უფასო იურიდიული დახმარება ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების აუცილებელი კომპონენტია. სიღარიბე, რესურსების არათანაბარი გადანაწილება და პოლიტიკური ინსტიტუტების არადემოკრატიული მოწყობა მართლმსაჯულების სისტემით სარგებლობას ართულებს. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რატომ არის მნიშვნელოვანი ხელმისაწვდომი უფასო იურიდიული დახმარება.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
- საქმეზე სამართლიანი შედეგის დადგომის შანსები უფროდაუფრო მეტად უკავშირდება ხარისხიან იურიდიულ კონსულტაციას და საადვოკატო წარმომადგენლობას. ამის გარეშე მნიშვნელოვნად იკლებს მოქალაქის შანსი დაამტკიცოს თავისი პოზიცია.
- ხარისხიან იურიდიულ დახმარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოში მოქმედი შეჯიბრებითი პროცესის პირობებში, როდესაც მოსამართლის ბერკეტები შეზღუდულია.
ჩვენი კომენტარი
საზოგადოებაში არსებული უთანასწორობები გავლენას არ უნდა ახდენდეს სამართლიან მართლმსაჯულებზე. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი სისტემა, რომელშიც ხარისხიან იურიდიულ დახმარებას იღებს ყველა, ვისაც ეს სჭირდება ფინანსური თუ სხვა ტიპის მოწყვლადობის გამო.
რა არის იურიდიული დახმარების იდეა?
სამართლიანი მართლმსაჯულება არ შეიძლება იყოს პირობადადებული სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობებით. ის უნდა გულისხმობდეს უნივერსალურ წვდომას ხარისხიან იურიდიულ დახმარებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიან მართლმსაჯულება არა უფლებად, არამედ პრივილეგიად იქცევა.
სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს, რომ პროცესის მონაწილე ყველა მხარე აღჭურვილი იყოს თანაბარი შესაძლებლობით, დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ნორმები აღიარებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, უზურნველყოს იურიდიული დახმარებით ყველა, ვისაც ამის სახსრები არ გააჩნია. ამავე დროს, იურიდიული დახმარება უნდა იყოს ხარისხიანი.
რა უშლის ხელს ამ უფლებით სარგებლობას?
- მართლმსაჯულების სისტემით სარგებლობა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ძვირი ფუფუნებაა;
- კვლევის თანახმად, მოსახლეობა სამოქალაქო დავების გადაწყვეტისთვის სასამართლოსადმი მიუმართაობის მიზეზად იურიდიული დახმარების სიმცირეს და სასამართლო და საადვოკატო ხარჯებს ასახელებს;
- 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 35%-სთვის სასამართლოსთვის მიმართვა ძალიან ძვირია, დამატებით 35%-სთვის კი უფრო ძვირი, ვიდრე იაფი;
- ადამიანთა ნაწილი მართლმსაჯულების სისტემით სარგებლობაზე უარს ძალადობის შიშის, კულტურული წნეხისა თუ სხვა ფაქტორების გამო შეიძლება ამბობდეს.
იურიდიული დახმარების როგორი მოდელები არსებობს?
იურიდიული დახმარების სამი ძირითადი მოდელი გამოიყოფა, ესენია:
- სახელმწიფო დაცვის მოდელი - როდესაც იურიდიული დახმარება სახელმწიფო სისტემის შემადგენელი ნაწილია. ადვოკატები საჯარო მოხელეები არიან. სისტემა კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება;
- უფლებამინიჭებული (კერძო) ადვოკატების მოდელი - როდესაც იურიდიულ სერვისს მოსახლეობას ლიცენზირებული კერძო ადვოკატები აწვდიან, მათი შრომა კი სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება;
- სახელშეკრულებო მიდგომა - როდესაც სახელმწიფო სხვა სუბიექტებთან თანამშრომლობს ადამიანებისთვის იურიდიულ მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად. ასეთი სუბიექტები არიან: არასამთავრობო ორგანიზაციები, იურისტთა გაერთიანებები, საუნივერსიტეტო კლინიკები და სხვა.
როგორია უფასო იურიდიული დახმარების სისტემა საქართველოში?
საქართველოში იურიდიული დახმარების შერეული მოდელი მოქმედებს, მასში გაერთიანებულია სამივე განხილული მოდელის მახასიათებლები. სახელმწიფო იურიდიული დახმარების სისტემა საჯარო სამართლის იურიდიული პირია. უფასო იურიდიული დახმარებით გათვალისწინებულია:
- იურიდიული კონსულტაცია - სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს;
- საადვოკატო წარმომადგენლობა - სარგებლობენ მხოლოდ სპეციფიკური ჯგუფები.
საქართველოში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ სისტემა ადამიანური და ფინანსური რესურსების სიმცირის პირობებში ფუნქციონირებს. საკანონმდებლო დათქმები კი ართულებს საჭიროების მქონე ყველა ჯგუფის ხელმისაწვდომობას საადვოკატო მომსახურებაზე.
სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს