პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
გარდამავალი მართლმსაჯულების მოდელები და გამოცდილება
ივლისი 12, 2023

გარდამავალი მართლმსაჯულების კონცეფცია გასული საუკუნის ბოლოს, ავტორიტარული რეჟიმების რღვევის ფონზე განვითარდა. ამ პროცესს ლათინურ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში დაწყებულმა პოლიტიკურმა გარდაქმნებმა შეუწყო ხელი.  სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ გარდამავალი მართლმსაჯულების გამოცდილებას ზემოთ აღნიშნული რეგიონების მაგალითზე.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა

საქართველოში გარდამავალი მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობა ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებული გამოცდილების კვლევასა და ანალიზს მოითხოვს. ეს დაგვეხმარება, ვიცოდეთ, როგორ გამოიყენება, რა ვითარებაში მოქმედებს და როგორ შედეგებს აღწევს ის.

ჩვენი კომენტარი 

გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენება საზოგადოებას წარსულის გადალახვასა და ძალადობრივი რეჟიმისგან მიყენებული ტრამვების მოშუშებაში უწყობს ხელს. ის მსგავსი გამოცდილების მქონე ქვეყნებს ავტორიტარულიდან მართვის დემოკრატიულ მოდელზე გადასვლაში ეხმარება. 

ლათინური ამერიკის პრაქტიკა 

ლათინურ ამერიკაში გარდამავალი მართლმსაჯულების იდეა გვატემალას, ჩილეს, არგენტინასა და კოლუმბიაში მრავალწლიანი კონფლიქტების, სამხედრო დიქტატურის, დაუსჯელობის ფონზე ჩამოყალიბდა. რეგიონს ამ ინსტრუმენტების გამოყენების ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვსსწორედ იქ შეიქმნა მისი ბევრი მექანიზმი. მათ შორის, სიმართლის დამდგენი კომისიები. ის პირველად არგენტინაში გამოიყენეს, სამხედრო დიქტატურის დროს (1976-1983) ადამიანთა მასობრივი გაუჩინარების ფაქტების მოკვლევისათვის. 

ლათინური ამერიკის ისტორიაში სამართლიანობის აღსადგენად ხშირია სისხლისსამართლებრივი დევნის, ადამიანის უფლებათა ტრიბუნალების, მსხვერპლთა დაცვისა და კომპენსაციის პრაქტიკაც. ეს მექანიზმები ყველგან თანაბრად წარმატებული არ ყოფილა. თუმცა თითოეულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ინსტიტუციური საქმიანობის შესაცვლელად და გასაუმჯობესებლად. ამ კუთხით გამორჩეულია არგენტინის გამოცდილება. ქვეყანამ, საფუძვლიანი კონსტიტუციური რეფორმის მეშვეობით, სამხედრო დიქტატურიდან დემოკრატიული მმართველობაზე გადასვლა შეძლო. 

აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილება  

ლათინურ ამერიკაში რეჟიმის გარდაქმნას სწრაფად მოჰყვა ცვლილებები აღმოსავლეთ ევროპაშიც. მის დიდ ნაწილს კომუნისტურ რეჟიმთან მოუწია გამკლავება. აღმოსავლეთ ევროპაში გარდამავალი მართლმსაჯულება არ ყოფილა იმგვარად მასშტაბური, როგორც ლათინურ ამერიკაში. თუმცა, პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობის მქონე რამდენიმე ქვეყანას მაინც ჰქონდა მისი ცალკეული ელემენტის გამოყენების მცდელობა. მათ შორის: პოლონეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, ყოფილ ჩეხოსლოვაკიას

ამ ქვეყნებში ნაკლებად გვხვდება სამართლის დამდგენი კომისიების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან ტრიბუნალების პრაქტიკა. სამაგიეროდ, ხშირია ლუსტრაციის შესახებ კანონმდებლობის გამოყენების შემთხვევა. ლუსტრაციის მიზანია, გამოავლინოს ძალადობრივ სისტემებთან დაკავშირებული ჯგუფები და აუკრძალოს მათ საჯარო თანამდებობის  დაკავება. გამონაკლისია აღმოსავლეთ გერმანია და რუმინეთი. 

გერმანიაში 1961 წელს კედლის აღმართვისას, უამრავი ადამიანი ცდილობდა ქვეყნის მეორე მხარეს მოხვედრას. საზღვრის კვეთის დროს დაახლოებით 450 პირი მოკლეს. მოგვიანებით გერმანიამ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ეს ქვეყანა იყო პირველი რეგიონში, რომელმაც სიმართლის დამდგენი კომისია შექმნა 1992 წელს, რათა გაეანალიზებინა კომუნისტური მმართველობის ისტორია და მისი შედეგები. 2006 წელს იდენტური მექანიზმი რუმინეთში შეიქმნა. მისი მიზანიც კომუნისტური დიქტატურის და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების შესწავლა იყო. 

მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისისამხრეთ კავკასიის რეგიონის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებშიინკლუზიური და კონსენსუალური პოლიტიკური გარემოს მხარდაჭერა საქართველოში“. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი