პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რადიკალური დემოკრატიის თეორია

რადიკალური დემოკრატიის თეორია, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს დემოკრატიის იდეის და პრაქტიკის გაღრმავებას, მისთვის უფრო სამართლიანი და ინკლუზიური შინაარსის დაბრუნებას. ის ხაზს უსვამს პოლიტიკური/იდეოლოგიური/ეპისტემური პლურალიზმისა და აგონიზმის მნიშვნელობას და ამტკიცებს, რომ დემოკრატიამ უნდა მიიღოს საზოგადოებაში არსებული შეხედულებათა მრავალფეროვნება, ან კონფლიქტები, ნაცვლად იმისა, რომ კონსენსუსის სახელით დათრგუნოს და განდევნოს ისინი. ამდენად, ეს თეორია პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის ლიბერალური დემოკრატიის ტრადიციასთან, რომელიც მეტწილად მიისწრაფვის კონსენსუსისა და პოლიტიკური ჰარმონიისკენ. რადიკალური დემოკრატია მხარს უჭერს მონაწილეობით მმართველობას, სადაც დემოკრატია არის არა მხოლოდ არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი (აგრეგაციული დემოკრატია), არამედ მოქალაქეების მუდმივი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალაუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა დონეზე. მარგინალიზებული ჯგუფების გაძლიერება კიდევ ერთი მთავარი ასპექტია მათი ხმების მოსმენის, დემოკრატიულ პროცესში ჩართვის უზრუნველსაყოფად. ის მოითხოვს ძალაუფლების დეცენტრალიზაციას, ხელს უშლის მის კონცენტრაციას ელიტის ხელში, მხარს უჭერს ყოველდღიური ცხოვრების დემოკრატიზაციას, დემოკრატიული პრინციპების გაფართოებას სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში.

„აგონისტური დემოკრატიის“ მიხედვით, პოლიტიკური კონფლიქტი და დებატები არათუ გარდაუვალია, არამედ აუცილებელია ძლიერი დემოკრატიისთვის. ის განასხვავებს „ანტაგონიზმს“ – მტრულ კონფლიქტს ოპონენტებს შორის და „აგონიზმს“ – კონსტრუქციულ კონფლიქტს ოპონენტებს შორის, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის არსებობის უფლებას. იგი განასხვავებს „პოლიტიკურს“ (politics), რომელიც ეხება კონფლიქტისა და ძალაუფლების განზომილებას, რომელიც თან ახლავს სოციალურ ურთიერთობებს, და „პოლიტიკას“ (policy), რომელიც არის პრაქტიკისა და ინსტიტუტების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც იქმნება და ფუნქციონირებს წესრიგი. ეს მოდელი ხაზს უსვამს ჰეგემონური პრაქტიკის როლს სოციალური წესრიგებისა და იდენტობების ფორმირებაში და ამტკიცებს, რომ ყოველი სოციალური წესრიგი არის კონკრეტული ჰეგემონიის შედეგი, რომელიც მუდმივად უნდა იყოს სადავო. შესაბამისად, პოლიტიკურ ბრძოლაში ჰეგემონიასთან დაპირისპირების აფექტური, გრძნობადი, ესთეტიკური ფორმები განსაკუთრებით ღირებულია.

რადიკალური დემოკრატია, პოლიტიკას განიხილავს, როგორც ძალისხმევას, რომელიც მიმართულია თანასწორობის პრინციპის რეალიზაციისკენ. მისი აზრით, დემოკრატია არის მუდმივი პროცესი, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც „ისინი, ვინც არ არიან გათვალისწინებულნი", იწყებენ გამოჩენას, პოლიტიკური სივრცის დაკავებას. ნამდვილი პოლიტიკა იწყება მაშინ, როდესაც მარგინალიზებული ჯგუფები მოითხოვენ უფლებებსა და თანასწორობას, რითაც არღვევენ დომინანტურ სოციალურ წესრიგს.

ამ თეორიაში მომუშავე ავტორები აღწერენ, რა დამართა ადამიანს, მის შრომასა და სოციალურ ურთიერთობებს კაპიტალისტურმა საზოგადოებამ. ისინი ხაზს უსვამენ პროლეტარიატის კლასობრივი ცნობიერების მნიშვნელობას, რაც არის მათი კლასობრივი პოზიციის გაცნობიერება და კოლექტიური ბრძოლა კაპიტალისტური ექსპლუატაციის წინააღმდეგ. ეს ცნობიერება გადამწყვეტია რევოლუციური ცვლილებების მისაღწევად დემოკრატიული სოციალისტური საზოგადოებისკენ. ეს ხედვა მხარს უჭერს საზოგადოების გაგებას, როგორც ურთიერთდაკავშირებულ მთლიანობას (ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურები). ასეთი ჰოლისტიკური შეხედულება აუცილებელია კაპიტალისტური საზოგადოების დინამიკისა და მისი ტრანსფორმაციის გასაგებად.

რადიკალური დემოკრატია ასევე უპირისპირდება იუგენ ჰაბერმასის დელიბერაციული დემოკრატიის თეორიას, რომელიც ძირითადად კონცენტრირებულია კონსენსუსზე და ნაკლებად ხედავს საზოგადოების შიგნით არსებულ იმანენტურ პოლიტიკურ კონფლიქტებს. თუმცა, რადიკალური დემოკრატიის თეორეტიკოსების აზრით, ჰაბერმასის კონსენსუსზე დაფუძნებული მოდელი უგულებელყოფს განსხვავებების, ისევე როგორც წინააღმდეგობების მნიშვნელობას, რაც შეიძლება გამოიწვიოს მარგინალიზებული ჯგუფების ხმის ჩახშობა და პოლიტიკური სტატუს კვოს კონსერვაცია.

დელიბერაციულ დემოკრატიას აკრიტიკებენ მისი უტოპიური ხასიათის გამო. დელიბერაციული დემოკრატია გულისხმობს იდეალურ პირობებს, სადაც ყველა მონაწილე თანასწორია და ერთნაირად თავისუფალია გამოხატვისას, რაც რეალურ სამყაროში იშვიათად მიიღწევა. სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ასიმეტრიებს შეუძლიათ დელიბერაციის პროცესში მონაწილეების გავლენა მოახდინონ და საბოლოო ჯამში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების ნაცვლად მათი გაღრმავება გამოიწვიონ.

რადიკალური დემოკრატიის თეორიები ამტკიცებენ, რომ ლიბერალური დემოკრატია ზედმეტად არის ორიენტირებული ინდივიდუალურ უფლებებზე და ნაკლებად აქცევს ყურადღებას კოლექტიური სამართლიანობის და თანასწორობის საკითხებს. მათი აზრით, ლიბერალური დემოკრატიის პროცედურული ხასიათი ხშირად უგულებელყოფს მონაწილეობით მმართველობის მნიშვნელობას.

 

აგონისტური დემოკრატიის კონცეფციაზე მეტის გასაგებად და დელიბერაციული დემოკრატიის კრიტიკის შესახებ იხ. 11.      შანტალ მუფი (თარგმანი გიორგი ჩუბინიძე). 2015. დემოკრატიის აგონისტური მოდელისთვის, თარგმანების კრებულიდან, EMC.

პოლიტიკის როგორც თანასწორი სუბიექტების ურთიერთქმედების სივრცის შესახებ იხ. ჟან რანსიერი (ლუკა ნახუცრიშვილის თარგმანი). 2015. 10 თეზისი პოლიტიკის შესახებ, izone.

 

 

მიმოხილვის ავტორი:

თამთა მიქელაძე

 

 

 


დოკუმენტი მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში „ტრანსფორმაციული აკადემია: კრიტიკული სამართლებრივი თეორიის მეინსტრიმინგი საზოგადოებრივი სამართლიანობისთვის“. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს