ბანკებს საქართველოში, სუსტი მარეგულირებელი ჩარჩოს გამო, წლების განმავლობაში მოქმედების დიდი თავისუფლება გააჩნდათ. 2014 წლამდე ბანკებს არაპროფილური საქმიანობაც არ ეკრძალებოდათ და შესაბამისად, ისინი ფლობდნენ დეველოპერულ კომპანიებს, სხვა ბიზნესებთან ერთად. ბანკები საკუთარი დეველოპერულ კომპანიების ბინებს ყიდდნენ და ბინის შესაძენად მყიდველს გრძელვადიან და ძვირ იპოთეკურ სესხსაც სთავაზობდნენ.
ამრიგად, საკანონმდებლო რეგულირება მნიშვნელოვანია როგორც საპროცენტო განაკვეთისა და გადამხდელუნარიანობის სტანდარტის დაწესების კუთხით, ასევე საბანკო სექტორის არაპროფილური საქმიანობის შესაზღუდად.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ჭარბვალიანობა პირდაპირ უკავშირდება ფინანსური სექტორის რეგულაციებს, რადგან, თუ სახელმწიფოში ადეკვატური რეგულაციები არსებობს, ბანკები და კერძო მევახშეები ვეღარ ახერხებენ მტაცებლური დაკრედიტებით მოსახლეობის მასიურ გავალიანებას. შესაბამისად, საჭიროა, თვალი გადავავლოთ ბოლო 20 წლის დერეგულაციას ფინანსურ სექტორში.
ჩვენი კომენტარი
საქართველოს მოსახლეობის გავალიანების სტიქიური ზრდა ბანკების სუსტი რეგულირებით და კერძო მევახშეებისთვის რეგულაციების არარსებობით იყო გამოწვეული. მაშინ, როდესაც სახელმწიფო, ეროვნული ბანკის მეშვეობით, არ იცავს მოქალაქეებს, კერძო სექტორი ცდილობს, საკუთარი მოგება მაქსიმალურად გაზარდოს დაუცველი მოქალაქეების გაღარიბების ხარჯზე.
ასეთ დროს ადამიანებს ინფორმირებული თანხმობა და ფინანსური განათლება - რაც ბოლო 7 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა - ვერ უზრუნველყოფს მსესხებელთა უფლებების დაცვას. მძიმე სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ფინანსურ განათლებაზე აქცენტი მაინც ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
რა უნდა ვიცოდეთ?
ქვეყანაში ჭარბვალიანობა დიდწილად განპირობებულია საბანკო სისტემის დერეგულაციით.
- 2007 წელს გაუქმდა ფიზიკური პირის გაკოტრების კანონი, შედეგად ბანკებს უფრო მარტივად შეეძლოთ საკუთრების ჩამორთმევა;
- ამავე წელს გაუქმდა საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი. არ არსებობდა არც გადამხდელუნარიანობის განსაზღვრის ზოგადი წესი, ეს კი როგორც ბანკებსა და კერძო მევახშეებს აძლევდა საშუალებას, საკუთარი სურვილისამებრ განესაზღვრათ ნებისმიერი პირობა;
- 2008 წლიდან დაიწყო პრობლემური სესხების ამოღების აღსრულებისთვის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების სისტემური ამუშავება;
- მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან იკრძალება ბანკების არაპროფილური საქმიანობა, ზოგიერთ ბანკს და დეველოპერულ კომპანიას საერთო მფლობელი ჰყავს (მაგალითად, ,,საქართველოს ბანკი“ და ,,M2“), რაც, ერთი მხრივ, არ არღვევს კანონს, თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნული რეგულაციის მიზანს უგულებელყოფს და აძლევს საშუალებას ფინანსურ სექტორს, გავლენა მოახდინოს უძრავი ქონების ბაზარზეც;
- 2017 წლიდან დაიწყო რეგულაციების გამკაცრება საბანკო სექტორში. 2017 წლიდან 100 000 ლარამდე სესხი, ხოლო 2019 წლიდან 200 000 ლარამდე სესხი მხოლოდ ლარში გაიცემოდა (რაც დაიცავდა მსესხებელს ვალუტის კურსის მერყეობის რისკისგან). განისაზღვრა საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი და ვადაგადაცილებული სესხების ჯარიმების მაქსიმალური რაოდენობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება კი ის იყო, რომ აიკრძალა სესხის გაცემა მსესხებელის გადამხდელუნარიანობის შემოწმების გარეშე.
2016 წლიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფინანსური განათლების საკითხს, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ აგვარებს ფუნდამენტურ პრობლემებს გასესხების პოლიტიკაში და ვერც სესხებზე მოთხოვნას ამცირებს. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მაინც აიღებენ კრედიტს, თუნდაც კარგი ფინანსური განათლება გააჩნდეთ.
საგულისხმოა, რომ ჭარბვალიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ მისი გამოაშკარავების შემდეგ მოხდა. ეს, ერთი მხრივ, ართულებს პრობლემასთან ბრძოლას, მეორე მხრივ, იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე აიღეს სესხი, არაფრით ეხმარება.