პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რა უნდა დავუპირისპიროთ პოლიტიკურ პოლარიზაციას
დეკემბერი 9, 2022

ქართველი პოლიტიკოსები უფრო და უფრო ცოტა დროს უთმობენ იმ საკითხებზე საუბარს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. მათი ყურადღება მეტწილად ერთმანეთთან პერსონალური დაპირისპირებისკენაა მიმართული და ბუნებრივია, ამომრჩევლისთვის საჭირბოროტო საკითხები მის მიღმა რჩებათ.

ეს პოლარიზაციის შედეგია, იმ პრობლემის, რომლის მოგვარების პირობაც ევროკავშირმა საქართველოს, წევრობის კანდიდატობის სანაცვლოდ, ივნისში დაუდგინა. ევროკომისიას სურს იმ ქვეყნებს მიანიჭოს ეს სტატუსი, რომლებიც პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებას ცდილობენ. გამართული სისტემის პირობებში ისინი უკეთ იზრუნებენ საკუთარ მოქალაქეებზე და მეტად სტაბილურები იქნებიან. ასეთი პარტნიორის ყოლა კი ევროკავშირისთვისაც ხელსაყრელია.

რატომ განვიხილავთ ამ თემას?

ორი მიზეზი არსებობს:

  1. საქართველოს მოქალაქეების 83%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. პოლარიზაცია კი ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი დაბკოლებაა;
  2. პოლარიზაციის პირობებში იმ პრობლემებზე სამსჯელოდ, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს პოლიტიკურ სივრცეში ადგილი აღარ რჩება. ეს კი ამ პრობლემების გადაჭრას ხელს უშლის და სტაგნაციას განაპირობებს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მოცემულ მომენტში, დეპოლარიზაცია ქვეყნის მნიშვნელოვანი ამოცანაა. თუმცა, საჭიროა, მკაფიოდ განვსაზღვროთ, რას მოვიაზრებთ ტერმინის ქვეშ. ეს იმაშიც დაგვეხმარება, გავიგოთ სად არის პრობლემის სათავე და იმაშიც, როგორ მოვაგვაროთ ის. 

რა არის პრობლემა?

მას შემდეგ რაც ევროკავშირმა პოლიტიკური პროცესების „დეპოლარიზაციის“ რეკომენდაცია მოგვცა, ქართველმა პოლიტიკოსებმა ამ პრობლემის ერთმანეთზე გადაბრალება დაიწყეს. მათ ინტერპრეტაციებში ტერმინი ისე დამახინჯდა, რომ დღეს ბევრი ადამიანი სვამს კითხვას რას ნიშნავს ის. თუ არ გვეცოდინება რას ვგულისხმობთ მასში, კონკრეტულად რას მოვიაზრებთ ცნება „დეპოლარიზაციის“ ქვეშ, ცხადია, ვერც ამ ამოცანის შესასრულებლად დავიწყებთ მუშაობას. 

რაში გამოიხატება პოლარიზაცია საქართველოში?

საქართველოში არაერთ ავტორს უცდია ნათელი მოეფინა პოლარიზაციის ძნელად მოსახელთებელი მნიშვნელობისთვის. განსაკუთრებით საინტერესოა მკვლევრების, ლიკა ჩხეტიანის და ნინო სამხარაძის ტექსტები, რომლებიც ამ მოვლენის შესახებ როგორც თეორიებს, ისე სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს, ფართოდ მიმოიხილავენ. ორივე მათგანი თანხმდება, რომ ეს პოლიტიკური ელიტის პრობლემაა, რის საზოგადოებისთვის თავს მოხვევასაც ის გამუდმებით ცდილობს.

პოლიტიკოსები ოპონენტების პოლიტიკური პოზიციის არსებობის უფლებას არ აღიარებენ. ამდენად მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია მათთან სერიოზული მსჯელობა და ფაქტორივად ერთმანეთთან არც საუბრობენ. რეალურად ამით, ისინი საკუთარ მოუმზადებლობას ფარავენ, რადგან არ აქვთ პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, შესაბამისად ხალხისთვის საინტერესო საკითხებიდან აქცენტი ერთმანეთის მტრობაზე გადააქვთ და ვითარებას უფრო და უფრო ძაბავენ. ასე ცდილობენ ამომრჩევლის მიმხრობას. ზემოთ ნახსენები ავტორები გვეუბნებიან, რომ ქართველ პოლიტიკოსებს არსებითად განსხვავებული პოლიტიკური იდეები არ აწუხებთ. ეს კი გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად მათი ერთადერთი მიზანი ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, ამოცანა კი ერთმანეთის დაზიანება - ასე ხდება მთავარი დაპირისპირება და არა ამ დაპირისპირების შინაარსი, რომელიც საბოლოოდ შეიძლება არც იყოს პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე. 

ჩვენი კომენტარი

საბოლოოდ როგორ შეიძლება განვმარტოთ „პოლარიზაცია“? არსებობს ცდუნება, რომ ასეთად ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება მოინათლოს. ეს არასწორია, რადგან პოლარიზაცია ნეგატიურ მოვლენას აღნიშნავს, სხვადასხვა პლატფორმაზე მყოფ პარტიებს შორის იდეების თაობაზე დაპირისპირება კი პოლიტიკის არსია. თუ ნებისმიერ ამგვარ კონფლიქტს პოლარიზაციას ვუწოდებთ და პრობლემად აღვიქვამთ, გამოვა, რომ პოლიტიკურ პროცესზე გვინდა უარის თქმა. ეს კი არ ივარგებს, რადგან პოლიტიკა სახელმწიფოებრივი ცხოვრების ხერხემალია. 

ამიტომ მკაფიოდ უნდა ითქვას, პოლარიზაცია პოლიტიკურ მხარეებს შორის არა ნებისმიერი, არამედ ისეთი დაპირისპირებაა, (1) სადაც კონფლიქტი არა ხედვებზე, ქვეყნის განვითარების კონცეფციებზეა, არამედ შინაარსისგან დაცლილ საკითხებზე და (2) სადაც მხარეები უბრალო ოპონენტები კი არ არიან, არამედ მტრები, რომელებიც ერთმანეთს არსებობის უფლებას არ უტოვებენ. 

რა შეიძლება გაკეთდეს?

როგორ მივაღწიოთ დეპოლარიზაციას? დისკუსია ამ თემაზეც არსებობს. მაგალითად, პროფესორი გია ნოდიას ერთადერთ გამოსავლად ინდივიდუალური გზა ესახება. ის მიჩნევს, რომ მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ „პრაგმატული საღი აზრი“, რაც საბოლოოდ „აღტკინებულ რადიკალიზმს აჯობებს“. ამით ის უპირისპირდება საკითხის სისტემურ გადაწყვეტას და გამოსავალს ცალკეული ადამიანებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში ხედავს. თუმცა, ალბათ, უსამართლოა სისტემურად არაფერი შეცვალო და პრობლემის მოგვარების ტვირთი სრულად პერსონალურ დონეზე დაიყვანო. როცა პოლიტიკური სისტემა მიდრეკილია პოლარიზაციისკენ, ამოცანა პირველ რიგში სისტემის შეცვლა უნდა იყოს და არა გამოსავლის პოვნის ინდივიდისთვის გადაკისრება. 

სწორედ სისტემურ გამოსავალზეა საუბარი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილ 12 რეკომენდაციაში. თუმცა ბატონი გია ნოდია მის არსებობას უარყოფს და წერს, რომ „ევროკავშირმაც მიგვითითა, რომ პოლარიზაცია გვაქვს დასაძლევი, თუმცა კონკრეტული ინსტრუქცია არ მოუყოლებია. ეჭვი მღრღნის, არც ბრიუსელში აქვთ ეს ცნება კარგად გააზრებული.“

იმისთვის, რომ გავიგოთ რამდენად მართალია ეს, საჭიროა, კიდევ ერთხელ, გავიხსნოთ ის რაც, რამდენჯერმე უკვე ითქვა. კერძოდ: ევროკომისიამ საქართველოს რეკომენდაციების პაკეტი წარუდგინა, რომლის შესრულების შემდეგ ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. მათგან პირველი დეპოლარიზაციას ეხება. საქართველომ „19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით [უნდა] გადაჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით.“ - ასეთია მისი შინაარსი. აქვე განვმარტოთ, „19 აპრილის“ შეთანხმება იგივე „შარლ მიშელის შეთანხმებაა“, რომელიც ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის 2020 წელს გაფორმდა და რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმის მიმართულებით მთელ რიგ ნაბიჯებს მოიცავდა. გამოდის, რომ ევროკავშირი დეპოლარიზაციის კონკრეტულ გზას გვთავაზობს. შესაძლოა ის გავაკრიტიკოთ მისი არასაკმარისი ეფექტიანობის გამო (ეს დამსახურებული კრიტიკა იქნება), მაგრამ გეგმის არასრულყოფილება სხვაა, და მისი არ არსებობა სხვა. 

ამგვარად, ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც საბოლოოდ პოლარიზაციის დაძლევაში დაგვეხმარება. ამ გზაზე მთავარი უმრავლესობის შეუზღუდავ ძალაუფლებაზე დაფუძნებული სისტემის შერბილებაა, ის ხელს უწყობს პრობლემის გაღრმავებას. რახან პოლარიზაცია ძალაუფლების ორ პოლუსს აფუძნებს, რომლის გარეშემოც ამომრჩეველი უნდა მობილიზდეს, საჭიროა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება, ეს კი იმგვარ პოლიტიკურ სისტემას მოითხოვს, სადაც გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, ხოლო დამარცხებულს მმართველობაში წილი არ აქვს. ამას მაჟორიტარიზმი ეწოდება. ევროკომისიის რეკომენდაციები სწორედ მის წინააღმდეგაა მიმართული და ინკლუზიური დემოკრატიის დამკვიდრებას უწყობს ხელს. 

დასასრულს მეტი კონკრეტიკა შემოვიტანოთ. დეპოლარიზაციის მიმართულებით, ჩვენი ხელისუფლების მიერ, გადასადგმელ ნაბიჯებს შორის უმთავრესი ესენია:

  • საარჩევნო რეფორმა (საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის მნიშვნელოვანი შემცირების ჩათვლით);
  • მართლმსაჯულების რეფორმა;
  • პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს გარანტირება;
  • პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება;
  • დეოლიგარქიზაცია;
  • ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ამ მოტივით ჩადენილი ძალადობის შემთხვევების სათანადო გამოძიება;
  • პოლიტიკურ დისკუსიებში საზოგადოების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა. 

 

მასალა მოამზადეს
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
ავტორი