საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში (2020 წლის გამოკლებით, პანდემიის გამო) ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. თუმცა ეს ადამიანების დიდი ნაწილის კეთილდღეობაზე ნაკლებად აისახება. წინამდებარე სტატია ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას, თუ რატომ არ ითარგმნება ეკონომიკის ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ზრდაში და რა შეიძლება გაკეთდეს არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბე, უმუშევრობასთან ერთად, საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა. 2010-2020 წლებში საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი (ვისი შემოსავალიც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია) მოსახლეობის წილი 37%-დან 17.5%-მდე შემცირდა, თუმცა მზარდია სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა წილი მთლიან მოსახლეობაში.
პარალელურად მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება, რაც აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის ორიენტირებული მოსახლეობის კეთილდღეობაზე და შექმნილი დოვლათი მცირე ჯგუფების ხელშია. შესაბამისად, საჭიროა, გავაანალიზოთ ეკონომიკური უთანასწორობის მიზეზები და დავსახოთ პრობლემის მოგვარების გზები.
ჩვენი კომენტარი
საქართველოში ეკონომიკური უთანასწორობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვის ნაკლოვანებებშია. მთავრობების ცვლილებების მიუხედავად, უცვლელი რჩება უცხოურ ინვესტიციებზე, ტურიზმსა და უძრავი ქონების სექტორზე დამოკიდებული ეკონომიკის განვითარების მოდელი.
ეს სექტორები კი ვერც მასიური დასაქმების ადგილებს ქმნის და ვერც ქვეყნის საშუალო და გრძელვადიან მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. ამავე დროს, სახელმწიფოს მხარდაჭერა და საკანონმდებლო ბაზა, მეტწილად, ინვესტორების და დამსაქმებლების ინტერესების დაცვისკენაა მიმართული, რაც ხშირად აზიანებს მშრომელთა უფლებებს და საფრთხეს უქმნის მათ ფიზიკურ გადარჩენასაც. სიღარიბისა და შემოსავლების არსებული უთანასწორობის ფონზე, ქვეყანას არ გააჩნია ქმედითი სოციალური პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობდა რესურსების და დოვლათის მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილებას.
შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მაღალი ინფლაციის ფონზე ეკონომიკურ სიდუხჭირეს ებრძვის, და ხშირად გამოსავალს ემიგრაციაში პოულობს.
რაში მდგომარეობს პრობლემის არსი?
მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილის გაჭირვებისა, მთავრობის წარმომადგენლები აჟღერებენ სტატისტიკას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე მიანიშნებს. პოლიტიკოსები ხშირად არასწორ რიცხვებს არ ასახელებენ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ სტატისტიკით მანიპულირება შესაძლებელია.
საჭირო მონაცემების შერჩევით შესაძლებელია იმგვარი რეალობის დახატვა, რომელიც მედლის მხოლოდ ერთ მხარეს გვაჩვენებს. ასე იქცევიან ხშირად მედია საშუალებებიც, როდესაც, მაგალითად, ეკონომიკურ ზრდაზე ამახვილებენ ყურადღებას და არაფერს ამბობენ ინფლაციასა ან სიღარიბეზე.
საქართველოში:
- ეკონომიკა მეტწილად რუსული კაპიტალის ხარჯზე გაიზარდა, რასაც ერთჯერადი ხასიათი შეიძლება ჰქონდეს და არა სისტემური;
- მშპ-ს ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამშენებლო სექტორისა და უძრავი ქონების გაზრდილმა ბრუნვამ, რაც ასევე პირდაპირ უკავშირდება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების იმიგრაციას;
- ეკონომიკური ზრდა ასევე განპირობებულია კოვიდ პანდემიის შემდგომი ეკონომიკური საქმიანობების აღდგენითაც;
- მაღალია ინფლაციის დონე, რაც იწვევს სამომხმარებლო ფასების ზრდას საქონელსა და მომსახურებაზე.
ამასთან, საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად ემიგრანტების უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხით საზრდოობს. მაგალითად, 2021 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 2.35 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 13% იყო.
მართალია, მიგრაციის სალდო - ქვეყნიდან გასული და ქვეყანაში შემოსული ადამიანების შეფარდება - 2022 წელს, სხვა წლებისგან განსხვავებით, დადებითია, თუმცა მნიშვნელოვანია, მონაცემებს უფრო დეტალურად ჩავხედოთ.
- 2022 წელს საქართველოდან, ბოლო 10 წლის განმავლობაში, რეკორდული რაოდენობის ადამიანი წავიდა ემიგრაციაში. მათმა რაოდენობამ 100 000 მოქალაქეზე მეტი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება სამშობლოში დაბრუნებულთა რაოდენობას.
- ამავე დროს, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში იმიგრანტად 60 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა, რაც დაახლოებით 6-ჯერ აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს. რუსეთის მოქალაქეების მასობრივი იმიგრაცია პირდაპირ აისახა უძრავი ქონების ფასების ზრდაზე.
შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი არ და ვერ განაპირობებს კეთილდღეობას საზოგადოების უმრავლესობისთვის. არჩეული მოდელი არ არის ორიენტირებული მდგრადი ეკონომიკის მშენებლობაზე. იგი მოკლევადიან ზრდაზე აკეთებს სწორებას და უგულებელყოფს როგორც ამ ზრდის გადანაწილების საჭიროებას საზოგადოებაში, ისე ზრდით გამოწვეულ სოციალური თუ ეკოლოგიური ხარჯების თავიდან არიდებას.
როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა?
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მოსახლეობის დიდი ჯგუფების კეთილდღეობის ზრდას ბევრი პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორი განაპირობებს. არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭიროა:
- პოლიტიკური რეფორმები დემოკრატიის გასაძლიერებლად და საზოგადოების სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის აღსადგენად;
- ეკონომიკური განვითარების ხედვის გადასინჯვა და სახელმწიფოს მიერ ცალკეული ეკონომიკური სექტორების განვითარების ხელშეწყობა (მაგ., ტექნოლოგიები და ინოვაციები, მსუბუქი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა);
- მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კაპიტალზე წვდომის გაზრდა;
- ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისი ცვლილებების გატარება განათლების სექტორში, კვალიფიციური მუშა-ხელის მოსამზადებლად;
- მონოპოლიების შემცირება;
- ძლიერი, გამართული, სისტემური სოციალური პოლიტიკა (მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება, გამართული საბინაო პოლიტიკა, საყოველთაო ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის მომსახურებაზე, განათლებაზე და ა.შ.);
- შრომითი ბაზრის რეგულირება (მინიმალური ხელფასი, ფორმალური დასაქმების ხელშეწყობა, არაფორმალური დასაქმების მონიტორინგი, ღირსეული შრომითი პირობების უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხოება, და ა.შ.);
- და ა.შ.
შესაბამისად,
გამოსავალი სახელმწიფოს პოლიტიკის ტრანსფორმაციაა, რათა ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელი საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მოდელად გარდაიქმნას.
სტრუქტურული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები ხელს შეუწყობს იმას, რომ განვითარდეს ეკონომიკა, შეიქმნას დასაქმების ადგილები, გაჩნდეს ღირსეული ანაზღაურება და შრომითი პირობები, შემცირდეს სიღარიბის დონე და შემოსავლების უთანასწორობა.