2022 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 1% აღნიშნავს, რომ პრობლემები მართლმსაჯულების სისტემაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მთავარი გამოწვევაა. ამ სტატიაში ვეცდებით, ავხსნათ სასამართლოს და საზოგადოების გაუცხოების ზოგიერთი მიზეზი.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ჩვენ გამუდმებით გვესმის სამართლიანი კრიტიკა სასამართლოს მიმართ. თუმცა იშვიათად გვეკითხებიან, როგორი სასამართლო გვინდა. ახლა, როცა ევროკავშირის რეკომენდაციების საკვანძო საკითხები კვლავ მართლმსაჯულებას ეხება და ამ თემას დიდი პოლიტიკური წონა აქვს, მასზე მსჯელობის დაწყება მნიშვნელოვანია.
ჩვენი კომენტარი
სასამართლოსადმი ნდობაზე ან მისი მნიშვნელობის აღიარებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. მართლმსაჯულების სისტემისადმი გაუცხოების მიზეზები შესაძლოა იმაზე ფუნდამენტური იყოს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამ საკითხზე მსჯელობა მოითხოვს, შევაფასოთ, არის თუ არა მართლმსაჯულება დღეს ის, რასაც მისგან საზოგადოება მოელის.
რა უნდა ვიცოდეთ სამართლის ძირითადი ცნებების შესახებ?
- სამართალი შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობაა. თუმცა მას ღირებულებითი ასპექტიც უნდა უმაგრებდეს ზურგს.
- ამის გარეშე რჩება მხოლოდ პროცედურული სამართალი - განყენებული, საზოგადოებისგან მოწყვეტილი, რომელთანაც ხალხი თავს ვერ გააიგივებს.
სამართლის ღირებულებითი განმარტება
ცნობილი თეზისია, რომ “სამართალი სამართლიანობისკენ სწრაფვაა.” მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ თავად სამართლიანობა? მისი ერთი კომპონენტია “განსჯა ყოველგვარი მიკერძოების გარეშე”.
მაგრამ ეს სრულად ვერ გადმოსცემს სამართლიანობის შინაარსს. სამართლიანობის განმარტება რთულია, ის ობიექტურ, სრულფასოვან გაგებას არ ექვემდებარება. უნდა ჩავთვალოთ, რომ სამართლიანობის პრობლემის გადაჭრაში, როგორც წესი, გადამწყვეტია საზოგადოებრივი, კოლექტიური გამოცდილება - სამართალი ვერ იქნება სამართლიანი, თუ ის ასეთად არ აღიქმება საზოგადოების მიერ.
იურისპრუდენცია, როგორც სამართლის განმარტების გზა
სამართალსა და სამართლიანობას შორის ორმხრივი უკუკავშირია. გადაჯაჭვულობის ამგვარ პროცესს უწოდებენ სამართალს.
ამ მსჯელობას უკეთ აღვიქვამთ, თუ “იურისპრუდენციის” ცნებას მოვიხმობით.
- იურისპრუდენცია ორი კომპონენტის ერთიანობაა: ius (კანონი) და prudentia (სიბრძნე);
- Prudentia მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან phronesis, რომელიც აღნიშნავდა პრაქტიკულ ცოდნასა და უნარს, მიღებულს საგანთან/საკითხთან მჭიდრო და მუდმივი თანამშრომლობით;
- ის სიტუაციის უნიკალურობის ღრმა და ყოვლისმომცველ შესწავლას გულისხმობდა. სიბრძნე ასევე მიემართება ზრუნვასა და განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას.შესაბამისად, phronesis აღნიშნავდა არა საზოგადოებისგან მოწყვეტილ ცოდნას, არამედ რაღაც ისეთს, რაც ცხოვრების წესშია ჩაქსოვილი. ის გამოხატავს გარკვეულ ეთოსს (ethos) - ეს კი საკითხის ღრმა ცოდნასთან ერთად, მისადმი ეთიკურ მიდგომას მოითხოვს.
სამწუხაროდ, გლობალურად, იურისპრუდენციის თანამედროვე გაგებაში ეს კომპონენტები დაიკარგა ან დამახინჯდა.
შედეგად, სასამართლოც დაშორდა ღირებულებითი სამართლის იდეას. მართლმსაჯულების არსებითი მახასიათებელი უნდა იყოს კონკრეტული ეთოსის წარმოება. ეს კი გულისხმობს სასამართლოს, რომელიც ჩართულია ღირებულებების შექმნის პროცესში და მზადაა, ისწრაფოს სამართლიანობისკენ.
სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.