პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
იურიდიფიკაცია და მართლმსაჯულების სისტემის ლეგიტიმაცია

სასამართლოს მთავარი იარაღი გადაწყვეტილებაა. მისი ძალაუფლება კი ამ გადაწყვეტილების მიმართ ხალხის ნდობას და აღიარებას ეფუძნება. სწორედ ამას გულისხმობს ლეგიტიმაციის იდეაც – უფლებამოსილებას, რომ იმოქმედო და ამ უფლებამოსილების ცნობას სხვების მხრიდან.

რა უქმნის საფრთხეს სასამართლოს ლეგიტიმაციას?

სასამართლოსა და ხალხს, როგორც ერთიან პოლიტიკურ სხეულს შორის სპეციფიკური კავშირი არსებობს. სასამართლო ხელისუფლების ის შტოა, რომელიც უმეტეს შემთხვევებში პირდაპირი წესით არ აირჩევა. ის კომპლექტდება პროფესიული და პოლიტიკური პროცესების ერთობლიობით. ხალხის გავლენა სასამართლოს დაკომპლექტებაზე არაპირდაპირია. რა თქმა უნდა, ეს არ აკნინებს სასამართლოს ლეგიტიმაციას. თუმცა, ითვლება, რომ ხელისუფლების სხვა შტოებისგან განსხვავებით, სასამართლოს უფრო მეტად უდგას „ლეგიტიმაციის ეროზიის“ საფრთხე, რადგან მას არ შეუძლია ნდობის კრიზისს და ხალხში არსებულ უკმაყოფილებას ხელახლა არჩევით და ლეგიტიმაციის განახლებით უპასუხოს.

რას ეფუძნება სასამართლოს ლეგიტიმაცია?

თუკი, წარსულში სასამართლოს გადაწყვეტილებას ავტომატურად ასრულებდნენ ისე, როგორც „პაციენტი მიყვება ექიმის დანიშნულებას“, ეს დამოკიდებულება დროთა განმავლობაში შეიცვალა. სასამართლოსთვის დამახასიათებელი საკრალურობა ლეგიტიმაციისა და ნდობის მოპოვების კომპლექსურმა ცნებებმა ჩაანაცვლა. დღეს სასამართლოს ლეგიტიმაცია, მის სპეციფიკურ ბუნებასა და როლთან ერთად, დარგობრივი, პროფესიული ექსპერტიზისა და დემოკრატიული, სახალხო ლეგიტიმაციის ერთობლიობას ეფუძნება. 

რამ გამოიწვია ეს ცვლილება?

დროთა განმავლობაში,  სამართალი და მართლმსაჯულება შეიჭრა მანდამდე სრულიად პოლიტიკურად მიჩნეულ დარგებში, რამაც მართლმსაჯულებას დაქვემდებარებული საკითხების წრე მნიშვნელოვნად გააფართოვა და შეცვალა ბალანსი პოლიტიკურ და სამართლებრივ სფეროებს შორის. ტერმინი „იურიდიფიკაცია“ სწორედ ამ პროცესს აღწერს.

რაში გამოიხატება იურიდიფიკაცია?

იურიდიფიკაციის შედეგად პოლიტიკურ პროცესს ბიუროკრატიული პროცესი ანაცვლებს, არჩევით ინსტიტუტებს არაარჩევითი ორგანოები ენაცვლებიან, საერთო, კოლექტიური წუხილი კი ინდივიდუალურ იურიდიულ კაზუსად ითარგმნება. იურიდიფიკაციის პროცესის ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი შეზღუდული სახელმწიფოს კონცეფციაა, რომელშიც ლიბერალური სამართლის დოქტრინა ცდილობს „ატომიზებულ ინდივიდებს შორის გარდაუვალი კონფლიქტების“ მოაგვაროს. შეზღუდული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელია რესურსებისა და საჯარო სერვისების პრივატიზაცია, მზარდი კონკურენცია, რომელიც თავის მხრივ მუდმივად აწარმოებს გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს. ეს კი ზრდის სოციალურ უკმაყოფილებას. იურიდიფიკაცია სწორედ ამგვარ უკმაყოფილებასთან გამკლავების, მისი განეიტრალების საშუალებაა, რასაც  „კონფლიქტის ექსპროპრიაცია“ შეიძლება ეწოდოს.

რა უნდა გავითვალისწინოთ?

იურიდიფიკაციას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა უმრავლესობის ძალაუფლების შეზღუდვაში, ისევე როგორც არაერთი უფლების, მათ შორის, სოციალური უფლებების კონსტიტუციონალიზების პროცესშიც. თუმცა, პოლიტიკასა და სამართალს შორის ბალანსის არსებით რღვევას უარყოფითი შედეგებიც შეიძლება მოჰყვებს. ასეთია მაგალითად, ხალხის გაუცხოება პოლიტიკისგან, პროცესების უკიდურესი ბიუროკრატიზაცია და საბოლოოდ საკითხთა დეპოლიტიზირება, რაც ართულებს ხალხის ორგანიზებას და კოლექტიურ მოქმედებას.

მიმოხილვის ავტორი:

სოფო ვერძეული


დოკუმენტი მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში „ტრანსფორმაციული აკადემია: კრიტიკული სამართლებრივი თეორიის მეინსტრიმინგი საზოგადოებრივი სამართლიანობისთვის“. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

 

მასალა მოამზადეს
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი