პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ეთნიკური უმცირესობების რეალობა საქართველოში
მარტი 12, 2024

ეთნიკურ უმცირესობად  ყოფნა საქართველოში  შეიძლება  ფუფუნებადაც კი მიაჩნდეს საზოგადოების უმრავლესობას, რადგან ფიქრობენ, რომ თავისუფალი თანაბარუფლებიანი მოქალაქეები ვართ და არანაირი განსხვავებული პრობლემა არ გვაქვს. შეიძლება, ზოგიერთი იმასაც ფიქრობს, რომ ,,იმაზე მეტი უფლებებით ვსარგებლობთ, ვიდრე საჭიროა. სინამდვილე კი სრულიად სხვანაირია.

პრობლემები რეგიონებში

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ერთ რეგიონში შეიძლება რამდენიმე პრობლემა ერთიანად იჩენდეს თავს, იქნება ეს შიდა გზების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწყობლობა, ამბულატორიების არარსებობა ან ავარიული მდგომარეობა ან სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის პრობლემები.

ხიდჩატეხილი თვითმმართველობა

ასეთი მწვავე პრობლემების წინაშე მდგარი მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობასაც ვერ მიმართავს, რადგან არ იცის ქართული ენა. მერია არც ეთნიკური უმცირესობის ენაზე იღებს განცხადებას და არც მთარგმნელობითი სერვისით უზრუნველყოფს მათ. მიუხედავად იმისა, რომ  სახელმწიფო ენის შესახებ ორგანულ კანონშიც გვაქვს ჩანაწერი:

,,იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობას.’’

შესაბამისად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეების წინაშე თავიანთ მოვალეობებს არ ასრულებს და თავს იმით იმართლებს, რომ თითქოს მათთვის არავის მიუმართავს ოფიციალურად, ე.ი ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს რაიმე სახის პრობლემა. არ ფიქრობენ იმაზე, რომ თვითმმართველობასა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის უკვე 30 წელია ხიდჩატეხილობაა და ბზარია გაჩენილი. მოქალაქეებსაც უკვე აღარ აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის ნდობა და იმედი.

განათლების საკითხები

უთანასწორო მიდგომა ჩანს განათლების სისტემაშიც, სადაც ეთნიკური უმცირესობის  წარმომადგენელი ბავშვები და ახალგაზრდები დისკრიმინაციის მსხვერპლები ხდებიან. ჩვენთვის ეს დისკრიმინაცია იწყება 3-4 წლის ასაკიდან, როცა ჩვენს რეგიონში 1 საბავშვო ბაღიც არ არის და ბავშვები სკოლამდელი განათლების მიღმა რჩებიან. ზოგადად კი, სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში და  ბევრად უფრო წარმატებულია განათლების შემდგომ ეტაპებზე (სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი და სხვა) და ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ცხოვრებისეულ წინსვლას.

სკოლამდელი განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის შემდეგი გამოწვევა ავარიულ მდგომარეობაში, შესაბამისი კადრების და სახელმძღვანელოების  დეფიციტის წინაშე მდგარი სკოლებია, რომლებიც განათლების  შესაბამისი დონით ვერ უზრუნველყოფს მათ. ზემოჩამოთვლილ გარემოებას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ სტუდენტობის მსურველი ახალგაზრდები 1+4 პროგრამით აბარებენ უნივერსიტეტში, სადაც გადიან 1 წლიან ქართული ენის მოსამზადებელ კურსს, რომლისთვისაც 2250 ლარის გადახდა უწევთ. წარმოიდგინეთ, როგორ უთანასწორო მოპყრობასთან გვაქვს საქმე − საქართველოს მოქალაქე ქართული ენის სწავლისათვის იხდის ფულს.

უსამართლობასთან ბრძოლა და დაბრკოლებები

ბუნებრივია, ამ უსამართლობის წინააღმდეგ ინდივიდები და სამოქალაქო ჯგუფები იბრძვიან და სხვადასხვა  საკითხის დადებითისკენ შეცვლას ცდილობენ, თუნდაც თავიანთ რეგიონში, სოფელში, თემში  და ა.შ.  ეს ბრძოლა რთული და დამქანცველია, რადგან უმეტესწილად გიწევს სახელმწიფო სტრუქტურებთან დაპირისპირება, ისინი კი სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, მაგალითად, დაშინებას ან/და  ზეწოლას. დღესდღეობით, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ადგილებში ძალიან ბევრი საბაზისო პრობლემა მოუგვარებელია.

სიღარიბე და მისი გავლენები

2021 წლის ISSA რაოდენობრივი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვემო ქართლში  მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის 84%-ს საშუალოზე დაბალი შემოსავალი აქვს. ასევე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების 84% ქართული ლიტერატურის კითხვა და ტექსტის შინაარსის გაგება  ძალიან ცუდად ან არ შეუძლია. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მერიაში მთარგმნელობითი სერვისი არ ფუნქციონირებს, მოქალაქეებს არ შეუძლიათ საკუთარი  წუხილების ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიტანა.  მერიას ამ მოქალაქეების მდგომარეობა არც აინტერესებს, თუკი საარჩევნო წელი არ არის.  ადვილი წარმოსადგენია, როგორი მძიმეა ბედის ანაბარა დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა.  არსებულ სიტუაციას ემატება ეთნიკური უმცირესობებისადმი სტერეოტიპები:

,,წლებია საქართველოში ცხოვრობენ და როგორ ვერ ისწავლეს  სახელმწიფო ენა;

,,არ კადრულობენ ქართული ენის სწავლას;

,,თუ არ მოსწონთ წავიდნენ და თავიანთ ქვეყანაში  იცხოვრონ.

იმაზე არავინ ფიქრობს, რომ ჩვენც საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები ვართ და ამ ქვეყანაში ათწლეულები და ასწლეულებია ვცხოვრობთ. დღეს კი არ გვაქვს არც საბავშვო ბაღი და სკოლა, სადაც ენას ხარისხიანად ვისწავლიდით, შესაბამის განათლებას მივიღებდით და არ ვიქნებოდით საქართველოში დაჩაგრულები.

საბოლოოდ, კი

ამ  ყველაფრის მოსაგვარებლად კი ჯერ საჭიროა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოქალაქეებისთვის მთარგმნელობითი სერვისის უზრუნველყოფა, ენობრივი ბარიერის შემსუბუქება და ხიდჩატეხილობის აღმოფხვრა. ხოლო ახალგაზრდა თაობისთვის ბაღების, სკოლების აშენება, შესაბამისი კადრებით უზრუნველყოფა და საჭირო სწავლის მეთოდის  დანერგვა.


ავტორი: რამიდა სარიევა, სტუდენტი

ტექსტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი.


სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზითფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს. 

მასალა მოამზადეს