შესავალი: ტყიბული ისტორიული ინდუსტრიული ქალაქია საქართველოს ორი კუთხის, რაჭისა და იმერეთის, საზღვარზე, სადაც ქვანახშირი XIX საუკუნის დასაწყისიდან მოიპოვება. სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე ქალაქი სრულფასოვანი საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრებით ცხოვრობდა. დღეს ტყიბულის ცხოვრების მთავარი და ერთადერთი განმსაზღვრელი ქვანახშირის წარმოებაა: აქ ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება „საქნახშირში“ და როგორ ცხოვრობენ მეშახტეები.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა: საქართველოს ინდუსტრიულ ქალაქებს შორის, ტყიბულში ყველაზე მაღალია მუშათა სიკვდილიანობა და ის ყველაზე მეტად არის დაცლილი მოსახლეობისაგან. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ კონკრეტულად რას ეწირება ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როგორ ცხოვრობენ ტყიბულელები და რატომ ტოვებენ მასიურად საკუთარ ქალაქს.
ჩვენი კომენტარი:
უკვე ათწლეულებია, ტყიბულის შახტებში მეშახტეები იღუპებიან და საწარმოო ტრავმებს იღებენ – შრომა არ არის უსაფრთხო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, საწარმოს მიერ გაცემული ხელფასები კი საცხოვრებლად არასაკმარისია. ამას მოწმობს ტყიბულელთა გაფიცვების ისტორია, გავალიანებისა და მიგრაციის მკვეთრად გამოხატული პრობლემები. ტყიბული, სხვა ინდუსტრიული ქალაქების მსგავსად, საჭიროებს საზოგადოების მუდმივ სოლიდარობასა და მხარდაჭერას.
რა უნდა ვიცოდეთ?
- ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელ საწარმო „საქნახშირს“ 2006-2019 წლებში „ჯი აი ჯი გრუფი“ ფლობდა, რომელიც მილიონერ ბიზნესმენს, დავით ბეჟუაშვილს, ეკუთვნის;
- ბეჟუაშვილმა საბჭოთა კავშირის შემდეგ გაჩერებული ქვანახშირის წარმოება 2006 წელს შახტების პრივატიზაციით განაახლა. მასვე ეკუთვნის კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტი“, რომელიც წარმოებული ქვანახშირის ნაწილს მოიხმარდა;
- 2021 წლის ინფორმაციით, „საქნახშირში“ დასაქმებულია 1300-მდე ადამიანი, რომელთა უმრავლესობაც საპენსიო ასაკშია;
- 2016 წლის თებერვალში ტყიბულში მასშტაბური გაფიცვა დაიწყო, რომელმაც 21 დღეს გასტანა. გაფიცვაში მთელი ქალაქი მონაწილეობდა, მუშებს კი სოლიდარობას თბილისიდან და დანარჩენი საქართველოდან უცხადებდნენ სხვა მუშები, სტუდენტები და უფლებადამცველი ორგანიზაციები. მუშებმა, პროტესტის ფარგლებში, შახტის ადმინისტრაციის შენობაც დაიკავეს. საბოლოოდ, გაფიცვა შეთანხმებით დასრულდა, თუმცა საწარმოში მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, რის გამოც, მომდევნო წლებში მუშებმა რამდენჯერმე კიდევ სცადეს გაფიცვა;
- 2010-2017 წლებში ტყიბულის შახტებში საწარმოო შემთხვევების შედეგად 27 მეშახტე დაიღუპა;
- მხოლოდ 2018 წლის პირველ შვიდ თვეში ტყიბულის მინდელის შახტამ 10 მეშახტის სიცოცხლე იმსხვერპლა;
- 2018 წელს მომხდარი ტრაგედიების შემდეგ, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, შახტაში მუშაობა შეჩერდა. „ჯი აი ჯი გრუფმა“ მიმართა სახელმწიფოს წინადადებით, უსასყიდლოდ გადაეცა მისთვის საწარმო, რასაც საქართველოს მთავრობა არ დათანხმდა;
- 2019 წელს, ჯი აი ჯი ჯგუფმა „საქნახშირის“ აქტივები სიმბოლურ ფასად გადასცა მთავრობის მიერ რეკომენდირებულ, ახლად დარეგისტრირებულ კომპანიას, „Steell International trades company“, რომლის 100%-იანი მეწილე და დირექტორი არის გიორგი ჭელიძე. ჭელიძე ასევე არის შპს „ჯითიეს - ჯორჯია ტერმინალ სერვისის“ დირექტორი - კომპანიის, რომლის 100%-იან წილსაც ჭიათურის მანგანუმის მფლობელი ჯორჯიან მანგანეზი ფლობს.
მნიშვნელოვანია, რომ ძიძიგურის შახტის სარემონტო სამუშაოებისთვის დახურვის შემდეგ, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, მუშებს შახტაში ჩასვლას მიწისქვეშა სავენტილაციო გვირაბის გავლით აიძულებდნენ, სადაც მხუთავი აირი გროვდება. ამან თავდაპირველად უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა კომპანია მუშებს მდგომარეობის გამოსწორებას დაპირდა და გაფიცვა შეწყდა. სწორედ ამ გვირაბში გავლისას 5 მუშა ღია ცეცხლისა და მძიმე დაკვამლიანების გამო მოიწამლა.