პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რატომ არ ისმის ეთნიკური უმცირესობების ხმა ადგილობრივ დონეზე?

ლიბერალურ დემოკრატიაში ჩამოყალიბებულმა მართვის მოდელებმა დაასუსტა მოქალაქის პოლიტიკური როლი და არაპროპორციულად დიდი ძალაუფლება მიანიჭა ელიტას. დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ ხალხის პოლიტიკური წარმომადგენლობის იდეამ საწყის მიზნებს ვერ უპასუხა. გაიზარდა უკმაყოფილება და პროტესტი, რამაც საფრთხე შეუქმნა ელიტის სტაბილურობას და ის იძულებული გახდა, ძალაუფლების ნაწილი დაეთმო. ასე გაჩნდა მონაწილეობითი დემოკრატია, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებული მართვის მოდელ. დროთა განმავლობაში განვითარდა მისი მექანიზმებიც. თუმცა, სახელმწიფოებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს მონაწილეობის თანასწორი შესაძლებლობის შექმნა საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის, ეს განსაკუთრები ეთნიკურ უმცირესობებზე ითქმის, რაც აფერხებს მათი საჭიროებების გათვალისწინებას პოლიტიკის ფორმირებისას და ზრდის უთანასწორობას საზოგადოების წევრებს შორის.  ეს გამოწვევაა  საქართველოსთვისაც.  

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

ადგილობრივ დონეზე პოლიტიკოსების მიღებული გადაწყვეტილება უშუალო გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. შესაბამისად, დემოკრატიის პირობაა, რომ ამ პროცესზე მოქალაქეებსაც ჰქონდეთ გავლენა. სახელმწიფო ორგანოებს უნდა მოვთხოვოთ ჩვენი საჭიროებების გათვალისწინება პოლიტიკის დაგეგმვისას და ვაკონტროლოთ მათი საქმიანობა. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენად არის უზრუნველყოფილი  საზოგადოების ყველა ჯგუფის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რა დაბრკოლებებს ვაწყდებით და რას აკეთებს სახელმწიფო იმ ბარიერების დასაძლევად, რაც ხელს გვიშლის მონაწილეობა მივიღოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  

ჩვენი კომენტარი  

ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში რამდენიმე ფაქტორი ართულებს, ესენია: (1) კულტურული, სოციალური და ეკონომიკური ბარიერები; (2) პროცედურული ხარვეზები. თუმცა მხოლოდ ამ პრობლემების ანალიზი ვერ მოგვცემს დამაკმაყოფილებელ პასუხს. უმთავრესი გამოწვევა პოლიტიკური არჩევანია. ხელისუფლებამ იცის, რომ საზოგადოების ჩართულობა აძლიერებს ადგილობრივი ორგანოების სახალხო კონტროლს, ეს კი ხელ-ფეხს უბორკავს მას, ზრდის მის პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ამდენად, მონაწილეობის წახალისება და მისი პოპულარიზაცია ელიტისთვის პოლიტიკურად მომგებიანი არ არის.  

რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში?  

საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არა მხოლოდ აძლიერებს ხალხის ხმას, მათ საჭიროებებს პოლიტიკურ დონეზე და ქმნის ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკის ფორმირების შესაძლებლობას, არამედ ზრდის დემოკრატიის ხარისხსაც. საზოგადოების მონაწილეობა აიძულებს სახელმწიფო ორგანოებს, იმუშაონ გამჭვირვალედ. ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობა ამაღლებს ნდობას გადაწყვეტილების მიმღებთა მიმართ და უფრო მეტად ანგარიშვალდებულს ხდის https://www.jstor.org/stable/27975579მათ. ეს კი ზრდის სახელმწიფოს საქმიანობის ლეგიტიმაციას. ასეთ მოდელში გადაწყვეტილება არა ძალაუფლებაში მყოფი პირების, არამედ  უშუალოდ ხალხი მიერ, მათსავე სასიკეთოდ მიიღება.  

მონაწილეობის საკანონმდებლო გარანტიები საქართველოში  

2015 წლის საკანონმდებლო ცვლილებით გაფართოვდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები საქართველოში. სახელმწიფოს ეს ნაბიჯი თავდაპირველად დადებითად შეფასდა, რადგან  ქმნიდა თვითმმართველობებსა და მოსახლეობას შორის ურთიერთობის გააქტიურების შანსს. თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევები ამ მექანიზმების ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას. აქ რამდენიმე მათგანს მიმოვიხილავთ: 

დასახლების საერთო კრება: ეს ფორმა, მეტ-ნაკლებად პოზიტიურად არის შეფასებული. ის ითვალისწინებს საერთო კრების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებას, მათ ჩართულობას, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების სავალდებულო წესით განხილვას ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას. ამასთან, მუნიციპალიტეტის მერები ვალდებულნი არიან, წელიწადში 2-ჯერ საკუთარი ინიციატივით მოიწვიონ საერთო კრება. ეს ჩანაწერი პრაქტიკის დანერგვასა და განვითარებას უწყობს ხელს.  

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო: ეს მექანიზმი მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოა, რომლის შემადგენლობაში მოსახლეობის წარმომადგენლები შედიან. მერი ვალდებულია მრჩეველთა საბჭოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები,  სოციალური პროექტები და სხვა. თუმცა, კანონის ზოგიერთი ჩანაწერი ამ მექანიზმის შესახებ ბუნდოვანი და ხარვეზიანია. კერძოდ:  

  • არ არის ცხადი საბჭოს ფორმირება მერს ევალება თუ ეს მისი კეთილი ნებაა; 
  • მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა მერის სურვილზეა დამოკიდებული, რაც ვერ უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას; 
  • არ არის განსაზღვრული საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების და მასთან დაკავშირებით მოქალაქეთა მოსაზრებების მიღების წესი, რაც უფრო მეტად გამჭვირვალეს გახდიდა საბჭოს საქმიანობას.  

საკრებულოსა და კომისიის სხდომებში მონაწილეობა: მოქალაქეებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად დაესწრონ მუნიციპალიტეტის სხდომებს წინასწარი შეტყობინების, ნებართვის გარეშე, თუმცა:  

  • პრაქტიკაში მოქალაქეებს სჭირდებათ ე.წ. საშვი. საშვის გაცემის ვალდებულება კი საკრებულოს არ აქვს. ეს მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის საზოგადოებას; 
  • მოქალაქეების შესაძლებლობა კითხვით მიმართონ მომხსენებელს, სხდომის თავმჯდომარის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ეს რეგულაცია აფერხებს ჩართულობას და მონაწილეობას ფორმალურ ხასიათს აძლევს. 

ანგარიშების მოსმენა:  კანონი არ განსაზღვრავს ანგარიშის ფორმატს და იმ სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც უნდა მოიცვას. კვლევები ცხადყოფს, რომ ანგარიშების წარდგენას ფორმალური ხასიათი აქვს. ხშირად, თანამდებობის პირები ან საერთოდ არ წარადგენენ ანგარიშებს, ან მოხსენებებს დახურული აუდიტორიის წინაშე კითხულობენ.  ანგარიშის წარდგენის თარიღისა და პროცედურის შესახებ ცნობაც საჯაროდ იშვიათად ქვეყნდება. 

გარდა ამ ხარვეზებზე მსჯელობისა, ზოგიერთი ავტორი კრიტიკულად აფასებს იმას, რომ კანონმდებლობა არ იცნობს მონაწილეობის ბევრ პროგრესულ, საერთაშორისოდ აღიარებულ ფორმას, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეებსა და თვითმმართველობას შორის კავშირის გაძლიერებას. ასეთია: მოქალაქეთა ქარტია; სამოქალაქო ლაბორატორია; თავისუფალი სივრცის ტექნოლოგია; მოქალაქეთა ასამბლეა; ელექტრონული კომუნიკაციები და სხვა. თუმცა, კანონი მუნიციპალიტეტებს აძლევს შესაძლებლობას, დამატებითი მექანიზმები განსაზღვრონ და მონაწილეობის შესაძლებლობები გააფართოონ. აქ დაბრკოლება მხოლოდ დამოკიდებულებაა − რამდენადაა მოწადინებული მმართველი ხალხი ჩართოს პოლიტიკის ფორმირებაში. 

რა აბრკოლებს ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში? 

ჩვენი პლატფორმა ბოლო თვეების განმავლობაში შეხვედრებს მართავდა ნინოწმინდაში, გარდაბანში, მარნეულსა და ახალქალაქში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. შეხვედრებმა გვაჩვენა მონაწილეობასთან დაკავშირებული პრობლემების მასშტაბი და სისტემურობა. გარდა ჩართულობის ფორმებთან დაკავშირებული პროცედურული ხარვეზებისა, რაც ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის შეიძლება დამაბრკოლებელი იყოს, ეთნიკურ უმცირესობებს დამატებით სირთულეებს უქმნის ენობრივი ბარიერი და მასთან დაკავშირებული ინფორმაციული შეზღუდვები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სათანადოდ არ ავრცელებენ ინფორმაციას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ.  

ამგვარ დაბრკოლებებს თან ახლავს ისეთი პრობლემებიც, როგორიცაა სოფლისა და მუნიციპალური ცენტრის დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა,  საჯარო ტრანსპორტის ნაკლებობა, ტაქსებით გადაადგილების სიძვირე და სხვა. როგორც შეხვედრებმა გამოავლინა, ისევე, როგორც ქვეყნის სხვა მხარეებში, ამ მუნიციპალიტეტებშიც  ეკონომიკური სიდუხჭირის გამო გახშირებულია შრომითი მიგრაცია. როგორც ირკვევა, უცხოეთში სამუშაოდ ძირითადად კაცები მიდიან. ეს, ბუნებრივია, ზრდის ქალების შრომის მოცულობას ოჯახში, ისინი იღებენ პასუხისმგებლობას, გაუძღვნენ ოჯახს და შიდა მეურნეობას. ამ პირობებში კი აღარ რჩება დრო და შესაძლებლობა ოჯახს მიღმა საკითხებზე საზრუნავად. ეს ხელს უშლის ქალებს აქტიურად ჩაერთონ თემის პრობლემებზე მსჯელობის პროცესში.


სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში, ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს. 

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი