პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რატომ ვეწინააღმდეგებით კანონპროექტს?

ხელისუფლებამ საკუთარი საზოგადოებისთვის მიცემული პირობა გატეხა და კანონპროექტი ხელახალი განხილვისთვის პარლამენტში დააბრუნა. ახლა კი ხელისუფლების პროპაგანდა ცდილობს, რომ ეს ინიციატივა გამჭვირვალობის არგუმენტით შეფუთოს და თან დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ანალოგიური კანონები დემოკრატიულ სისტემებშიც მოქმედებს. ამ სტატიის მიზანია საზოგადოებას გააცნოს სიმართლე კანონპროექტის შესახებ.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოს პარლამენტი ემზადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისთვის. ეს კანონპროექტი იმეორებს ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი კანონმდებლობების სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

ჩვენი კომენტარი

კანონპროექტი სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც არის ავტორიტარული სისტემებისთვის დამახასიათებელი ინიციატივა და რაც მთავარია, ის ცხადად და არაორაზროვნად, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. კანონპროექტის არაერთი დებულება წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, საერთაშორისო აქტებთან და სასამართლოების გადაწყვეტილებებთან. მისი ანალოგები არ მოქმედებს ევროკავშირსა და დემოკრატიულ სახელმწიფოებში.

რას ნიშნავს უცხოური გავლენა?

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის სათაური უცხოური გავლენის გამჭვირვალობაა, ვერსად ამოიკითხავთ რას ნიშნავს უცხოური გავლენა. ეს იმით აიხსნება, რომ კანონპროექტის ინიციატორებს არ აწყობთ ამ ტერმინის განმარტება, რადგან აღმოჩნდება, რომ ორგანიზაციები, რომლებზეც ისინი კანონის გავრცელებას აპირებენ, რეალურად უცხოური გავლენის ქვეშ არ საქმიანობენ. რას ნიშნავს ეს? უცხოური გავლენა ან უცხო ძალის ინტერესების წარმოდგენა დამატებითი გარემოებების არსებობას მოითხოვს. მხოლოდ დაფინანსების მიღება გავლენის არსებობისთვის საკმარისი არ არის. დამატებითი გარემოება შეიძლება იყოს სხვისი სახელით მოქმედება, სხვისი მითითებებით ან კარნახით მოქმედება, სხვისი კონტროლის ქვეშ მოქმედება. ინიცირებული კანონპროექტი კი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის იარლიყს ორგანიზაციებს ანიჭებს ისე, რომ არცერთ ამ დამატებით გარემოებას არ მოითხოვს. ნათელია, რომ ეს სტატუსი კანონპროექტში მხოლოდ ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვისაა გამოყენებული.

ეხება თუ არა კანონპროექტი უცხოური გავლენის რეგულირებას?

ხელისუფლების არგუმენტი იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი უცხოურ გავლენებს არეგულირებს თვალთმაქცურია შემდეგი მიზეზის გამო: კანონპროექტი ეხება მხოლოდ არამომგებიან ორგანიზაციებს და მედია ორგანიზაციებს (შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში), ანუ მათ ვისი საქმიანობის მიზანიც მოგების მიღება არ არის. შეუძლებელია კანონპროექტის მიზანი უცხოური გავლენების რეგულირება იყოს, მაშინ როცა ის საერთოდ არ ეხება კომერციულ ორგანიზაციებს ან ინდივიდუალურ ბიზნესმენებს, რომელთა შემოსავალიც უცხოეთიდან შეიძლება მოდიოდეს. როდესაც კანონპროექტი შერჩევითად მხოლოდ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს შეეხება, ნათელია, რომ მისი მიზანი არა უცხოური გავლენების რეგულირება, არამედ ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი და მისი შეფერხებაა. ვერაფერი ხსნის იმას, რატომ თვლის ხელისუფლება საერთაშორისო ფონდებიდან საქართველოში შემოსულ ფულს უფრო სახიფათოდ, ვიდრე ოფშორში რეგისტრირებული კომპანიებიდან საქართველოში გაკეთებულ გადმორიცხვებს? როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ მთავრობას შავ ფულთან ბრძოლის ინტერესი აქვს, როდესაც ის არათუ არ არეგულირებს შავი ფულის შემოდინების მთავარ წყაროს - ოფშორულ კომპანიებს - არამედ სხვა კანონით პირდაპირ გზას უხსნის მას.

ეხება თუ არა კანონპროექტი ფინანსურ გამჭვირვალობას?

პროპაგანადის ნაწილია მტკიცება, რომ კანონპროექტი მხოლოდ ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას ეხება. ამას ორი არგუმენტი მოწმობს:

პირველი - არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის იქმნება ახალი, სპეციალური სტატუსი, რომელიც კანონის მიღების შეთხვევაში ამოქმედდება. დღევანდელი კანონმდებლობით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ასეთ სტატუსს არ ატარებენ. ამდენად, კანონის მიღების შემთხვევაში, მათ მხოლოდ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება კი არ ექნებათ, ასევე ექნებათ ხელახალი რეგისტრაციის და სპეციალური სტატუსის ქვეშ საქმიანობის გაგრძელების ვალდებულებაც. ამ სტატუსს ორგანიზაციების დისკრედიტაციის გარდა არანაირი დანიშნულება არ გააჩნია.

მეორე - არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ორგანოებში წარადგენენ ფინანსურ დეკლარაციებს. რა შეიცვლება კანონის ამოქმედების შემთხვევაში? ორგანიზაციებს მოუწევთ ყოველწლიური „საფინანსო“ დეკლარაციის წარდგენა, რომელიც სინამდვილეში არის არამხოლოდ ფინანსური არამედ, შინაარსობრივი ანგარიში, რომელშიც ორგანიზაციამ ხარჯების მიზნობრიობაც უნდა განმარტოს. როგორ გამოდის ეს მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალობა, თუკი სახელმწიფოს ორგანიზაციების საქმიანობის შინაარსობრივი ზედამხედველობის შესაძლებლობაც ეძლევა? ნათელია, რომ ამ კანონპროექტის მიზანი არა ფინანსური გამჭვირვალობა, არამედ ორგანიზაციების დისკრედიტაცია, მათი საქმიანობის შინაარსობრივი კონტროლი და კრიტიკული ხმების ჩახშობაა. ბუნებრივია, ფინანსური დეკლარირების მოქმედი წესების განახლებას ახალი კანონპროექტის ინიცირება და მითუმეტეს სპეციალური რეესტრის შექმნა არც სჭირდებოდა.

რა ტიპის საქმიანობას არეგულირებს?

კანონპროექტი ეხება პრაქტიკულად ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას (შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში), მცირე გამონაკლისების გარდა. კანონპროექტი არ ეხება ვიწროდ მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პარტიულ პოლიტიკაზე, არჩევნებსა თუ ლობიზმის სფეროში საქმიანობენ. რაც უფრო ზოგადი და ფართოა კანონპროექტის მოქმედების არეალი, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მისი მიზნობრიობა და საჭიროება ცხადად დაასაბუთოს ინიციატორმა. ეს განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როდესაც კანონპროექტი არ ეხება პოლიტიკურ სფეროში ორგანიზაციების საქმიანობას. ასეთი დასაბუთება კი კანონპროექტს არ ახლავს.

არის თუ არა კანონპროექტი დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედი კანონების ანალოგი?

ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მსგავსი კანონები დემოკრატიულ სისტემებშიც მოქმედებს. თუმცა რეალობა განსხვავებულია. დღეს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტები ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს.

პირველ ჯგუფში ერთიანდება კანონები, რომელთა მიზნობრიობა ნათელია, მოქმედების სფერო კი ვიწროდ და კონკრეტულად განსაზღვრული. ასეთია მაგალითად დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის და ევროკავშირის რეგულაციები.

მეორე ჯგუფში კი ერთიანდება ზოგადი, ბუნდოვანი და დისკრიმინაციული ბუნების მქონე კანონები, რომელთა მიზანი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის ბარიერების შექმნაა. ასეთებია რუსეთში, ისრაელში, უნგრეთში, ყირგიზეთში, ნიკარაგუაში მომზადებული კანონები ან კანონპროექტები.

ამ ორ ჯგუფს შორის პრინციპული სხვაობები შემდეგ საკითხებში გამოიხატება:

სუბიექტთა წრე: ავსტრალიაში, ევროკავშირში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში შემუშავებული რეგულაციების სამიზნე არ არის უშუალოდ არამომგებიანი ან მედია ორგანიზაციები. უცხოური გავლენის მარეგულირებელი აქტები არ არის დისკრიმინაციული და ისინი ერთნაირად შეეხება ყველა ტიპის სუბიექტს. ავტორიტარულ სისტემებში კი ასეთი კანონები მიიღება სწორედ არამომგებიანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ, ისე როგორც ეს საქართველოში ხდება.

უცხოური გავლენის ცნება: ავსტრალიაში, ევროკავშირში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში მოქმედი კანონები ორგანიზაციებს სტატუსს მხოლოდ დაფინანსების საფუძველზე არ ანიჭებს და ითხოვს გავლენის დამადასტურებელი რომელიმე სხვა გარემოების არსებობასაც. ავტორიტარულ რეჟიმში კი უცხოური გავლენის აგენტის სტატუსი, როგორც წესი, მიბმულია მხოლოდ დაფინანსებაზე, ისე როგორც ეს საქართველოში ხდება.

უცხო ძალის ცნება: კანადაში, ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში უცხო ძალას წარმოადგენს არა ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, არამედ სხვა სახელმწიფოს მთავრობა, პოლიტიკური პარტია ან მთავრობასთან დაკავშირებული სუბიექტი. ავტორიტარულ სისტემებში კი უცხო ძალა განიმარტება უფრო ფართოდ და როგორც წესი გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ისე როგორც ეს საქართველოში ხდება.

იარლიყი: საფრანგეთში, ევროკავშირში, ავსტრალიაში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში რეგისტრაციას არ მოყვება სპეციალური სტატუსის/იარლიყი ორგანიზაციებისთვის. მაშინ როდესაც, საქართველოს მსგავსად, ასეთი სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს კანონები ბულგარეთში, ისრაელში, ყირგიზეთში, ყაზახეთსა თუ რუსეთში.

ნათელია, რომ საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი გავს ავტორიტარული ქვეყნების კანონმდებლობებს, ევროკავშირში კი ასეთი რეგულაციები არ მოქმედებს. ამ კანონპროექტის მიღება უკიდურესად დააზიანებს დემოკრატიის ხარისხს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას საქართველოში. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს საზოგადოებაში დაძაბულობას და ბრაზის სამიზნედ აქცევს სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

მასალა მოამზადეს
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
ავტორი