პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ოფშორის ოფშორი საქართველოში – რას ნიშნავს ბოლო ცვლილებები?
აპრილი 23, 2024

საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 19 აპრილს მესამე მოსმენით მიიღო კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 145-ე ნაწილს დატება 146-ე ნაწილი, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე, ე.წ. ოფშორული ქვეყნებიდან საქართველოში აქტივების მოზიდვას ემსახურება.  

რატომ უნდა მაინტერესებდეს? 

საქართველოში უკვე არსებობს ათასობით კომპანია, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად არის შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებში რეგისტრირებული. 2021 წელს ასეთი 3200 კომპანია აღირიცხებოდა, რომელთა შორის არის მნიშვნელოვანი კომპანიები ინფრასტრუქტურის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და ენერგეტიკის დარგში. 2028 წლამდე ახალი კომპანიების დაფუძნების შესაძლებლობა კი უფრო ფართო დიაპაზონს ხსნის ოფშორულ ქვეყნებში დარეგისტრირებული ნებისმიერი პირისთვის, გადმოიტანოს მისი აქტივები საქართველოში შეღავათიანი საგადასახადო პირობებით.  

ჩვენი კომენტარი 

ეს ცვლილებები საქართველოსთვის წარმოადგენს ისეთ რისკებს, როგორებიცაა: 

  • არალეგალური კაპიტალის შემოსვლა ქვეყანაში; 
  • ფულის გათეთრება; 
  • ტერორიზმის დაფინანსების კონტროლი; 
  • რყევები საბანკო სექტორში; 
  • ფასების მომატება, განსაკუთრებით უძრავი ქონების ბაზარზე; 
  • სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავება; 
  • კორუფციის დონის მომატება; 
  • კონკურენციის დარღვევა ადგილობრივ ბაზარზე; 
  • საზოგადოების ნდობის შემცირება სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ; 
  • საერთაშორისო საზოგადოების ნდობის შემცირება საქართველოს მიმართ, რეპუტაციული რისკი.  

დეტალურად ცვლილებების შესახებ: 

ოფშორულ ქვეყნებში რეგისტრირებულ საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს საგადასახადო შეღავათებით, თუ ისინი 2028 წლის 1 იანვრამდე აქტივებს საქართველოში გადმოიტანენ და აღნიშნულ აქტივებს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს გადასცემენ. საგადასახადო შეღავათები კი შემდეგში გამოიხატება: აქტივების შემომტანი საწარმო ან ფიზიკური პირი გათავისუფლებულია, შესაბამისად, მოგების (15%) ან საშემოსავლო (20%) გადასახადისგან, ამ ოპერაციის ფარგლებში. ასევე, აქტივების შემოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან. საქართველოში რეგისტრირებული საწარმო, კი რომელიც აქტივებს მიიღებს, ამ ქონებაზე გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე, რომლის განაკვეთიც 1%-ს შეადგენს. 

ზემოაღნიშნული შეღავათებით სარგებლობის წინაპირობაა, რომ აქტივების შემომტანი პირი ან პირთა ჯგუფი უნდა ფლობდეს, როგორც უცხოური საწარმოს, ასევე საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს 100%-იან წილს. ნიშანდობლივია, რომ თუ ოფშორულ ქვეყნებში აქტივების ფლობა საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების დროისთვის უნდა დასტურდებოდეს, კანონი ტოვებს შესაძლებლობას აქტივების შემომტანმა პირმა კანონის ამოქმედების შემდგომ (2028 წლის 1 იანვრამდე) დააფუძნოს საწარმო საქართველოში. ეს კი კიდევ უფრო ფართო მასშტაბს სძენს ამ საკანონმდებლო ცვლილებას, რადგან ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს საგადასახადო შეღავათებით საქართველოში აქტივების გადმოტანისას. 

რა არის ოფშორული ქვეყანა? 

ოფშორულ ქვეყნებს ხშირად საგადასახადო სამოთხესაც უწოდებენ, რადგან ეს სახელმწიფოები ნულოვანი ან დაბალი კორპორატიული (მოგების) გადასახადით ხასიათდებიან. გადასახადებისთვის თავის არიდების გარდა, ასეთი ქვეყნები, ხშირად, ხელსაყრელ გარემოს ქმნიან ფულის გათეთრებისთვის, კრიმინალური სქემების (მათ შორის ტერორიზმის) დაფინანსებისთვის, რადგან იქ დაბალია გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების სტანდარტები. ოფშორული ქვეყნები განსაკუთრებით მიმზიდველია ოლიგარქებისთვის და პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ხშირად მონაწილეობენ ოფშორებში დარეგისტრირებული კომპანიებით სახელმწიფო ტენდერებში. 

ყველაზე ცნობილი ოფშორული ქვეყნების სიაში გვხვდება: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, პანამა, კაიმანის კუნძულები, ბაჰამა, მალტა, კვიპროსი, ლუქსემბურგი, შვეიცარია და სხვა. საქართველოს კანონმდებლობა ასეთი ქვეყნების კონკრეტულ სიასაც განსაზღვრავს.  

გლობალური კონტექსტი 

2021 წელს ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ინიციატივით მიღებული იქნა გადაწყვეტილება მინიმალური გლობალური კორპორატიული გადასახადის დაწესების შესახებ, რომელიც მინიმუმ 15% უნდა იყოს (ბევრ ოფშორულ ქვეყანაში ეს გადასახადი 0%-ია). ამ ინიციატივას 138 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის საქართველოც.  

2024 წლიდან ეს წესი ძალაში შედის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის დათვლებით, ეს წესები გლობალურად 200 მილიარდი ევროს შემოსავალს მოიტანს, რადგან მიჩნეულია რომ ყოველწლიურად მულტინაციონალური კორპორაციების მოგების 40% ოფშორებისკენ მიედინება.  

ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც მსოფლიო საზოგადოება თანხმდება დააწესოს მინიმალური გადასახადი მულტინაციონალური კომპანიებისთვის, რათა ბოლო მოეღოს ოფშორული იურისდიქციების არსებობას. ამით უნდა დასრულდეს ე.წ. “რბოლა ფსკერისკენ“, როცა სახელმწიფოები ცდილობენ დაბალი ან ნულოვანი გადასახადებით მოიზიდონ კაპიტალი.  

სწორედ ამ გლობალური ინიციატივის გამო მულტინაციონალური კომპანიები ეცდებიან იპოვონ გასაქცევი თუნდაც ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ისეთი საგადასახადო სამოთხეებიდან, როგორიცაა მაგ. კვიპროსი, ირლანდია, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები.  

რაც უფრო მეტ ქვეყანაში შევა ეს წესები ძალაში, მით უფრო დავიწროვდება სივრცე, სადაც კაპიტალს შეუძლია თავისუფლად იმოქმედოს. არსებობს მოსაზრებები, რომ რბოლა ფსკერისკენ დიდი ალბათობით სხვა სტრატეგიით შეიცვლება და სახელმწიფოებს მოუწევთ გადასახადების სიმწირით კი არა, სხვა კრიტერიუმებით მოიზიდონ კაპიტალი (მაგ. განათლება, ტექნოლოგია, და სხვა.).  

საქართველო კი აგრძელებს გლობალური ტენდენციის საპირისპირო ლოგიკით სვლას, მოქმედებს მოძველებული სტრატეგიით და ისევ საგადასახადო შეღავათებით ცდილობს მოიზიდოს ოფშორებიდან გაქცეული კაპიტალი. 

მასალა მოამზადეს
ია ერაძე
ია ერაძე
ავტორი