2022 წლის მონაცემებით, გლობალურად, მიგრანტების თითქმის 50% ქალები არიან. მათი რიცხვი დაახლოებით 140 მილიონია და ეს მაჩვენებელი ბოლო 5 ათწლეულის განმავლობაში განუხრელად იზრდება. 2017 წელს ქალების წილი შრომით მიგრანტებში 42%-ს შეადგენდა. ქალები უფრო და უფრო ხშირად ტოვებენ წარმოშობის ქვეყნებს, რათა უკეთესობისაკენ შეცვალონ საკუთარი და ახლობლების ცხოვრება.
რატომ არის საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვანი?
შრომითი მიგრაციის ფემინიზაცია მშრომელი ქალი მიგრანტების წილის ზრდას გულისხმობს მიგრანტების საერთო რაოდენობაში. საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც არ მუშაობდეს საზღვარგარეთ. ქართველ ემიგრანტებში ქალების წილი 40–44%-ის ფარგლებშია.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ წინააღმდეგობებს აწყდებიან ქალი ემიგრანტები გენდერის ნიშნით და როგორ განსაზღვრავს ეს ფაქტორი მათი ცხოვრების ხარისხს.
ჩვენი კომენტარი
გენდერული უთანასწორობა უცხო არ არის მსოფლიოსთვის. შესაბამისად, მიგრანტ ქალებს უწევთ, გადალახონ კაცებზე მეტი ბარიერი და მიუხედავად არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულებისა, იზრუნონ ოჯახის წევრების უკეთეს მომავალსა თუ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
რატომ ხდებიან ქალები შრომითი მიგრანტები?
ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეიცვალა ემიგრაციის მიზეზები. თუ ადრე ქალების მიგრაცია ძირითადად დაკავშირებული იყო ოჯახის გაერთიანებასთან (ოჯახებთან ერთად მიგრაცია) ან ძალადობისაგან თავის დაღწევის სურვილთან, დღეს ქალები იძულებულნი არიან, წავიდნენ საზღვარგარეთ უმეტესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ქალი მიგრანტების შრომა დაუფასებელი და ხშირად, საფრთხის შემცველია:
- როგორც წესი, ქალი მიგრანტები გაცილებით დაბალკვალიფიციურ სამსახურებში საქმდებიან, ვიდრე კაცი მიგრანტები;
- დაბალკვალიფიციური სამსახური ძირითადად ოჯახში დასაქმებასა და ოჯახებში მომვლელად მუშაობას გულისხმობს. ასეთ სამსახურებში დასაქმებული ქალები, როგორც წესი, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. პარალელურად კი მოწყვეტილები არიან საკუთარ ოჯახსა და შვილებს;
- ქალი მიგრანტები უფრო ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის ან/და ძალადობის მსხვერპლი სამუშაო ადგილზე. ამას კი განაპირობებს სამსახური, სადაც ქალები საქმდებიან, ხშირად არაფორმალურია და მათ მიმღები ქვეყნის შრომის კანონმდებლობაც არ იცავს;
- ქალი მიგრანტები გაცილებით ხშირად ხდებიან ორგანიზებული დაჯგუფების ძალადობის თუ ტრეფიკინგის მსხვერპლები;
- ანაზღაურების კუთხით, ქალებსა და კაცებს შორის არსებული სხვაობა შრომით მიგრანტებზეც ვრცელდება და ქალები აქაც გაცილებით დაბალ ანაზღაურებას იღებენ.
ქალი მიგრანტების გადინება პრობლემებს წარმოქმნის წარმოშობის ქვეყნებში
მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქალები, რომლებიც სათანადო სამსახურს ვერ პოულობენ სამშობლოში, შედარებით უკეთესი ანაზღაურების სანაცვლოდ დაბალკვალიფიციურ სამსახურებს თანხმდებიან საზღვარგარეთ. შედეგად, წარმოშობის ქვეყნებში გარკვეულ პროფესიებში კადრების პრობლემა იქმნება.
ეს პრობლემა ქართველი ემიგრანტი ქალების შემთხვევაშიც აქტუალურია, მაგალითად, სამედიცინო სფეროს პროფესიონალები ტოვებენ ქვეყანას უკეთესი ანაზღაურების სურვილით, ხოლო ქვეყანაში ამ სექტორში კრიზისული სიტუაცია და კადრების დეფიციტია.
ამ პროცესს გონებრივი რესურსების ფლანგვასაც უწოდებენ. ეს არც მიმღები ქვეყნებისთვის არის კარგი, რადგან მათ შეუძლიათ ქალი მიგრანტების ცოდნა, უნარები და გამოცდილება უფრო მნიშვნელოვან სფეროებში გამოიყენონ.
მიგრაციის ფემინიზაციის გავლენა ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე
- ემიგრანტი მშრომელი ქალები თავიანთ მწირ ანაზღაურებას თითქმის სრულად აგზავნიან სამშობლოში, რაც საერთაშორისო გადარიცხვების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ქალების გაგზავნილი ფულის დიდი ნაწილი ოჯახის წევრების განათლებასა და ჯანმრთელობის სერვისებზე იხარჯება;
- მსოფლიო ბანკის ვარაუდით, 2016 წელს განხორციელებული ფულადი გზავნილების ნახევარი სწორედ მიგრანტ ქალებზე მოდიოდა;
- ემიგრანტ ქალებს მიმღები ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, რადგან ისინი ჩაბმულნი არიან ზრუნვის შრომასა და სამედიცინო სფეროში. ეს სფეროები კი მაღალგანვითარებულ ქვეყნებში კადრების დანაკლისით ხასიათდება;
- აქვე უნდა გავითვალისწინოთ მნიშვნელოვანი სოციალური უარყოფითი ფაქტორი, რომელიც მიგრაციის ფემინიზაციას უკავშირდება. ესაა ოჯახის წევრებისაგან მოშორებით ცხოვრება, მცირეწლოვანი შვილების დედის გარეშე აღზრდა და ამ ყველაფერთან დაკავშირებული ფსიქო-ემოციური პრობლემები.