პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
გლობალიზაცია და ადამიანის უფლებების კრიტიკული გააზრება

გავრცელებული აზრით, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის მიზეზები სახელმწიფოს კონკრეტული პოლიტიკა, გაუმართავი ინსტიტუტები, პოლიტიკური ლიდერების ქმედებები, და სხვა მსგავსი ინდივიდუალური თუ ინსტიტუციური ჩავარდნებია. ასე დასმული პრობლემა ითარგმნება ისეთ გამოსავლებში, როგორიცაა საკანონმდებლო რეფორმა, ინსტიტუტების გაძლიერება, ანგარიშვალდებულების, გამჭირვალობის და კარგი მმართველობის სხვა პრინციპების, ან პრაქტიკის დანერგვა და ა.შ.

მაგალითად, როცა საქართველოში შრომითი უფლებების მასობრივ დარღვევაზე საუბრობენ, ხშირად, გამოსავლად სამართლებრივ გარანტიებს და ძლიერ საზედამხედველო ორგანოს სახავენ. მაშინ, როცა უყურადღებოდ რჩება ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიც მშრომელთა ორგანიზებისა და მშრომელთა მოწყვლადობის პრობლემებია. ისინი კი, გამომდინარეობს ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურიდან, სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკიდან, სოციალური დაცვის სისტემის ჩავარდნებიდან და სხვა მსგავსი სტრუქტურული ფაქტორებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, გლობალურ ეკონომიკურ წესრიგს უკავშირდება.

უფლებების მასობრივი დარღვევაც შეგვიძლია, დავუკავშიროთ საქართველოს როგორც პერიფერიული ქვეყნის დამოკიდებულებას უცხოურ კაპიტალზე. ეს აიძულებს სახელმწიფოს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად, საკუთარ თავზე აიღოს საინვესტიციო პროექტის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური რისკი და ხარჯი. ბუნებრივი რესურსების განკარგვის პროცესში გარემოსდაცვითი უფლებების დარღვევა და რეპრესიული პრაქტიკა, სრულყოფილად ვერ აიხსნება სტრუქტურული ფაქტორების გათვალისწინების გარეშე. ამის კარგი მაგალითია ნამახვანჰესის პროექტის და მის გარშემო განვითარებული პროცესები.

ამას გარდა ადამიანის უფლებების გავრცელებულ ხედვას აქვს პოტენციალი გააბუნებრივოს სტრუქტურული ფაქტორები და სისტემური ლოგიკა -  იმით, რომ ფოკუსირდეს „სიმპტომებზე“ და არა საკუთრივ „დაავადებაზე“ - და, შესაბამისად, ხელი შეუწყოს მათ კვლავწარმოებას.

მაშ, როგორ განსაზღვრავს გლობალური პროცესები ლოკალურ ჩაგვრას და უფლებების დარღვევას? არის თუ არა შესაძლებელი, და თუ არის, როგორ, უფლებების სახელით სტრუქტურულ პრობლემებზე საუბარი და მათთან დაპირისპირება?

მიმოხილვის ავტორი:

კოტე ერისთავი


დოკუმენტი მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში „ტრანსფორმაციული აკადემია: კრიტიკული სამართლებრივი თეორიის მეინსტრიმინგი საზოგადოებრივი სამართლიანობისთვის“. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს