დემოკრატიის ელემენტის ინტეგრირების მცდელობა. თუმცა ხელისუფლებამ ეს მექანიზმიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენა. რამდენიმე კვირის წინ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გაუგებარი მოტივით, მხარი დაუჭირა უმრავლესობისადმი ლოიალურ კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა თანამდებობაზე. 

როგორ და რა შემთხვევაში აზღვევს კონსენსუალური დემოკრატია ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრაქტიკას?

საქართველოს მაგალითი გვაფიქრებინებს, რომ საყოველთაო ჩართულობასა და შეთანხმებაზე ორიენტირებული დემოკრატიის ცალკეული კომპონენტის უმრავლესობაზე მორგებულ სისტემაში ფრაგმენტული ინტეგრირება არაფერს ცვლის. ეს ერთი ელემენტი ვერ გაიმარჯვებს მაჟორიტარული მართვის ლოგიკაზე და მის ინსტრუმენტად იქცევა. შესაბამისად, პრობლემის მოგვარება საფუძვლიდანვე, მოდელის ცვლილებით, უნდა დაიწყოს. არცერთი პოლიტიკური სისტემა არ არის დაზღვეული კრიზისებისგან. თუმცა კონსენსუსზე დაფუძნებულ მიდგომას უფრო მეტი რესურსი აქვს მათ წინააღმდეგ. ეს სათანადოდ მოქმედებს მართლმსაჯულების ორგანოების მართვის პროცესზეც. ამისათვის საჭიროა, კონსენსუალური დემოკრატია ყველა თავისი ელემენტით ამოქმედდეს. პროცესში კი საწყისი ეტაპი დაბალპროცენტიანი, პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვაა. 

მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისისამხრეთ კავკასიის რეგიონის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში „ინკლუზიური და კონსენსუალური პოლიტიკური გარემოს მხარდაჭერა საქართველოში“. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნისომენტარს“ და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი