პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რა უნდა ვიცოდეთ მინიმალური ხელფასის შესახებ?

 

საქართველოს მოსახლეობისთვის დაბალი ხელფასები და შრომის არასათანადო ანაზღაურება მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამ საკითხის სიმწვავე განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა როგორც პანდემიის დროს, ასევე მიმდინარე ინფლაციის პირობებში. მიუხედავად ამისა, საქართველოში არ არსებობს ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც დასაქმებულთა შრომის სამართლიანად ანაზღაურებას და მუშახელის ყველაზე მოწყვლადი ნაწილის სიღარიბისგან დაცვას უზრუნველყოფს. 

ჩვენი კომენტარი

  • სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ქვეყანაში შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე და თანდათანობით დაუახლოვდეს ევროკავშირში მოქმედ დაცვის სტანდარტებს. კერძოდ, საქართველომ უნდა გადახედოს მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას და შეუსაბამოს რეალურ ეკონომიკურ მდგომარეობას ეროვნული მინიმალური ხელფასი;
  • ან, საწყის ეტაპზე, მინიმალური ხელფასი დაწესდეს ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ან/და განსაკუთრებით დაბალანაზღაურებად სექტორებში;
  • გადახედოს უკვე მოქმედ სექტორულ მინიმალურ ხელფასებს. 

რიცხვებში

  • 2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 18%-ია, ანუ 281 ათას ადამიანი; 
  • 2022 წლის ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფლაციის დონე 11.5%-ია;
  • 2022 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში საარსებო მინიმუმი შეადგენს 245.3 ლარს;
  • 2022 წლის ივლისის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 16500-მდე ადამიანის თვიური ანაზღაურება 100 ლარზე ნაკლებია, ხოლო 26 000-მდე დასაქმებულის ხელფასი 100-დან 200 ლარამდე მერყეობს; 
  • შესაბამისად, მინიმუმ 42500 ადამიანის ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე დაბალია.

რა არის მინიმალური ხელფასი?

იხილეთ სტატია „როგორ იცავს მინიმალური ხელფასი დასაქმებულს?“

მინიმალური ხელფასი უმეტესად  წესდება კანონის ძალის მქონე აქტით, თუმცა ის შეიძლება დადგინდეს კოლექტიური ხელშეკრულებებითაც, რომლის შემუშავებაში, როგორც წესი, აქტიურად არიან ჩართულნი პროფესიული კავშირები და სოციალური სამსახურები.

როგორც წესი, მინიმალური ხელფასი გულისხმობს მხოლოდ ძირითად ხელფასს და არ მოიცავს ბონუსებს, პრემიებს თუ სხვა  სახის დანამატებს. 

მსოფლიოს 173 ქვეყანაში  მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული რეგულაციები სხვადასხვა ფორმით მოქმედებს.

  • 115 ქვეყანაში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია მთავრობის მიერ სავალდებულო ძალის მქონე აქტებით; 
  • 17 ქვეყანაში - პარლამენტის მიერ მიღებული კანონით;
  • ხოლო 15 ქვეყანაში - კოლექტიური ხელშეკრულებებით; 
  • 83 ქვეყანაში მოქმედებს მხოლოდ ერთი უნივერსალური მინიმალური ხელფასი, ხოლო დანარჩენ 90 ქვეყანაში - მინიმუმ ორი მინიმალური ხელფასი, რომლებიც განსხვავდება რეგიონის, ინდუსტრიის, პროფესიის, გამოცდილების, ან ამ ფაქტორების ერთობლიობის მიხედვით. 

რა მიზანს ემსახურება მინიმალური ხელფასი?

მინიმალური ხელფასი, როგორც წესი, ფართო, სისტემური სოციალური პოლიტიკის ნაწილია და თანხვდება ქვეყანაში მოქმედ სოციალური დაცვის სხვა საშუალებებს. 

მისი უპირველესი დანიშნულებაა: 

  • ყველაზე დაბალანაზღაურებადი მუშახელის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის აღმოფხვრა;
  • ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებულ ძალაუფლების დისბალანსში, დასაქმებულის გაძლიერებას. 

მინიმალურმა ხელფასმა შეიძლება სამსახურის პოვნის დამატებითი მოტივაცია მისცეს სოციალურ შემწეობაზე მყოფ ადამიანებს, ხოლო უკვე დასაქმებულებს ხელი შეუწყოს პროდუქტიულობის გაზრდაში. 

როგორ გამოითვლება მინიმალური ხელფასი? 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1970 წელს მიღებული „მინიმალური ხელფასის დადგენის შესახებ კონვენციის“ (N131) მიხედვით, მინიმალური ხელფასის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: 

  1. მუშახელისა და მათი ოჯახების საჭიროებები ქვეყანაში ხელფასის ზოგადი დონის, ცხოვრების ღირებულების, სოციალური დაცვის შეღავათებისა და სხვა სოციალური ჯგუფების შედარებითი ცხოვრების დონის გათვალისწინებით;
  2. ეკონომიკური ფაქტორები, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მოთხოვნების, პროდუქტიულობის დონეებისა და დასაქმების მაღალი დონის მიღწევისა და შენარჩუნების სურვილის გათვალისწინებით.

2022 წლის 14 სექტემბერს ევროპარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობის მიხედვით, წევრმა ქვეყნებმა უნდა დააწესონ ისეთი მინიმალური ხელფასები, რომლებიც რეალურად უზრუნველყოფს დამსაქმებლის ღირსეულად ცხოვრებას. ამის მისაღწევად წევრმა ქვეყნებმა რეალურ ფასებზე დაყრდნობით უნდა განსაზღვრონ სამომხმარებლო კალათის ღირებულება, ან მინიმალური ხელფასი გაუთანაბრონ ქვეყანაში საშუალო ხელფასის 50%-სა ან/და მედიანური ხელფასის 60%-ს.

რა უნდა ვიცოდეთ?

ზედმეტად დაბალი მინიმალური ხელფასი სათანადოდ ვერ გააუმჯობესებს დაბალანაზღაურებადი მუშახელის ეკონომიკურ მდგომარეობას.

ზედმეტად მაღალმა მინიმალურმა ხელფასმა შესაძლოა ინფლაცია, ბაზარზე მუშახელის დეფიციტი, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა და მცირე და საშუალო მეწარმეების გაღარიბება გამოიწვიოს. 

„იდეალური“ მინიმალური ხელფასის განსაზღვრისთვის გამოსადეგი „ფორმულა“ არ არსებობს, თუმცა რეკომენდებულია, რომ მისი განსაზღვრისას გამოყენებული იყოს ისეთი სტატისტიკური მონაცემები, როგორებიცაა: საშუალო ხელფასი, საარსებო მინიმუმი, სიღარიბის ზღვარი და სხვ.

სასურველია, რომ მინიმალური ხელფასი პერიოდულად გადაიხედოს, რათა სრულად შეესაბამებოდეს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან. 

მინიმალური ხელფასის ისტორია საქართველოში 

  • 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მინიმალურ ხელფასად თვეში 20 ლარი განისაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ ბრძანებულებას არავითარი პრაქტიკული დანიშნულება აღარ გააჩნია, ფორმალურად ის კვლავ მოქმედია, რადგან არასოდეს გამოცხადებულა ძალადაკარგულად; 
  • 2016 წელს განათლების მინისტრის 2015 წლის  ბრძანებაში შესული ცვლილების მიხედვით საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობა დადგინდა თვეში 384 ლარი და 75 თეთრი; 
  • 2022 წლის 1 აგვისტოდან მინიმალური ხელფასი დაწესდა სახელმწიფო კლინიკებში. ექიმის მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებად განისაზღვრა 9 ლარი (თვეში - 1620 ლარი), ხოლო ექთნის მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებად - 5.75 ლარი (თვეში - 1035 ლარი). 

ამჟამად საქართველოში მოქმედებს ორი ტიპის მინიმალური სექტორული ხელფასი, რომელიც შეეხება სკოლის მასწავლებლებსა და სამედიცინო პერსონალს. 

მისასალმებელია სამედიცინო პერსონალის სამართლიანი ანაზღაურებისკენ  გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მინიმალური ხელფასის შემოღების ვალდებულება გავრცელდეს კერძო კლინიკებზეც და ასევე შეეხოს ქვეყანაში განსაკუთრებით დაბალანაზღაურებად სექტორებს (მაგ. სარესტორნო მომსახურების სფერო) და მძიმე სამრეწველო ინდუსტრიებს (მაგ. სამთო-მოპოვებითი მაღაროები ჭიათურასა და ტყიბულში).

რაც შეეხება ეროვნულ მინიმალურ ხელფასს, მისი შემოღების მცდელობა არსებობდა 2020 წელს, თუმცა საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მინიმალური ხელფასის ოდენობად 500 ლარის განსაზღვრას მოითხოვდა.

სამომავლო პერსპექტივა

საქართველოში ეროვნული მინიმალური ხელფასის შემოღების გარშემო დისკუსია მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2022 წელს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა შესახებ კომისარმა საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ ქვეყანაში შრომითი უფლებების სათანადოდ დასაცავად აუცილებელია, ქვეყანას მოეხდინა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „მინიმალური ხელფასის დადგენის შესახებ კონვენციის (N131) რატიფიცირება და განესაზღვრა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მინიმალური ხელფასი. 

  • მინიმალური ხელფასის შემოღების მოწინააღმდეგეების აზრით, ამგვარი რეგულაცია უმუშევრად დატოვებდა ყველაზე დაბალანაზღაურებადი მუშახელის ნაწილს და ხელს შეუწყობდა უმუშევრობის დონის ზრდას. 
  • თუმცა კვლევები, მათ შორის, ნობელის პრემიის მფლობელი დევიდ ქარდისა და ალან კრუგერის კვლევა, ამტკიცებს, რომ მინიმალური ხელფასის ზრდა ყოველთვის არ იწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას.
  • ზედმეტად მაღალი მინიმალური ხელფასის შემოღებამ შეიძლება ჩრდილოვანი ეკონომიკის წახალისება და მცირე და საშუალო ბიზნესის მოგების შემცირება მართლაც გამოიწვიოს, თუმცა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი, რომელიც სწორად გამოთვლილი საარსებო მინიმუმისა და საშუალო ხელფასის მაჩვენებლების გათვალისწინებით იქნება განსაზღვრული, არც შრომის ბაზარზე მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას და თან დაეხმარება ყველაზე მოწყვლად მუშახელს ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში.
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ზურაბ ქარჩავა
ზურაბ ქარჩავა
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი