უსაფრთხო სამუშაო ადგილების შექმნა რისკების შეფასებითა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვით იწყება, რაც დამსაქმებლის ვალდებულებაა. დღეს შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დამსაქმებელზე დაკისრებული პასუხისმგებლობა ამ ვალდებულების შესრულებას არ უზრუნველყოფს და არც მშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავადაა საკმარისი.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ჩვენ გარშემო ადვილად მოიძებნება ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც მშენებლობაზე უმუშავია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო საქმეა და ხშირად მას ადამიანები ეწირებიან კიდეც, სიღარიბისა და უმუშევრობის გამო ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამსახურიცაა.
ჩვენი კომენტარი
საქართველოში დამსაქმებელთა უმეტესობა გულგრილად ეკიდება შრომის უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებას, ამას არასაკმარისად მკაცრი სანქციები, გეგმური, არაგეგმური ან განმეორებითი ინსპექტირების სიმცირეც უწყობს ხელს.
რა არის პრობლემა?
შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2021 წელს ჩატარებული ინსპექტირებების შედეგების მიხედვით,
- დამსაქმებლებს ან საერთოდ არ აქვთ რისკების შეფასების პოლიტიკა, ან ის არასრულყოფილია;
- დამსაქმებლები არ იცავენ პრევენციულ ღონისძიებებს.
მნიშვნელოვანია, რომ შრომის ინსპექციის სამსახური ცალკე არ წარმოგვიდგენს განმეორებითი ინსპექტირების რიცხვს. მიუხედავად მითითებისა, რომ ინსპექტირება ტარდება დარღვევების სრულ გამოსწორებამდე, საერთო მონაცემით ჩვენ არ შეგვიძლია შევაფასოთ დამსაქმებლების ქცევა:
- რამდენი დრო და რამდენი ინსპექტირება დასჭირდათ თითოეული დარღვევის აღმოსაფხვრელად;
- შეიმუშავეს თუ არა რისკების შეფასების პოლიტიკა და
- რას აკეთებენ, რომ დარღვევები მომავალში თავიდან აიცილონ.
ამ მონაცემების ცალკე გამოყოფასა და გასაჯაროებას დამსაქმებლებისთვისაც შეიძლება შეეწყო ხელი და ყოფილიყო ბიძგი დარღვევების დროული და საფუძვლიანი გამოსწორებისთვის.
საყურადღებოა, რომ რეინსპექტირებისა და არასაკმარისი სანქციის პრობლემებს ღირსეული შრომის პლატფორმის მაგალითები ააშკარავებენ.
მაგალითად, უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“, რომელზეც ინსპექტირება 2020 წელს 6-ჯერ ჩატარდა და ჯამში 71 დარღვევა გამოვლინდა,
- განმეორებით მხოლოდ ერთხელ შემოწმდა, თუმცა არა დარღვევის სრულ აღმოფხვრამდე;
- კომპანიას ჯარიმა მხოლოდ ორ შემთხვევაში დაეკისრა;
- ჯარიმები კანონით დაწესებულ მინიმალურ ზღვართან მიახლოებული იყო.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თავად კომპანიაზე, როგორც იურიდიულ პირზე, არ ვრცელდება.
- პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას მაღალი რგოლის მენეჯერებიც ახერხებენ და დაბალი რგოლის მენეჯერებს ერთგვარ ფარად იყენებენ;
- ხშირად გამოძიება საკმარისად მიიჩნევს მხოლოდ უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების გამოკვეთას, რომლებიც უმეტესად სწორედ დაბალი რგოლის მენეჯერები არიან;
- მათი დასჯა კი არ ცვლის კომპანიის სამუშაო პოლიტიკას და არ ეხმარება შემთხვევათა პრევენციას.
როგორ შეიძლება იურიდიულმა პირმა სისხლისსამართლებრივად აგოს პასუხი დანაშაულისთვის?
- კომპანიის ლიკვიდაციით
- საქმიანობის უფლების ჩამორთმევით
- ჯარიმით
- ქონების ჩამორთმევით
კიდევ რა ვალდებულებას არიდებენ თავს დამსაქმებლები?
2021 წლის მონაცემებით, დამსაქმებლები არ უზრუნველყოფენ უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ დასაქმებულთა სწავლებას და მათ უსაფრთხოების საშუალებებით აღჭურვას. პარალელურად, ხშირად დასაქმებულებს აკისრებენ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის.
როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება?
უსაფრთხო სამუშაო გარემოს დანერგვაზე ზრუნვა უნდა გახდეს კომპლექსური და თანმიმდევრული, რადგან თითოეულ რგოლს - დამსაქმებელს, დასაქმებულს, შრომის ინსპექციის სამსახურს, ზოგადად სახელმწიფოს - ინდივიდუალური და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია.
საჭიროა:
დამსაქმებლის პასუხისმგებლობის გაზრდა, რაც შექმნის სტიმულს უსაფრთხოების სტანდარტების დასაცავად. ეს შეიძლება იყოს:
- საკმარისად მკაცრი ჯარიმის ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის (იურიდიული პირისთვის, კომპანიისთვის) დადგენა;
- დაგეგმილი, არაგეგმიური და განმეორებითი ინსპექტირების გახშირება;
- დასაქმებულთა სწავლების უზრუნველყოფა უსაფრთხოების წესების ცოდნისა და გამოყენების შესახებ და მასზე ზედამხედველობა.
გასათვალისწინებელია, რომ ინსპექტირების რაოდენობის ზრდისკენ, განსაკუთრებით სამშენებლო სფეროში, საქართველოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარიც მოუწოდებს. ამის შესახებ აღნიშნულია 2022 წლის ანგარიშშიც.