სახელმწიფო დასაქმების გასააქტიურებელი პოლიტიკის მიზანია, მოქალაქე დააბრუნოს შრომის ბაზარზე. ის შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სოციალური დაცვის ერთ-ერთი ბერკეტი, რადგან გასააქტიურებელი პოლიტიკის ამოცანა უნდა იყოს, დაეხმაროს ინდივიდებს კრიზისების დაძლევაში.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
- საქართველოში უმუშევრობის დონე 20%-ია, ასევე მაღალია არაფორმალურ შრომაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობაც. შესაბამისად, ამ ადამიანებს სჭირდებათ დასაქმება ან ფორმალურ სამუშაოში ჩართვა;
- ზოგიერთი ქვეყანა ამისთვის დასაქმების გასააქტიურებელ პოლიტიკას იყენებს. საჭიროა, ვიცოდეთ, რა არის დასაქმების გასააქტიურებელი პოლიტიკა და როგორი მიდგომები არსებობს.
ჩვენი კომენტარი
დასაქმების გასააქტიურებელი პოლიტიკა ადამიანებს ეხმარება მაშინ, თუ ეს პოლიტიკა ითვალისწინებს თითოეული ინდივიდის საჭიროებებს, ეხმარება მათ ინდივიდუალური გეგმების შემუშავებაში.
რა უნდა ვიცოდეთ?
დასაქმების გასააქტიურებელი პოლიტიკა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარადაა დანერგილი, თუმცა, ძირითადად, ის შემდეგნაირად მუშაობს:
- ფუნცქიონირებს სააგენტოები, რომლებსაც ჰყავთ ბენეფიციარები (ადამიანები, რომლებსაც სურთ დასაქმება);
- აგენტები ცდილობენ ბენეფიციარები დააბრუნონ შრომის ბაზარზე, შესთავაზონ მათ სხვადასხვა სამუშაო;
- ზოგიერთ ქვეყანაში გათვალისწინებულია უმუშევართა შემწეობა/დაზღვევა.
თუმცა, სააგენტოების მუშაობის სპეციფიკა დამოკიდებულია სახელმწიფოების პოლიტიკაზე, თუ რომელ მიდგომას ანიჭებენ ისინი უპირატესობას: სანქცირებას თუ ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას.
უფრო დეტალურად
დასაქმების გასააქტიურებელი პოლიტიკის გატარების ორი ძირითადი ხერხი არსებობს. ესენია:
სანქცირება - როდესაც ბენეფიციარები კონკრეტული პირობის შეუსრულებლობის გამო ეთიშებიან პროგრამას (მაგ., შეხვედრების გაცდენა, რამდენიმე სამუშაოზე უარის თქმა და ა.შ.)
- ზოგიერთ ქვეყანაში სანქცირება პროგრამაში ჩართვის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად არის მოაზრებული;
- ბენეფიციარები, რომლებიც სანქცირდებიან, ვეღარ აგრძელებენ ბრძოლას შრომის ბაზარზე დასაბრუნებლად;
- ის კი, ვინც არ სანქცირდება, უფრო მარტივად საქმდება. ამ შემთხვევაში ორიენტირი ჯამურ შედეგზე გასვლაა. ასე ხდება მაგ., აშშ-ში, სადაც სანქცირება პროგრამის მუშაობის მთავარი ბერკეტია.
ინდივიდუალური სამუშაო გეგმები - როდესაც აგენტები ბენეფიციარებთან ერთად სახავენ კონკრეტულ მიზნებს და ამ მიზნების განხორციელების გზებს (მაგალითად, ითვალისწინებენ ბენეფიციარების განსაკუთრებულ საჭიროებებს, უნარებს, მდგომარეობას და ამის მიხედვით რთავენ მათ პროგრამაში).
- ითვლება, რომ სანქცირება ამ შემთხვევაში ხელს უშლის ადამიანს, მიიღოს ბენეფიტები და გაიუმჯობესოს მდგომარეობა. ამიტომ ზოგიერთი ქვეყანა მას ნაკლებად იყენებს და უფრო მეტად ორიენტირებულია ინდივიდუალური გეგმების შემუშავებაზე. აქ ნაკლებად ექცევა ყურადღება ჯამურ რიცხვებს და უფრო მეტად ინდივიდუალურ საჭიროებებზე კეთდება აქცენტი. ასეთი ქვეყანაა, მაგ., შვედეთი.