პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
პირველად ჯანდაცვაზე წვდომა რეგიონებში
თებერვალი 27, 2024

საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა. თუმცა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებებზე ფიზიკურ წვდომას მაინც აფერხებს გაუმართავი სატრანსპორტო სისტემა. ადგილზე მისულ მოქალაქეებს კი ენის ბარიერის, ექიმების შეზღუდული სამუშაო გრაფიკის, არასაკმარისი რესურსებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო სრულყოფილი სერვისის მიღება მაინც უჭირთ.

რატომ უნდა მაინტერესებდეს?

ჯანდაცვის სერვისებზე საყოველთაო წვდომა მსოფლიოს სტრატეგიული მიზნად არის აღიარებული. ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ხარჯთეფექტურ საშუალებად პირველადი ჯანდაცვის განვითარება ითვლება. 2030 წლისთვის მას 60 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის 3.7 წლით გაზრდა შეუძლია.

ჩვენი კომენტარი

პირველადი ჯანდაცვა ემყარება სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის, სოლიდარობის და მონაწილეობის პრინციპს. ამდენად, იგი უნივერსალურია და მასზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ეს სახელწიფოს ავალებს, პირველად ჯანდაცვაზე წვდომა ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს, რისთვისაც დროულად უნდა აღმოფხვრას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ფინანსური, ინფრასტრუქტურული, ლინგვისტური, სატრანსპორტო თუ საინფორმაციო ბარიერები.

რას ნიშნავს პირველადი ჯანდაცვა?

პირველადი ჯანდაცვა პაციენტის პირველი შეხების წერტილია ფორმალიზებულ სამედიცინო სისტემასთან. ამ დროს დაავადების პირველადი შეფასება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის სპეციალისტთან გადამისამართება ხდება. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწორედ პირველად ჯანდაცვას უკავშირდება ორგანიზებული და ყოვლისმომცველი ზრუნვის სისტემის განვითარება.

რა ვითარებაა საქართველოს რეგიონებში?

2009 წლიდან სოფლებში ოჯახის ექიმის ფუნქციას სოფლის ექიმები/ექთნები ასრულებენ. სოფლის ექიმის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ექიმთან ვიზიტი, კონსულტაცია, სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს და სხვ.

თუმცა, რეგიონებში სამედიცინო პუნქტების ინფრასტრუქტურული პრობლემები ხელს უშლის ამბულატორიული მომსახურებების მიღებას. პრობლემა ისიც, რომ სოფლის მოსახლეობას ხშირად ყველა ამ სერვისზე წვდომა არ აქვს. ექიმები, ძირითადად, სხვაგანაც მუშაობენ და სოფლებში ქალაქიდან ჩადიან, შესაბამისად, ადგილზე მუდმივად არ იმყოფებიან და ვერ გასცემენ მიმართვებს ექიმ-სპეციალისტებთან ვიზიტსა თუ სადიაგნოსტიკო კვლევებზე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში ჩვენი ვიზიტისას, ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ სოფელში ამბულატორია, როგორც წესი, დაახლოებით ორი საათით ფუნქციონირებს და დღის დანარჩენი მონაკვეთი დაკეტილია. როგორც გვითხრეს, ხშირად ექიმს არც პროგრამით გათვალისწინებული აუცილებელი მედიკამენტები აქვს, რაც სრულყოფილი მომსახურების გაწევას ართულებს.

ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში შეხვედრებისას ასევე პრობლემად დასახელდა ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაცია ენობრივი ბარიერის გამო, მათ შორის, გამოწვევაა ექიმის ინფორმირება ჩივილების შესახებ ან ექიმის დანიშნულების განმარტება პაციენტისთვის მისთვის გასაგებ ენაზე. ადგილობრივმა მოსახლეობამ განსაკუთრებულ ბარიერად დაასახელა ექიმებისა და პაციენტების მობილობის სირთულე მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობის ან მოუქნელი გრაფიკის გამო. გაუმართავი სატრანსპორტო სისტემის პირობებში მოსახლეობა ან საერთოდ ვერ ახერხებს სერვისების მისაღებად გადაადგილებას, ან ამის გაკეთება ძვირი უჯდება.


სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი