პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მოსახლეობის პრობლემები სოფელ შაუმიანში
მარტი 12, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი შაუმიანი ეთნიკური სომხებით  კომპაქტურად არის დასახლებული (დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 3000 ადამიანი). როგორც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს სხვა ადგილებშიც, სოფელ შაუმიანშიც მწვავედ დგას ინტეგრაციის პრობლემა, რომელიც სხვადასხვა კუთხით ვლინდება. ამ ყველაფრის საფუძველია ქართული ენის არცოდნა, რომელიც უბრალოდ ენის ცოდნის პრობლემა არაა − იგი სცდება მის საზღვრებს და მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას.

რა იწვევს ქართული ენის სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებს?

შაუმიანში ენობრივი ბარიერი სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული, რომელთაგანაც გამოვყოფდი რამდენიმეს:

  1. ენობრივი ბარიერი სოფელ შაუმიანის ზრდასრულ მოსახლეობაში გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ ისინი დაბადებულნი არიან საბჭოთა კავშირში, განათლებაც ამ პერიოდში აქვთ მიღებული და სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან საკომუნიკაციოდ ხშირად რუსულს იყენებდნენ, ქართული კი მათ არ სჭირდებოდათ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, როცა უკვე ქართული გახდა  საერთო საკომუნიკაციო ენა, წარმოიშვა ენობრივი ბარიერის პრობლემა, რომელსაც მოჰყვა უკვე სხვადასხვა გამოწვევა.
  2. რაც შეეხება ახალგაზრდა თაობას, გამოვყოფდი ორ პერიოდს − „1+4 პროგრამის“ შექმნამდე და მისი შექმნის შემდეგ. „1+4 პროგრამის“ შექმნამდე, შაუმიანის ახალგაზრდები სკოლის დამთავრების შემდეგ, უფრო ხშირად ტოვებდნენ საქართველოს და სასწავლებლად სომხეთში ან რუსეთში მიდიოდნენ, რაც რა თქმა უნდა, დიდი პრობლემა იყო. ეს კიდევ უფრო მეტად უშლიდა ხელს ინტეგრაციას.
  3. 2010 წლიდან მოყოლებული, ,,1+4 პროგრამის“ ამოქმედების შემდეგ, უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა რჩება საქართველოში და ამ პროგრამის მეშვეობით აბარებს უმაღლეს სასწავლებელში. ეს პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები ერთი წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ, 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში, აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე. შესაბამისად, ბოლო წლებში ახალგაზრდა თაობაში შეინიშნება დადებითი ტენდენციაც ქართული ენის ცოდნის კუთხით, თუმცა ცალკე მსჯელობის საგანია, რამდენად საკმარისია 1 წელი ქართული ენის სრულყოფილად შესასწავლად.
  4. ენობრივი ბარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია სოფელ შაუმიანში ეთნიკური სომხების კომპაქტური დასახლებაც. მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში ისწავლება ქართული ენა, რომლის ხარისხზეც ქვემოთ ვისაუბრებ, აქ მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა, ილაპარაკოს და გამოიყენოს მიღებული ცოდნა ყოველდღიურ ურთიერთობებში. ამის მიზეზია ის, რომ შაუმიანის გარშემო აზერბაიჯანულენოვანი სოფლებია, უშუალოდ მუნიციპალიტეტშიც უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან.
  5. სკოლებში ქართული ენის სწავლების ხარისხიც პრობლემურია. სოფელ შაუმიანში სულ 3 საჯარო სკოლაა − ორი სომხურენოვანი და ერთი კი რუსულენოვანი. ამ სკოლებში ქართული ისწავლება, როგორც მეორე ენა. შესაბამისად, ახალგაზრდები 12 კლასის დამთავრების შემდეგ სრულყოფილად არ ფლობენ ქართულს. ჩემი აზრით, აქ დიდ როლს თამაშობს წიგნებიც, რომლითაც ისწავლება ქართული. თუმცა, უკვე წლებია „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ქართველი მასწავლებლებიც გვყავს, რომლებიც დიდ ძალისხმევას დებენ სიტუაციის შესაცვლელად.

დევნილები შაუმიანში

სოფელ შაუმიანში ცხოვრობენ 2008 წლის ომის დროს დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილები, რომელთა ჩამოსახლების შემდეგ, რუსულ სკოლაში გაიხსნა ქართული სექტორიც და ის დღემდე მოქმედებს. ამის შემდეგ ბოლო წლებში რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ეთნიკურ სომხებს ბავშვები მიჰყავთ არა რუსულ სექტორში ან სომხურენოვან სკოლაში, არამედ ქართულ სკოლაში. ასევე, დევნილთა დასახლებაში მოქმედებს ქართულენოვანი საბავშვო ბაღიც, სადაც ასევე ბოლო წლებია უკვე შაუმიანიდანაც დადიან ბავშვები და საბავშვო ბაღის ასაკიდან ნელ-ნელა ეუფლებიან ქართულს.

ამ ყველაფრის და დევნილებთან ჰარმონიული თანაცხოვრების მიუხედავად, მათი ჩამოსახლების შემდეგ, დიდი ცვლილება ენის ცოდნის გაუმჯობესების კუთხით, სამწუხაროდ, არ შეინიშნება. ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დევნილები კომპაქტურად მხოლოდ ერთ უბანში (საბჭოთა კავშირის დროს მოქმედ ე.წ. სამხედრო ქალაქში) ცხოვრობენ, რომელიც შედარებით დაშორებულია შაუმიანის დანარჩენ ტერიტორიას. ამდენად, მოსახლეობას შორის მჭიდრო კომუნიკაცია ნაკლებადაა. თუმცა, ამ დევნილთა დასახლებაში მოქმედებს „შაუმიანის სათემო განათლების ცენტრი“ და აქ სხვა კურსებთან ერთად, უფასოდ ტარდება ქართული ენის გაკვეთილებიც. მას შაუმიანის სომხურენოვანი ახალგაზრდებიც ესწრებიან სახელმწიფო ენის შესასწავლად. მეც 4 თვის მანძილზე აქ დავდიოდი ქართველ მასწავლებელთან (რომელიც ასევე დევნილი იყო). ის სრულიად უსასყიდლოდ მასწავლიდა ქართულს და დღემდე მადლიერი ვარ, მისი წვლილი ჩემს ინტეგრაციაში განუზომელია.

უმუშევრობა, მიგრაცია და მძიმე შრომა საზღვარგარეთ

შაუმიანის მოსახლეობას წლებია სხვა გამოწვევაც აწუხებს. ერთ-ერთი დიდი პრობლემაა უმუშევრობაა. ქალების მცირე ნაწილია დასაქმებული სკოლებსა და სომხურენოვან საბავშვო ბაღში, კაცები კი ხშირად იძულებულნი არიან შრომით მიგრაციაში წავიდნენ. ისინი ძირითადად მიდიან რუსეთში და ბოლო წლებია უკვე პოლონეთშიც, სადაც მძიმე სამუშაო პირობებში უწევთ მუშაობა გაზაფხულის დადგომიდან გვიან შემოდგომამდე. გარდა ამისა, ოჯახის რჩენის ერთ-ერთი გზა − სომხეთიდან საქართველოს გავლით დიდი სატვირთო მანქანებით ხილ-ბოსტნეულის გადატანა და რუსეთში ვაჭრობაა, რაც ასევე, დიდ ძალისხმევას და რესურსს საჭიროებს. შაუმიანში მოსახლეობის მცირე ნაწილი მისდევს მესაქონლეობას და სოფლის მეურნეობას.

ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

ენის არცოდნის გამო ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა თვალშისაცემია. ინფორმაციულ ვაკუუმში დარჩენილი შაუმიანის მოსახლეობა ვერ იღებს სანდო ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ხშირად ხდება პროპაგანდის მსხვერპლი, განსაკუთრებით რუსული ტელეარხების გზით.

საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობა

შაუმიანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის მაჩვენებელი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბალია, ისინი პოლიტიკურად იზოლირებულნი არიან. ქართული ენის არცოდნა არის ბარიერი, რომ ხმამაღლა ისაუბრონ და ხმა მიაწვდინონ ადგილობრივ ხელისუფლებას თავიანთ პრობლემებზე.

ჯანდაცვის უფლება

დღევანდელ რეალობაში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის უფლებაც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, ეს ადამიანების ფუნდამენტური უფლებაა. თუმცა, არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის, რომელიც ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, გართულებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.  ეს პრობლემა განსაკუთრებით უდგას ასაკოვნებს,  რომლებმაც არ იციან ქართული ენა. შესაბამისად, ისინი მეტწილად იზოლირებულნი რჩებიან და ექიმთან უჭირთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ახსნა, რაც პოტენციურ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.

საბოლოოდ,

ნათელია ენობრივი ბარიერის პრობლემის აქტუალობა, ამით გამოწვეული პრობლემები კი ართულებს ეთნიკური უმცირესობების ცხოვრებას სოფელ შაუმიანში. სახელმწიფო ენის ცოდნა არის ინტეგრაციისა და სოციალიზაციის საწინდარი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღების დათმობა შაუმიანის ეთნიკური უმცირესობებისთვის, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან.

ენობრივი ბარიერის მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანია შაუმიანის სპეციფიკურ საჭიროებებსა და კულტურულ ნიუანსებზე მორგებული სათემო ენობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება. ეს პროგრამები შეიძლება მოიცავდეს როგორც ენის კურსებს, ასევე სასაუბრო კლუბებს და კულტურულ გაცვლის ღონისძიებებს. სოფელ შაუმიანში მცხოვრებ დევნილ ქართველებთან თანამშრომლობით, მათი ჩართვით ამ პროგრამებში, უფრო მარტივად მოგვარდება ეს პრობლემა.


ავტორი: ედიკ კამალიანი - პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

ტექსტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი.


სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზითფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს. 

მასალა მოამზადეს