მზარდი ინფლაცია მრავალშრიანი ფენომენია, რომელიც უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. საქართველოში გაზრდილი ინფლაციის გამომწვევი მიზეზების გარკვევა მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკოსებისა და ეკონომისტებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის.
წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს, ნათელი მოჰფინოს იმ მიზეზებს, რომლებიც მიმდინარე (2021-2023) ინფლაციას განაპირობებს საქართველოში.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ფასების მატება საქონელსა და მომსახურებაზე პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ინფლაციის გამომწვევი მიზეზების დადგენას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის წინააღმდეგ ბრძოლის სწორი მექანიზმების შესარჩევად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური ბანკის პოლიტიკა შეიძლება არაეფექტური და ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდეს.
ჩვენი კომენტარი:
საქართველოში 2021-2023 წლებში გაზრდილი ინფლაცია ერთმანეთისაგან განსხვავებულ მიზეზებს უკავშირდება. ფასების მატებას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსგავსი მონეტარული პოლიტიკით - რეფინანსირების განაკვეთის თანდათანობით გამკაცრებით - უპასუხა, რაც თანაბრად ეფექტური ვერ იქნება სხვადასხვა მიზეზით განპირობებულ ინფლაციასთან გასამკლავებლად. მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მხოლოდ მოთხოვნის შემცირების ხარჯზე მუშაობს. ის არაეფექტურია, თუ ინფლაცია მოწოდებითა და სტრუქტურული პრობლემებით არის გამოწვეული.
რა უნდა ვიცოდეთ:
აუცილებელია, ინფლაციის გამომწვევ მიზეზებს შორის გაიმიჯნოს მოთხოვნის და მოწოდების მხარეები. მოთხოვნის ზრდა საქონელსა და მომსახურებაზე, რომელსაც მიწოდება ვერ აკმაყოფილებს, ფასების ზრდას განაპირობებს. მიწოდების მხარეს კი ინფლაცია შესაძლოა განაპირობოს წარმოების დანახარჯების გაზრდამ ან მიწოდების ჯაჭვების რღვევამ საგარეო შოკების შედეგად. ასეთი შოკებია, მაგალითად, ომები, პანდემია ან ბუნებრივი კატასტროფები.
რამ გამოიწვია ინფლაცია:
- 20 წლიანი დაბალი ინფლაციის შემდეგ, 2021 წლის მეორე ნახევრიდან, გლობალური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი ჯერ 6.4% და შემდეგ 9.1% გახდა;
- თავდაპირველად გლობალური ფასების მკვეთრი ზრდა პანდემიით გამოწვეული მოწოდების ჯაჭვების შეფერხებასთან იყო დაკავშირებული;
- შესაბამისად, კოვიდ-რეგულაციების მოხსნას ფასების დასტაბილურება უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ 2022 წლის დასაწყისში, რუსეთ-უკრაინის ომისა და რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების გამო, მოწოდების ჯაჭვები კიდევ უფრო მოიშალა;
- სურსათის ფასებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ხოლო ნავთობის ფასებმა - მრავალი წლის უმაღლეს ნიშნულს.
რადგან საქართველო სურსათის და საწვავის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, 2021-2022 წლებში გაზრდილ ინფლაციაში სწორედ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდამ შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი (დიაგრამა N1).
იმპორტირებული ინფლაცია უცხოეთიდან შემოტანილი საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის შედეგად წარმოქმნილ ინფლაციას გულისხმობს. როდესაც იმპორტირებული საქონლის ფასები იზრდება, ეს იწვევს მომხმარებლისა და ბიზნესის ხარჯების ზრდას, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში ფასების საერთო დონის ზრდას უწყობს ხელს.
დიაგრამა N1-დან ირკვევა, რომ იმპორტირებული ინფლაცია მცირდება 2022 წლის მეორე ნახევრიდან, მაგრამ ადგილობრივი ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზეა. ეს, ერთი მხრივ, სურსათის (ხორცი, ყველი, პური), ხოლო, მეორე მხრივ, მომსახურების გაძვირებას უკავშირდება.
მომსახურების სფეროში გზრდილი ფასები ქვეყანაში უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგია, საიდანაც გამოსარჩევია ბინის ქირის, კაფეებისა და რესტორნების გაძვირება.
შესაჯამებლად:
საქართველოში 2021 წლიდან დღემდე განვითარებული ინფლაციური წნეხი საწყის ეტაპზე, ძირითადად, იმპორტირებულ ინფლაციას (კოვიდს და რუსეთ-უკრაინის ომს), ანუ მოწოდების მხარის ფაქტორებს, უკავშირდებოდა.
2022 წლის მეორე ნახევრიდან საქონელსა და მომსახურებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ იჩინა თავი. ეს კი რუსეთიდან და ბელორუსიიდან შემოსული იმიგრანტების ხარჯების ზრდას უკავშირდება.