პენსიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია საპენსიო ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრების უფლებაა. შესაბამისად, მხოლოდ ოჯახის წევრებზე დამოკიდებულება ხანდაზმულს ამ უფლებას ართმევს. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საქართველოში პენსიის სიმწირემ სოციალურად დაუცველად აქცია ყველა, ვისაც არ ჰყავდა ვინმე, ვინც დამატებით უზრუნველყოფდა.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
საქართველოში 2018 წელს დანერგილი დაგროვებითი საპენსიო სქემა შეეხო ყველას – რეფორმის მიღმა დარჩენილებს, მის მონაწილეებსა თუ მომავალ თაობებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ სისტემისგან და შესაძლებელი იყო თუ არა საქართველოში უკეთესი საპენსიო რეფორმის განხორციელება, რომელიც
- მოიცავდა ყველას;
- მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა უკვე არსებული პენსიონერების ცხოვრებას;
- მომავალი თაობებისთვის ღირსეული სიბერის გარანტიას შექმნიდა.
ჩვენი კომენტარი:
საქართველოში შემუშავებული რეფორმა ინდივიდუალური დაგროვების ანგარიშების სქემაა, რომელიც გამორიცხავს თაობათაშორისი სოლიდარობის პრინციპს. ის გათვლილია საზოგადოების უკიდურესად ვიწრო სეგმენტზე და მისი განხორციელების მიზანი არა ხანდაზმულთა სოციალური უზრუნველყოფა, არამედ კაპიტალის ბაზრის განვითარებაა.
ისტორიული კონტექსტი
საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი საპენსიო შენატანები ჯერ საბჭოთა კავშირის ჩამოშლასთან ერთად დაკარგეს, როცა პენსიებზე პასუხისმგებელი ცენტრალური სადაზღვევო ფონდი გაუქმდა, შემდეგ კი ქვეყანაში პენსია 14 ლარი იყო და ისიც თვეების განმავლობაში არ გაიცემოდა.
- ეტაპობრივად პენსია გაუთანაბრდა საარსებო მინიმუმს, დღეის მდგომარეობით კი ამავე სტანდარტთან დაახლოებული საბაზისო პენსიის ზრდა, ძირითადად, ინფლაციაზეა ინდექსირებული.
- შესაბამისად, ის მხოლოდ სოციალური შემწეობის ფუნქციას ასრულებს, რაც საარსებოდ არასაკმარისია, თუნდაც მედიკამენტების ან პროდუქტის ფასების გათვალისწინებით;
- 2018 წელს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა საპენსიო რეფორმა, რომელიც არსებულ საბაზისო პენსიას დაგროვებით საპენსიო სვეტს დაუმატებდა.
რა უნდა ვიცოდეთ?
- შემთხვევითი არ არის, რომ საპენსიო რეფორმა შეიმუშავა და განახორციელა არა შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, არამედ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების დეპარტამენტმა;
- ეს სისტემა ითვალისწინებს კერძო, ინდივიდუალურ ანგარიშებზე დაგროვების პრინციპს, რომელიც თანხების გრძელვადიან დაგროვებას იწვევს;
- დაგროვებული საპენსიო აქტივები ხელსაყრელი საინვესტიციო კაპიტალია, რომელსაც კერძო კომპანიები სააქციო ბაზარზე დაატრიალებენ;
- ამ ფენომენს პენსიის პრივატიზაცია ჰქვია და თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც ის თაობათაშორისი სოლიდარობის სქემის გარეშე განხორციელდა, უარყოფითი შედეგები აჩვენა ფინანსური მდგრადობის, არასაკმარისი პენსიის, ასაკობრივი უთანასწორობისა და მოხუცთა სიღარიბის ზრდის თვალსაზრისით.
რას ითვალისწინებს ახალი საპენსიო სქემა?
- რეფორმა ითვალისწინებს დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასის 2+2+2 %-იანი (დასაქმებული - დამსაქმებელი - სახელმწიფო) შენატანების დაგროვებას ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე, რაც გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასაქმებული საპენსიო ასაკში გავა;
- 1% სახელმწიფოს შეაქვს იმ დასაქმებულების შემთხვევაში, რომელთა წლიური შემოსავალი 24 000-დან 60 000 ლარამდეა. თუ შემოსავალი მეტია, სახელმწიფო შენატანს არ აკეთებს;
- რეფორმა არ არის გათვლილი ამჟამინდელ პენსიონერებზე, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში მოსახლეობის თითქმის მეოთხედია. შესაბამისად, ისინი ცხოვრების ბოლომდე მხოლოდ საბაზისო პენსიის იმედად დარჩნენ;
- რეფორმა ასევე არ არის ორიენტირებული მათზე, ვინც ამ სისტემის დანერგვიდან 5-10 წელიწადში მიაღწევდა საპენსიო ასაკს. ამ პერიოდში 40 წლის ზემოთ მყოფთათვის სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო, რადგან 5-10 წლის შენატანები არ ქმნიდა არავითარ მნიშვნელოვან საპენსიო ბენეფიტს;
- შესაბამისად, მათ არც უღირდათ დაგროვება და სისტემის ამოქმედებიდან მალევე, სქემა 162 601-მა ადამიანმა დატოვა. ეს ნიშნავს, რომ ისინიც მხოლოდ საბაზისო პენსიას მიიღებენ;
- რეფორმა გათვლილია მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულებზე, ხოლო თვითდასაქმებულებს სქემა 4%-იან ნებაყოფლობით შენატანს აკისრებს. საქართველოს თვითდასაქმებულთა სტრუქტურაში მხოლოდ მცირე ნაწილია მეწარმედ რეგისტრირებული, უდიდესი ნაწილი კი არაფორმალურად შრომობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მშრომელთა ეს ნაწილიც სქემის გარეთ რჩება;
- რეფორმა არ ითვალისწინებს საქართველოს შრომის ბაზრის მნიშვნელოვან მახასიათებლებს, ვინაიდან 40 წლამდე დაქირავებით დასაქმებულთა დიდი ნაწილი დასაქმებულია მომსახურების სექტორში, რომელიც ხასიათდება დაბალი ანაზღაურებითა და არასტაბილური სამუშაო ადგილებით. შესაბამისად, მათი შენატანები დაბალი და წყვეტილი იქნება;
- რეფორმა არ ითვალისწინებს ქვეყანაში რეალური ხელფასების ოდენობას, ვინაიდან იგი გათვლილი იყო ოფიციალურ საშუალო ხელფასზე, რომელიც რეფორმის განხორციელების მომენტში 1202 ლარი იყო. თუმცა, ამ დროს დასაქმებულთა უმეტესობისთვის რეალური ზედა სახელფასო ჭერი 500 ლარი იყო.
შედეგად მივიღეთ სისტემა, რომელიც გათვლილია მხოლოდ 40 წლამდე დაქირავებით დასაქმებულთა ვიწრო სეგმენტზე, რომელიც საქართველოში მაღალანაზღაურებადად ითვლება, დანარჩენი კი ან რეფორმის მიღმა რჩება, ან დააგროვებს თანხას, რომელიც არასაკმარისი იქნება მომავალში.
ამასთან, რადგან სქემა ინდივიდუალურ ანგარიშებზე და, შესაბამისად, გრძელვადიან დაგროვებაზეა დაფუძნებული, ფონდიდან თანხები არ გაიცემა დღევანდელ პენსიონერებზე, არ ხდება საბაზისო პენსიის თანადაფინანსება, შენატანების წყვეტების დაფარვა, სოციალური სერვისების გაწევა და სხვა, რაც თაობათაშორისი სოლიდარობის სქემის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.
რა იყო ალტერნატივა?
გარდა იმისა, რომ რეფორმა რეალურად არ იყო მიმართული საპენსიო უზრუნველყოფაზე და ვერ ფარავდა მოსახლეობის უმრავლესობას, რეფორმის კრიტიკოსები ახსენებდნენ იმასაც, რომ საპენსიო აქტივების გამოყენება კაპიტალის ბაზრის სტიმულირებისთვის - რაც რეფორმის ავტორთა მიზანი იყო, ასევე არ იყო ადეკვატური გადაწყვეტილება, ვინაიდან საქართველოში არ არის განვითარებული სააქციო ბაზარი.
- რეფორმის შემუშავების ეტაპზე გაჩნდა რამდენიმე ალტერნატივა, რომლებიც ჯერ რეკომენდაციების, შემდეგ კი (ზოგიერთი მათგანი) ალტერნატიული კანონპროექტის სახით ჩამოყალიბდა;
- რეფორმას აკრიტიკებდა საპენსიო სისტემების ექსპერტი და ევროპის პროფკავშირების წარმომადგენელი მარტინ ჰუთსებაუთი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის, შრომის ბაზრისა და შემოსავლების ანალიზის საფუძველზე მთავრობას თაობათაშორისი სოლიდარობის სქემის განხორციელებისაკენ მოუწოდებდა;
- რეფორმას აკრიტიკებდნენ პროფკავშირებიც, რომლებმაც ასევე შექმნეს ალტერნატიული, თაობათაშორისი სოლიდარობის სვეტის მოდელი;
- სოციალ-დემოკრატების ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც რეფორმაში ასევე თაობათაშორისი სოლიდარობის სქემის ჩამატებას ითხოვდა, პირველივე წელს ქმნიდა არსებული პენსიონერებისთვის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების საშუალებას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში - დაბალშემოსავლიანთათვის მაღალ საპენსიო სარგებელს. კანონპროექტი გავიდა საპარლამენტო მოსმენებზეც, თუმცა პარლამენტმა მას მხარი არ დაუჭირა.
რა მივიღეთ?
- მთავრობამ უარი თქვა არსებული და მომავალი პენსიონერებისთვის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე;
- დღეს პენსიონერებს ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ურთულებს საპენსიო სესხები, რომელთაც პენსიის გამცემი „ლიბერთი ბანკი“ გასცემს;
- მიუხედავად იმისა, რომ სესხების საპროცენტო განაკვეთი მთავრობის გადაწყვეტილებით მცირდება, ეს ვერ იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას პენსიონერთა მდგომარეობაზე, რადგან თავად საპენსიო საკრედიტო სისტემის არსებობა იწვევს პენსიონერთა გავალიანებას და კიდევ უფრო აღარიბებს მათ;
- აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენას, ისევე, როგორც აღნიშნულ რეფორმას, არ მოეძებნება ანალოგი სხვა ქვეყნებში.
საბოლოო ჯამში, საქართველოში მივიღეთ მხოლოდ საბაზისო პენსიაზე, ანუ სოციალურ შემწეობასა და კერძო, ინდივიდუალურ, დაგროვებაზე, დაფუძნებული საპენსიო სისტემა, რომელშიც გამოტოვებულია ღირსეული და ეფექტური პენსიის უზრუნველსაყოფად საჭირო მთავარი სვეტი - ძლიერი საჯარო საპენსიო სქემა, რომელიც თაობათაშორის სოლიდარობას ეფუძნება.
შედეგად, მომავალში ეფექტური პენსია შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მას, ვისაც მუშაობისას მაღალი შემოსავალი ჰქონდა, დანარჩენები კი მხოლოდ სოციალური შემწეობის იმედად დარჩებიან.