პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
გავალიანების ისტორია საქართველოში
ივნისი 26, 2023

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა. დაჩქარებული მარკეტიზაციის პროცესი, პოლიტიკური ქაოსისა და ომების ფონზე, მეტად მტკივნეული აღმოჩნდა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისათვის. 

ძველი სტრუქტურების უცაბედმა მოშლამ, ისე, რომ ახალი ინსტიტუტები ჯერ ჩამოყალიბებული არ იყო, და ეკონომიკური საქმიანობის სრულმა კრახმა, გააუარესა საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური ყოფა. 

უმუშევრობის, სიღარიბის და შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არც ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გაუმჯობესებულა. თუმცა ამ დროიდან გაიზარდა მოსახლეობის ხელმისაწვდომობა კრედიტზე და შინამეურნეობებმა მათი საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სესხებს მიმართეს. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში ჭარბვალიანობის ისტორიისთვის თვალის მიდევნება მნიშვნელოვანია,  რადგან ბოლო წლებშიც შინამეურნეობების სესხების მოცულობა მზარდია. ეს ნიშნავს, რომ შინამეურნეობების ვალი იზრდება. მაგალითად, თუ 2012 წელს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ჯამური მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 15-16%-ს შეადგენდა, 2022 წლისთვის ეს მაჩვენებელი 40%-ს გაუტოლდა. 

ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა საპენსიო სესხის პრობლემაც, რადგან საქართველოში პენსიონერთა ნახევარს სასესხო ვალდებულება აქვს, ძალიან მაღალი პროცენტით და გაუგებარი ან მცდარი სახელშეკრულებო პირობებით. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, როგორია გავალიანების ისტორია საქართველოში და რა საფრთხეები არსებობს ამ კუთხით.   

ჩვენი კომენტარი

ჭარბვალიანობის ძირითადი მიზეზები ზოგად მძიმე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობასა და მარეგულირებელი ჩარჩოს სისუსტეს უკავშირდება. პირად პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც მოიაზრებს, რომ მსესხებელმა თავად უნდა იცოდეს, რისი გადახდის საშუალება აქვს, და პასუხიც თავადვე უნდა აგოს (რაც ხშირად ერთადერთი საცხოვრებლის დაკარგვით და გამოსახლებით მთავრდება), ადამიანის  უფლებებს უგულებელყოფს და სახელმწიფოს არიდებს პასუხისმგებლობას მოქალაქეების მიმართ.  

რა უნდა ვიცოდეთ?

ვარდების რევოლუციის შემდეგ არსებული პოლიტიკა მიმართული იყო, ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის დასუსტებისკენ და, მეორე მხრივ, კომერციული საბანკო სისტემის გაძლიერებისკენ, დერეგულაციის გზით. ამ გარემოებამ ბანკებს საშუალება მისცა, თავად დაეწესებინათ თამაშის წესები, საპროცენტო განაკვეთისა და გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე გაეცათ სესხები უზრუნველყოფის (იპოთეკა/გირავნობა) სანაცვლოდ, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი მოსახლეობის ვალზე დამოკიდებულებას, გაკოტრების რისკის ზრდას და ვალდებულებით დატვირთული მათი უკანასკნელი საცხოვრებლის დაკარგვას.

საქართველოში საკრედიტო ბუმი 2005 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც საბანკო სექტორში უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, ბანკებს ჭარბი ფული გაუჩნდათ და უფრო თამამად დაიწყეს ფულის გასესხება შინამეურნეობებზე, უზრუნველყოფის სანაცვლოდ. სესხის უზრუნველყოფად ბანკები, ძირითადად, საცხოვრებელს მოითხოვდნენ, რადგან ეს უკანასკნელი უსაფრთხო უზრუნველყოფადაა მიჩნეული. პროცესების პარალელურად, დრამატულად გაიზარდა ფასები უძრავი ქონების ბაზარზე, შესაბამისად, მოიმატა მოთხოვნამ იპოთეკურ სესხებზეც, რადგან საცხოვრებლის შეძენა კრედიტის გარეშე შეუძლებელი გახდა. საკრედიტო ბუმმა და მოსახლეობის გავალიანების დონის ზრდამ ჭარბვალიანობის პრობლემა გამოიწვია და ათასობით მსესხებელმა დაკარგა უკანასკნელი საცხოვრისი.

უფრო დეტალურად:

მიუხედავად ბოლო წლებში რეგულაციების გამკაცრებისა, კომერციული ბანკები კვლავ დიდი ძალაუფლებით სარგებლობენ (რაც ნათლად ჩანს თუნდაც საპენსიო სესხების ხელშეკრულებების ანალიზიდან). აღმოუფხვრელი რჩება ის სოციო-ეკონომიკური პრობლემებიც, რომლებიც მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხის აღებას აიძულებს საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინო ხელაძე
ნინო ხელაძე
ავტორი
ია ერაძე
ია ერაძე
რედაქტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი