ევროპის ქვეყნებში გაფიცვა სხვადასხვაგვარად რეგულირდება. თუმცა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დადგენილი საერთო პრინციპების გაზიარების გამო, ბევრია საერთოც. გაფიცვის კანონიერების დადგენა სწორედ მისი რეგულირების თავისებურებებს უკავშირდება.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
- მშრომელთა გაფიცვები კვლავ აქტუალურია, განსაკუთრებით კი სხვადასხვა კრიზისის დროს თუ მის შემდგომ. სანამ საქართველოს შემთხვევას განვიხილავთ, საინტერესოა, ვიცოდეთ, როგორ ესმით ამ უფლების არსი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
ჩვენი კომენტარი
- გაფიცვა ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია, წარმართო სამართლიანი და მნიშვნელოვანი მოლაპარაკება დამსაქმებლებთან, თუმცა გაფიცვის კანონიერების დასადგენად გადამწყვეტია იმის ცოდნა, ვის, როდის და რასთან დაკავშირებით შეუძლია გაფიცვა.
რა უნდა ვიცოდეთ?
ხშირად გაფიცვის უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული. ზოგჯერ გაერთიანების თავისუფლებიდან გამომდინარეობს, ზოგჯერ კი, დეტალური საკანონმდებლო მოწესრიგების არარსებობის გამო, სასამართლო პრაქტიკით რეგულირდება.
უფრო დეტალურად
მაგალითი 1.
გაფიცვა გარანტირებულია და მისი გამოყენების ფარგლები დადგენილია კონსტიტუციით. იგი ასევე ინდივიდუალურ უფლებადაც მიიჩნევა.
მსგავსი მოწესრიგების მაგალითია საფრანგეთი, სადაც
- გაფიცვისთვის დასაქმებულებს პროფკავშირის წევრობა არ სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში გაფიცვა კონსტიტუციითაა გარანტირებული, მისი კანონისმიერი განმარტება არ არსებობს. სამაგიეროდ, ამ მხრივ ძალიან მდიდარია სასამართლო პრაქტიკა და ის, ძირითადად, კერძო სექტორს ეხება;
- გაფიცვა საჯარო მოხელეებისთვის რამდენიმე კანონით რეგულირდება და შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ მათთვის, ვისი საქმიანობის შეწყვეტაც ქვეყანას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.
მაგალითი 2.
ბევრ ქვეყანაში, სადაც პროფკავშირები ძლიერია, გაფიცვის უფლების რეალიზებისთვის შეიძლება გადამწყვეტი იყოს კოლექტიური ხელშეკრულების არსებობა. მაგალითად, შვედეთში, როდესაც ჯერ კიდევ ძალაშია ასეთი ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებზე გაფიცვის უფლება იზღუდება. ეს კი ე.წ. მშვიდობის შენარჩუნების ვალდებულებით აიხსნება.
- შვედეთში გაფიცვის უფლება გაერთიანებების უფლებაა და არა ინდივიდუალური დასაქმებულის, შესაბამისად, გაფიცვის ორგანიზება მხოლოდ გაერთიანებებს შეუძლიათ, მონაწილეობა კი - ყველა დასაქმებულს;
- გაფიცვის კანონიერების განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი სასამართლოს აკისრია, რადგან გაფიცვის კანონისმიერი ზუსტი განმარტება არ არსებობს.
მაგალითი 3.
ILO-ს მიხედვით, გაფიცვის უფლება გაერთიანების თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. ზოგიერთი სახელმწიფოს კონსტიტუციაში გაფიცვის უფლება სწორედ ამ პრინციპით აისახა. თუმცა იგი ინდივიდუალურად, როგორც დასაქმებულების, ისე მათი გაერთიანებების უფლებაა.
- ასეთ რეგულირებას ვხვდებით ფინეთში, სადაც გაფიცვის შესახებ კანონის მწირ განმარტებებს სასამართლოს მიერ დადგენილი კრიტერიუმები ავსებს;
- ფინეთი ნაწილობრივ გავს შვედეთს. შვედეთშიც გაფიცვა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მშვიდობის შენარჩუნების შესახებ შეთანხმებას, რომელიც კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა.
მიუხედავად განსხვავებული წესებისა, სახელმწიფოები სხვადასხვა მასშტაბით, თუმცა ერთმნიშვნელოვნად თანხმდებიან, რომ საჯარო მოხელეების ნაწილისთვის გაფიცვის უფლებით სარგებლობის შეზღუდვა საზოგადოებრივი უსაფრთხოებით, ჯანმრთელობის ან სიცოცხლის დაცვით მართლდება. გამონაკლისი არც ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებია.