პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
დანიშვნა თუ არჩევა: როგორ იკავებენ მოსამართლეები თანამდებობებს?

მოსამართლეები თანამდებობებს სხვადასხვა წესით იკავებენ. ეს წესები განსაზღვრავს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობის ხარისხს. ამ სტატიაში განსხვავებული მოდელების უპირატესობებსა და საფრთხეებზე მოგიყვებით. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

მოსამართლეთა დანიშვნის წესი საქართველოში სასამართლოსთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად განხილვადი საკითხია. პროფესიული ჯგუფების ნაწილი მხარს უჭერს მრავალმხრივი თანხმობით და პოლიტიკური კონსენსუსით მოსამართლეების დანიშვნის მოდელს. პოლიტიკური ჯგუფების ნაწილის მიერ სხვადასხვა დროს განიხილებოდა ხალხის მიერ მოსამართლეების პირდაპირი წესით არჩევის და უცხოელი მოსამართლეების მოწვევის საკითხიც. 

ჩვენი კომენტარი

ჩვენ გვჭირდება ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს არ მისცემს შესაძლებლობას, ერთპიროვნულად და მისთვის სასურველი შემადგენლობით, დააკომპლექტოს სასამართლო, ხოლო სადამსჯელო ზომების გამოყენებით აკონტროლოს ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობა.

რა უნდა ვიცოდეთ?

მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება, მეტწილად, დამოკიდებულია სახელმწიფოს მმართველობის ფორმასა და ქვეყნის სამართლებრივ ტრადიციაზე. საყურადღებოა, რომ მოსამართლეთა გამწესების მოდელები არ განსხვავდება მხოლოდ სამართლებრივი სისტემების მიხედვით. დანიშვნის წესები შესაძლებელია ერთი ქვეყნის შიგნით, სასამართლო ინსტანციების მიხედვითაც მრავალფეროვანი იყოს. 

რა მოდელები არსებობს? 

გავრცელებულია მოსამართლეთა დანიშვნის შემდეგი სისტემები:

  • საბჭოების წარდგინებით მოსამართლეების დანიშვნა მთავრობის (შვედეთი) ან მთავრობასთან ერთად სახელმწიფოს მეთაურის მიერ (ნიდერლანდები). 

ვენეციის კომისიის შეფასებით, ინსტიტუციონალიზებული დემოკრატიის ქვეყნებში ასეთი მოდელი დამოუკიდებლობის მიმართ კრიტიკულ კითხვებს არ აჩენს, თუმცა ე.წ. „ახალი დემოკრატიის“ ქვეყნებისთვის ის სახიფათოა.

  • საბჭოს რეკომენდაციით მოსამართლის დანიშვნა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ (უკრაინა, მოლდოვა).

ითვლება, რომ თუკი პრეზიდენტის გადაწყვეტილება დამოუკიდებელი საბჭოს მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს ეფუძნება, დანიშვნის ეს მოდელი პრობლემური არ არის, განსაკუთრებით პრეზიდენტის შეზღუდული უფლებამოსილების პირობებში.

  • მოსამართლის დანიშვნა უშუალოდ საბჭოს მიერ (საქართველო, ბულგარეთი, ხორვატია).

ამ მოდელის გავლენა მთლიანად არის დამოკიდებული საბჭოს შემადგენლობასა და გადაწყვეტილების მიღების ინკლუზიურობაზე

  • პარლამენტის როლი, უმეტესად, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებისას იკვეთება. ვხვდებით კანდიდატის როგორც საბჭოს (საქართველო), ისე პრეზიდენტის მიერ  წარდგენის მაგალითებს (ლიეტუვა).

საბჭოს დამოუკიდებლობა ამ მოდელისთვისაც გადამწყვეტია. რაც შეეხება პარლამენტს, ვენეციის კომისია მისი მონაწილეობის მიზანშეწონილობას საერთო სასამართლოს სისტემის ფორმირებაში ვერ ხედავს.

რაც შეეხება ხალხის მიერ მოსამართლეთა არჩევას, ეს იშვიათი მოდელია. ამომრჩევლების ხმების მოსაპოვებლად ზოგიერთ შემთხვევაში კანდიდატები საარჩევნო კამპანიაში ერთვებიან. არჩევითი მოდელი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინერგა და ზოგიერთ შტატში დღემდე მოქმედებს. მას ბოლივიაშიც შევხვდებით. მოსამართლის პირდაპირი წესით არჩევის საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, რომ: 

 

  • სასამართლოს ინსტიტუციური ბუნება სპეციფიკურია. ის არ არის პოპულისტური ინსტიტუტი და ამდენად, მისი მიზანი არ არის წარმოადგენდეს საზოგადოების უმრავლესობას;
  • სასამართლოს ლეგიტიმაცია მისი პირდაპირი წესით არჩევის გარეშეც მიიღწევა; 
  • რაც შეეხება დამოუკიდებლობას, არჩევითობა არათუ ამცირებს მაგალითად პოლიტიზირების რისკს, არამედ ზრდის გავლენიანი ჯგუფების, მათ შორის, პარტიების, ბიზნესის თუ პოლიტიკური ინტერესების დომინირებას სასამართლოზე.  

 

სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი