პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რატომ და როდის წარმოიშვა „ლიბერალური დემოკრატიის” იდეა?

რატომ წამოვიწყეთ სტატიების ეს ციკლი?

ყოველდღიურ ცხოვრებაში არც თუ იშვიათად გვესმის ტერმინი „ლიბერალური დემოკრატია“. მას მიაწერენ კონკრეტულ პოლიტიკურ სიკეთეებს, ან პირიქით, პრობლემების მიზეზად მოჰყავთ. მასზე იმდენად ხშირად საუბრობენ, გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ის ერთადერთი, უალტერნატივო დემოკრატიული სისტემაა.

ჩვენი სურვილია სტატიების ახალ ციკლში მმართველობის ამ მოდელზე, მის შინაარსსა და მახასიათებლებზე ვისაუბროთ. ერთად გავაანალიზოთ, რატომ გახდა ის დომინანტური მოდელი, შევხედოთ მას კრიტიკული პერსპექტივიდან; გვინდა ვცადოთ და გვიგოთ, რა შეიძლება იყოს ალტერნატივა და სად უნდა ვეძიოთ ის.

რა არის „ლიბერალური დემოკრატია“?

ბევრი ტიპის დემოკრატია არსებობს. „ლიბერალური დემოკრატია“ მისი ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც გვარწმუნებს, რომ ქმნის სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობის ისეთ მოდელს, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და ინდივიდუალურ თავისუფლებას ეფუძნება. ის ამბობს, რომ უპირისპირდება ძალაუფლების კონცენტრაციას და აღიარებს რა მოქალაქის პოლიტიკურ როლს, მართვის ერთადერთ ლეგიტიმურ საფუძვლად არჩევნებს მიიჩნევს.

რატომ და როდის წარმოიშვა „ლიბერალური დემოკრატიის“ იდეა?

საუკუნეების მანძილზე სახელმწიფოებში მონარქიული და ავტოკრატიული მმართველობა არსებობდა. მონარქი (ერთპიროვნული მმართველი) „ზეციური ლეგიტიმაციის“ მქონე პირად ითვლებოდა, რომელსაც ძალაუფლება არა ხალხის, არამედ ღმერთისგან ენიჭებოდა. ეს კონცეფცია ხალხს განიხილავდა არა როგორც პოლიტიკურ სუბიექტს, არამედ მონარქის მსახურს/ქვეშევრდომს. „ლიბერალური დემოკრატია“ დაუპირისპირდა სახელმწიფოსა („მონარქი“ და „სახელმწიფო“ სინონიმები იყო) და ხალხის ურთიერთმიმართების ამგვარ გაგებას.

„ლიბერალური დემოკრატიის“ ერთ-ერთ პირველ მაგალითად ევროპაში საფრანგეთის რევოლუციას (1789) მიიჩნევენ. რევოლუციონერები დაუპირისპირდნენ მონარქიას და მიზნად დაისახეს საზოგადოების თავისუფლებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული მართვის სისტემის შექმნა.

„ლიბერალური დემოკრატიის“ ძირითადი პრინციპები

დროთა განმავლობაში განვითარდა „ლიბერალური დემოკრატიის“ ძირითადი პრინციპებიც:

  • მისი მთავარი თეზისია, რომ „ძალაუფლება რყვნის“, ამიტომ ის საზღვრებს უწესებს ძალაუფლებას. ამისთვის კი მიმართვას „ხელისუფლების დანაწილების“, ისევე როგორც, „შეკავების და გაწონასწორების“ კონცეფციებს.
  • ეს მოდელი ადამიანებს აღჭურავს უფლებებით, როგორც სახელმწიფოსგან თავდაცვის იარაღით. ინდივიდუალურ დონეზე ის მხარს უჭერს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, ძირითადი აქცენტი კი ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებასა და საკუთრების უფლებაზე  გადააქვს.

ამ საკითხზე უფრო ვრცლად შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.

მასალა მოამზადეს
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი