პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ჯანდაცვაზე საყოველთაო წვდომის იდეა

ჯანმრთელობა ღირსეული ცხოვრების, საზოგადოების განვითარებისა და კეთილდღეობის საზომია. მასზე ზრუნვა სცდება ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებს და სახელმწიფოს ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის ისეთი სისტემის შექმნას ავალებს, რომელიც საზოგადოების ყველა ჯგუფს მისწვდება.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნა მზარდია. იზრდება დაფინანსებაც, მაგრამ მოსახლეობის მიერ გაღებული ხარჯი (ე.წ. ჯიბიდან გადახდები) კვლავ მაღალია. პრობლემის გლობალურ მასშტაბს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2023 წლის ანგარიშიც აჩვენებს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო სერვისებზე გაწეული ხარჯებმა 344 მილიონი ადამიანი უკიდურესად გააღარიბა.

ჩვენი კომენტარი

საზოგადოების ყველა ჯგუფს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ჯანდაცვის ისეთ სისტემაზე, რომელიც იზიარებს სოციალური კეთილდღეობის, სამართლიანობის და სოლიდარობის პრინციპებს და ამავე დროს, სიღარიბისგან დაცვის საშუალებაა.

ადამიანის უფლება ჯანმრთელობაზე

ადამიანის უფლება ჯანმრთელობაზე გულისხმობს წვდომას ჯანმრთელობის დაცვის უმაღლეს შესაძლო სტანდარტზე, რომელიც საჭიროა მისი ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობისთვის. უმაღლეს შესაძლო სტანდარტზე წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის პრინციპს ეფუძნება. საყოველთაო ხელმისაწვდომობა გამორიცხავს, რომ სამედიცინო ხარჯები პირისთვის განსაკუთრებით მძიმე ფინანსური ტვირთი იყოს, რომელსაც მხოლოდ ე.წ. ჯიბიდან გადახდის მეთოდით, სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე, დაფარავს. ჯანდაცვაზე საყოველთაო წვდომის უფლების არსებითი ელემენტია მასზე ინფორმაციული და ფიზიკური ხელმისაწვდომობაც.

საქართველოს კონსტიტუცია ჯანმრთელობის უფლების შესახებ

სოციალურ სახელმწიფოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მოდელი საზოგადოების ყველა ჯგუფს თანაბრად ხელმისაწვდომ, ხარისხიან და სანდო სამედიცინო მომსახურებას უნდა სთავაზობდეს. საქართველო სოციალური სახელმწიფოა, რომელიც ჯანმრთელობის უფლების კონსტიტუციურ რანგში აყვანით, იღებს ვალდებულებას, საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპით და რესურსების მაქსიმალური მობილიზებით, შეიმუშაოს სწორედ ასეთი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა.

რა გამოწვევა აქვს ჯანდაცვაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობას?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აფასებს სამედიცინო სერვისებზე საყოველთაო წვდომის პროგრესს, 2023 წლის ანგარიშში ამბობს, რომ პროცესის შენელების მასშტაბი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საყოველთაო ჯანდაცვის, როგორც მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევას 2030 წლისთვის. სახელმწიფოებს კი პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს, რომელიც ჯანდაცვის პოლიტიკის/სისტემის ერთ-ერთი საკვანძო რგოლია. საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ფუნქციონირებაზე მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ.


სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი