საქართველოს მოსახლეობისთვის უმუშევრობა უმთავრესი პრობლემაა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ არსებობს უმუშევრობის ბენეფიტების სისტემა, რომელიც უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს გარკვეული პერიოდით სტაბილური შემოსავლით უზრუნველყოფდა და სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩენამდე მინიმალურ სოციალურ გარანტიებს შესთავაზებდა.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
საქართველოში არ არსებობს გამართული სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც ადამიანს ძირითადი სოციალური რისკებისგან დაიცავდა, მაგალითად, უმუშევრობის, უმუშევრად დარჩენის შემდგომი ფინანსური არასტაბილურობისა და სიღარიბისაგან.
ჩვენი კომენტარი:
- სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თითოეული ადამიანი სოციალური რისკებისაგან და შეიმუშაოს სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც ადამიანების საჭიროებებს სათანადოდ უპასუხებს.
- კონკრეტულად, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს უმუშევრობის ბენეფიტების სქემა, რომელიც დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს, ქართული კონტექსტის გათვალისწინებით.
რა არის პრობლემა?
- სახელმწიფოში არ არსებობს სოციალური დაცვის ერთიანი და გამართული სისტემა, რომელიც მოქალაქეებს დააზღვევდა უმუშევრობით გამოწვეული სოციალური რისკებისაგან.
- დღემდე არ არსებობს უმუშევრობის ბენეფიტების სისტემა.
შესაბამისად,
- სახელმწიფოს ხელთ არ აქვს სიღარიბესთან ადრეულ ეტაპზე ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი - უმუშევრობის შემწეობა;
- სახელმწიფოში არ მოქმედებს უმუშევრად დარჩენილი ადამიანის ფინანსური სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის უმთავრესი მექანიზმი - უმუშევრობის დაზღვევა.
როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა?
ამ საკითხის გადასაწყვეტად სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს უმუშევრობის ბენეფიტების ერთიანი სისტემა, რომელშიც იმოქმედებს უმუშევრობის დაზღვევისა და უმუშევრობის შემწეობის სქემები. უმუშევრობის ბენეფიტების სისტემის შემუშავებისას სახელმწიფომ მნიშვნელოვანია იხელმძღვანელოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, ასევე გაითვალისწინოს ადგილობრივი სოციო-ეკონომიკური კონტექსტი.
საერთაშორისო პრაქტიკა
ძირითადად, უმუშევრობის ბენეფიტების სისტემები შედგება ორი მთავარი ინსტრუმენტისგან, უმუშევრობის დაზღვევისა და უმუშევრობის შემწეობისაგან.
რა უნდა ვიცოდეთ?
- ევროკავშირში უმუშევრობის ბენეფიტების ორივე ინსტრუმენტი მოქმედებს.
- კონკრეტულად, უმუშევრობის დაზღვევა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში არსებობს.
- თუმცა, უმუშევრობის შემწეობა, როგორც უმუშევრობის ბენეფიტების ცალკეული სქემა, ევროკავშირის მხოლოდ ათ ქვეყანაში გამოიყენება (ავსტრია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, მალტა, პორტუგალია და ესპანეთი)
უმუშევრობის შემწეობის პერსპექტივა საქართველოში:
- საქართველოში დაახლოებით 532000 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს, ხოლო ერთ ოჯახზე საარსებო შემწეობისათვის განკუთვნილი თანხა დაახლოებით 200-დან 250 ლარამდე მერყეობს.
ამის გათვალისწინებით,
- უმუშევრობის შემწეობის დანერგვა, ერთი მხრივ, ქვეყანაში შეამცირებდა უმუშევრობით გამოწვეული სიღარიბის დონეს;
- მეორე მხრივ, შეამცირებდა საარსებო შემწეობისათვის განკუთვნილ სახელმწიფო ხარჯებს და უმუშევრად დარჩენილს დაიცავდა უკიდურესი სიღარიბისაგან.
პირობები
უმუშევრობის შემწეობის ბენეფიციარად რეგისტრირების კრიტერიუმები, შემწეობის ოდენობა და შემწეობის გაცემის ხანგრძლივობა ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული,
კერძოდ:
- სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს იმ პირთა წრე, რომლებსაც შემწეობის მიღების უფლებამოსილება ექნებათ.
- როგორც დამკვიდრებული პრაქტიკა გვიჩვენებს, იმ პირებს შეუძლიათ უმუშევრობის შემწეობის მიღება, რომლებიც უმუშევრად დარჩენამდე უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში მუშაობდნენ და სამსახური დაკარგეს. სხვადასხვა ქვეყანაში ეს დროითი ჩარჩო სხვადასხვაგვარია.
- განისაზღვროს შემწეობის ოდენობა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს საარსებო შემწეობაზე მეტი, მაგრამ მიღებულ ხელფასზე ნაკლები, რათა მოქალაქე, ერთი მხრივ, დაცული იყოს უკიდურესი სიღარიბისაგან, ხოლო, მეორე მხრივ, მას ახალი სამსახურის ძიების მოტივაცია ჰქონდეს.
- განისაზღვროს შემწეობის გაცემის ხანგრძლივობა. როგორც წესი, ეს პერიოდი გრძელდება 6-დან 12 თვემდე. სახელმწიფომ ვადების დადგენის პროცესშიც იხელმძღვანელოს ორი ძირითადი პრინციპით - ებრძოლოს სიღარიბეს ადრეულ ეტაპზე და მისცეს უმუშევრად დარჩენილს ახალი სამსახურის ძიების სტიმული.
უმუშევრობის დაზღვევის პერსპექტივა საქართველოში
უმუშევრობის შემწეობის სქემის დანერგვასთან ერთად, მნიშვნელოვანია, დამკვიდრდეს არასაბიუჯეტო, უმუშევრობის დაზღვევის სისტემაც, იგი შრომის ბაზრის ეფექტურობას და კრიზისულ პერიოდში მოქალაქისთვის საშემოსავლო სტაბილურობას უზრუნველყოფდა.
უმუშევრობის დაზღვევის სქემის შექმნისას განისაზღვროს დაზღვევის სავალდებულოობის საკითხი, დაზღვევის ბენეფიტების მისაღებად საჭირო სამუშაო სტაჟი, სადაზღვევო შენატანების მოცულობა, შენატანების ხანგრძლივობა და ბენეფიტების მიღების ხანგრძლივობა.
- უმუშევრობის დაზღვევის ბენეფიტების მისაღებად
საჭიროა:
- მოქალაქეს ჰქონდეს გარკვეული სამუშაო სტაჟი (მაგ.: უმუშევრად დარჩენამდე მოქალაქე მუშაობდა უკანასკნელი 6, 12, 24 ან 36 თვის განმავლობაში). ჩვეულებრივ, სავალდებულო სამუშაო სტაჟი საშუალოდ 12-დან და 18 თვემდე მერყეობს;
- მოქალაქე აკეთებდეს ფინანსურ კონტრიბუციას სადაზღვევო სქემაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში;
- მოქალაქე სამსახურიდან იძულებით უნდა იყოს გათავისუფლებული;
- მოქალაქე ეძებდეს ახალ სამსახურს და იყოს შრომისუნარიანი.
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დაზღვევა/შემწეობა მხოლოდ ისეთ მოქალაქეებზე გაიცემა, რომლებიც სახელმწიფოს მიერ აღრიცხულნი იყვნენ დასაქმებულებად და სამსახურის დაკარგვის შემდეგ დარეგისტრირდნენ უმუშევრებად.
შესაბამისად, იქმნება საფრთხე, რომ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, უმუშევრობის დაზღვევა/შემწეობის ბენეფიტები არ გაიცემა, რადგან სახელმწიფო ზუსტად ვერ აღრიცხავს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა,
რადგან ქართულ შრომის ბაზარზე არაფორმალური დასაქმების წილი ძალიან მაღალია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო სფეროს დასაქმებულებში არაფორმალურად დასაქმებულთა წილი 29%-ს შეადგენს. თუმცა აღნიშნული სტატისტიკა სრულად ვერ ასახავს არაფორმალური დასაქმებისა და შრომის მაჩვენებლებს.
რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?
- განსაზღვროს, უმუშევრობის დაზღვევა იყოს სავალდებულო (მაგ: გერმანია, ავსტრია და საფრანგეთი) თუ ნებაყოფლობითი (მაგ.: დანია, ფინეთი და უნგრეთი). საქართველოს კონტექსტში ორივე სისტემას აქვს თავისი უპირატესობები და რისკები. ნებაყოფლობითი დაზღვევის დანერგვის შემთხვევაში მოქალაქეებს მიეცემოდათ საშუალება თვითონ განესაზღვრათ, რამდენად უღირთ ხელფასიდან გარკვეული თანხის სადაზღვევო ფონდებში გადარიცხვა, თუმცა აქვე გაჩნდებოდა რისკი იმისა, რომ მოქალაქეები უარს იტყოდნენ კონტრიბუციაზე, რაც უმუშევრობის შემწეობის სისტემაზე წნეხს გაზრდიდა;
- აირჩიოს კონტრიბუციის სამი ყველაზე გავრცელებული სისტემიდან (სამსვეტოვანი, ორსვეტოვანი, ერთსვეტოვანი) ერთ-ერთი. იმ სისტემის არჩევის შემთხვევაში, რომელშიც მხოლოდ დამსაქმებელი და დასაქმებული გააკეთებდნენ კონტრიბუციას, სახელმწიფო ბიუჯეტი გათავისუფლდებოდა უმუშევრობის დაზღვევის ფინანსური ხარჯებისაგან და შემოიფარგლებოდა უმუშევრობის შემწეობის დაფინანსებით, თუმცა, დასაქმებულთა დაბალი ანაზღაურებების გათვალისწინებით, რთული იქნება ღირსეული რაოდენობის ბენეფიტების გასაცემად საკმარისი თანხის ფონდებში აკუმულირება. სახელმწიფოს ჩართვის შემთხვევაში, დასაქმებულის კონტრიბუციის წილი შემცირდებოდა და ფონდებში გამარტივდებოდა საკმარისი თანხების მობილიზება, თუმცა გაიზრდებოდა საბიუჯეტო ხარჯი;
- დაადგინოს ყოველთვიური შენატანის მინიმალური, ზღვრული ოდენობა, იქნება ეს ყოველთვიური ხელფასიდან 1,5 %, 2 % თუ 3%. შენატანების გადანაწილების საკითხი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის უნდა შეთანხმდეს, თუმცა სახელმწიფომ დამსაქმებელს უნდა დაუდგინოს გადანაწილების მინიმალური ზღვარი. მაგალითად, შენატანების გადანაწილებისას დამსაქმებელზე კონტრიბუციის 50 %-ზე ნაკლები არ უნდა მოდიოდეს;
- განსაზღვროს, დაზღვევის ბენეფიტების ხანგრძლივობა იქნება ყველა ბენეფიციარისთვის ფიქსირებული (კვიპროსი, დანია), თუ ის დამოკიდებული იქნება ინდივიდუალურ შემთხვევებში სადაზღვევო ფონდში შენატანების მოცულობასა და ხანგრძლივობაზე (ავსტრია, ხორვატია);
- გაითვალისწინოს საქართველოში დასაქმებულების დაბალი ანაზღაურება და შეიმუშაოს სტრატეგია, თუ როგორ უნდა მოხდეს სადაზღვევო ფონდებში ღირსეული ბენეფიტების გაცემისათვის საჭირო რაოდენობის თანხების აკუმულირება;
- უმუშევრობის ბენეფიტების სისტემის დანერგვის პარალელურად აწარმოოს აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა, რომელიც მოიცავს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების გააქტიურებასა და მათი ეფექტურობის ზრდას.
რას ველოდებით?
- 2021 წლის 28 აპრილს, საქართველოს მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტში სოციალური კოდექსის შექმნის შესახებ ისაუბრა და საქართველოში “წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, სოციალური კოდექსის სახით მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმის განხორციელება” დააანონსა;
- 2021 წლის 21 ივნისს კი კოდექსის პრინციპების პრეზენტაცია გაიმართა და კოდექსის მიღება 2023 წლისთვის დაიგეგმა;
რა მიზნები აქვს კოდექსს?
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “სოციალური კოდექსის რეფორმა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის.”
დაარეგულირებს თუ არა კოდექსი უმუშევრობის დაზღვევა/შემწეობის საკითხს?
პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ სადაზღვევო რეფორმა ითვალისწინებს “დაზღვევის ახალი კომპონენტების განხილვას, სავალდებულო სამედიცინო, სოციალური, უმუშევრობის, უბედური შემთხვევების, დროებითი შრომის უუნარობის დაზღვევას.”
თუმცა ჯერჯერობით უცნობია, უმუშევრობის დაზღვევის რომელ მოდელს დაეფუძნება უმუშევრობის ბენეფიტების სისტემა საქართველოში და მოიცავს თუ არა ის უმუშევრობის შემწეობის დამოუკიდებელ სქემასაც.