პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორ ებრძვის სახელმწიფო უმუშევრობას? – პრობლემის აღიარებიდან მუშაობის გასააქტიურებელ პოლიტიკამდე
ნოემბერი 3, 2023

„სოციალურად დაუცველის სტატუსი არ უნდა იყოს იმისკენ მიდრეკილი, რომ მოსახლეობამ არ იმუშაოს. შრომისუნარიანი მოსახლეობა უნდა მუშაობდეს …შრომისუნარიანი ადამიანები უნდა იყვნენ მიდრეკილები იქით, რომ კერძო სექტორში იმუშაონ…“ ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 

სიმბოლურია, რომ სწორედ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი საუბრობს სოციალურად დაუცველებსა და მომავალში გასატარებელ რეფორმებზე და არა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამ მოვლენიდან კარგად ჩანს სახელმწიფოს ხედვა სოციალურად დაუცველთა შემწეობა განიხილება არა სოციალური პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოს ვალდებულების საკითხად, არამედ მხოლოდ სახელმწიფოს ფინანსურ ტვირთად.

იმისთვის, რომ ავხსნათ, რატომ არის დასაქმების პრობლემა მუდმივად აქტუალური, საჭიროა, დავინახოთ, რა კეთდება ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა იცის, როგორი რთულია მუშაობის დაწყება, განსაკუთრებით ნორმალური ანაზღაურებითა და ღირსეული შრომითი პირობებით, აგრეთვე, სამსახურის სტაბილურად შენარჩუნება. ასეთ დროს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არიან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, სოციალურად დაუცველები და დიდი ხნის განმავლობაში უმუშევრად დარჩენილ პირები. 

შესაბამისად, ერთ მხრივ, უნდა გავაანალიზოთ, რა განაპირობებს დასაქმების მაჩვენებლის ცვლილებას, ვის ეზრდება ხელფასი და, მეორე მხრივ, უნდა გავიგოთ, რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად,  როგორია მისი დასაქმების პოლიტიკა და რა არ უნდა გამოგვრჩეს ამ თემის გაანალიზებისას.

ჩვენი კომენტარი

ქვეყანას არ გააჩნია გამართული, სისტემური დასაქმების გასააქტიურებელი პოლიტიკა და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც გამოწვევებს ეფექტიანად უპასუხებს. არც უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლის კლება და არც დასაქმების პროცენტული მაჩვენებლის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს სამუშაო ადგილების რაოდენობის რეალურ ზრდას.

დღეს სახელმწიფო  მეტწილად მიიჩნევს, რომ მოქალაქეების გასაჭირი მხოლოდ მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და მათივე გადაწყვეტილებების ნაყოფია. სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მქონე ადამიანებს უყურებს ისე, თითქოს მათ შეუძლიათ, მაგრამ არ სურთ დასაქმება. იმ პროგრამებსაც, რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, მეტწილად აფუძნებს სანქცირების (ე.წ. დასჯის) პრინციპებზე

გარდა ამისა, სახელმწიფო არაფერს აკეთებს უკვე დასაქმებული, თუმცა საცხოვრებლად არასაკმარის ხელფასზე მომუშავე პირების გამოწვევების გადასაწყვეტად. ქვეყანაში არ გვაქვს არც მინიმალური და არც საცხოვრებელი ხელფასი. ეს კი ხშირად იწვევს ადამიანების შრომით ექსპლუატაციას. მშრომელი მუშაობს ბევრს არასაკმარისი ანაზღაურების სანაცვლოდ. ასეთ ვითარებაში კი საქართველოს მთავრობა ნომინალური ხელფასის ზრდას მიიჩნევს უდიდეს წარმატებად. პარალელურად, ქვეყანაში მაღალია არაფორმალური შრომის მაჩვენებელიც, ამ სექტორში დასაქმებული პირების უფლებები კანონის დონეზე ფაქტობრივად დაცული არ არის, სახელმწიფოს პასუხები კი სუსტია.

რა არის მნიშვნელოვანი დასაქმების მაჩვენებლის გაანალიზების დროს?

დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის გასაანალიზებლად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რატომ შემცირდა სამუშაო ძალის მაჩვენებელი, მაგალითად, 2015 წლის მონაცემებთან შედარებით. ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ესენია: მოსახლეობის ბუნებრივი კლება (უფრო მეტი გარდაცვალება, ვიდრე დაბადება), შრომითი ძალის მიგრაცია, სამუშაოს პოვნის იმედის გადაწურვა და სხვა მიზეზები. 

ბუნებრივ კლებაში, მიუხედავად ზოგადი უარყოფითი ტენდენციისა, ბოლო წლებში დიდი სხვაობა არ იკვეთება, ხოლო მიგრაციის მაჩვენებელი გვეუბნება, რომ საქართველოდან ბევრი მოქალაქე გავიდა. 2022 წელს ქვეყნიდან გასულთა რაოდენობა შემოსულებისას 46 397-ით აღემატება, რაც ბოლო 10 წლის მონაცემებით ყველაზე უარესი შედეგია.  შესაბამისად, სამუშაო ძალის შემცირების ფონზე გაზრდილი დასაქმების და შემცირებული უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი არ შეიძლება მიიჩნეოდეს წარმატებად. 

კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არ შეიძლება დასაქმების პროცენტული წილი განიხილებოდეს უპირობო კეთილდღეობად, არის ის, რომ საქსტატის მეთოდოლოგიის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება ადამიანი, რომელიც გამოკითხვამდე ბოლო კვირაში 1 საათი მაინც მუშაობდა ანაზღაურების ან მოგების სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევაში დასაქმებულთა ნაწილი არასრულ, არასტანდარტულ და პრეკარიულ შრომაში არის ჩართული, რაც ვერ უზრუნველყოფს ფინანსურ კეთილდღეობას. მეტიც, ქვეყანაში მინიმალური ხელფასი თვეში მხოლოდ 20 ლარით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ,,დასაქმებულის“ სტატუსი შეიძლება სრულებით არ უზრუნველყოფდეს უმუშევარზე ან სამუშაო ძალის გარეთ მყოფ ადამიანზე უფრო მეტ ეკონომიკურ სტაბილურობას და სოციალურ გარანტიებს

ვისთვის იზრდება ხელფასები?

ხელისუფლების წარმომადგენლები გამოსვლების, დებატებისა თუ ინტერვიუების დროს ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში ხელფასები იზრდება. ამ დროს ისინი, ცხადია, ნომინალურ ხელფასზე საუბრობენ და მათ ნათქვამში არ ჩანს რეალური სურათი. საშუალო ხელფასში არ ჩანს ხელფასების დიფერენციაცია. ვისთვის გაიზარდა ხელფასი? მათთვის, ვინც პრეკარიატულ შრომაშია ჩართული? თუ მათთვის, ვინც მაღალ თანამდებობებს იკავებს? საშუალო არითმეტიკულით ამის გაგება შეუძლებელია

უფრო დეტალურად იხილეთ: ხელფასები საქართველოში – როგორია დათვლის მეთოდოლოგია და რა არის მნიშვნელოვანი?

ამავე დროს, ხელფასების ზრდა არ ნიშნავს შემოსავლების ზრდას. სავარაუდოდ, არაფორმალურ შრომაში ჩართული და თვითდასაქმებული ადამიანების შემოსავლები ბევრად ნაკლებია, ვიდრე დაქირავებით დასაქმებული მშრომელის, თუმცა ამ შემოსავალს საქსტატი არ/ვერ ითვლის.   

მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ რომელ ინდუსტრიაში არიან ადამიანები ძირითადად დასაქმებული და როგორი ხელფასებია ამ ინდუსტრიებში. საქსტატის 2022 წლის მონაცემების თანახმად, ყველაზე ხშირად დასაქმებულები არიან:

აღსანიშნავია, რომ ამ 4 სფეროში 724,2 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, მაშინ, როდესაც სულ დასაქმებული იყო 1 მილიონ 283 ათასი ადამიანი. შესაბამისად, ამ 4 სფეროში დასაქმებული პირების ჯამური რიცხვი აღემატება სხვა სფეროებში დასაქმებულების ჯამურ რიცხვს. ნომინალური ხელფასები ამ საქმიანობებში კი ყველა შემთხვევაში ჩამოუვარდება საშუალო ნომინალურ ხელფასს 1543 ლარს (2022 წლის მონაცემი), რაც მოწმობს, რომ, დასაქმებულების უმრავლესობა უფრო დაბალ ხელფასს იღებს.

რას აკეთებს სახელმწიფო დასაქმების გასააქტიურებლად?

საქართველოში 2006 წლიდან იქმნება დასაქმების პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. 2022 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას არ აქვს სოციალური კოდექსი, შესაბამისად, არც სოციალური დაცვის ერთიანი ხედვა და არც სისტემური პოლიტიკა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა სოციალურად დაუცველების მუშაობის გასააქტიურებელი პროგრამა. ეს პროგრამა ძირითადად ბენეფიციარების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას და მაქსიმუმ 300 ლარიანი ხელფასის გაცემას ითვალისწინებს. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, ჯამში 635 769 ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას. აქედან: 435 578 ადამიანი იღებს შემწეობას, 200 191 პირი კი ჩართულია საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში. პროგრამის ეფექტიანობის სათანადოდ შეფასება 1 წლის შემდეგაც რთულია, ვინაიდან არსად ქვეყნდება მისი მუშაობის შესაფასებელი ინფორმაცია თუ მონაცემები. 

საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის ის სამართლებრივი აქტები, რომლებითაც უნდა დადგენილიყო საზოგადოებრივი სამუშაოების სახეობები და სოციალური ხელშეკრულების სტანდარტული პირობები. გაუმჭვირვალეა პროგრამის ფარგლებში შექმნილი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია. საგულისხმოა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის არარსებობის გამო, პროგრამის შედეგების შესახებ ინფორმაციის მისაღებად „კომენტარმა“ ისევე როგორც წინა წელს, 1 წლის შემდეგაც მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. თუმცა მათ კვლავ არ შეასრულეს კანონისმიერი ვალდებულება და არ გადმოგვცეს ეს ინფორმაცია.

მიუხედავად ამისა, პროგრამის მარეგულირებელი აქტების ანალიზითა და სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას, რომ:

  • ეს პროგრამა არ ითვალისწინებს დასაქმების ადგილების შექმნას, პროგრამის მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მათი განვითარებისა და გრძელვადიანი დასაქმების ხელშეწყობას. საზოგადოებრივი სამუშაოები ძირითადად მოიცავს გარე დასუფთავებასა და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს
  • უცნობია პროგრამის ხანგრძლივობა;
  • ცხადად და პირდაპირ არ არის განსაზღვრული, რა ვადით ხდება ბენეფიციარების დასაქმება. შეუძლია პროგრამაში ჩართულ პირს სრული 4 წლის განმავლობაში მონაწილეობა თუ დროის მხოლოდ გარკვეული მონაკვეთით არის შემოფარგლული? ერთი შეხედვით, ბენეფიციარზე საშეღავათო პირობები გავრცელდება, თუ ის პროგრამით განსაზღვრული რომელიმე შეთავაზებით 4 წლის განმავლობაში ისარგებლებს. ეს შეგვიძლია ვივარაუდოთ დადგენილების დანაწესიდან, რომელიც ადგენს, რომ საზოგადოებრივი სამუშაოს შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში დასაქმების სააგენტო ბენეფიციარს ახალ შეთავაზებას განუსაზღვრავს და საშეღავათო პირობების გაგრძელება სწორედ ამ შეთავაზებით სარგებლობაზეა დამოკიდებული. თუმცა, ეს მაინც ბუნდოვანია და პირდაპირ არ გამომდინარეობს დადგენილებიდან. მასში აგრეთვე არ არის განსაზღვრული, რა იგულისხმება საზოგადოებრივი სამუშაოს შეწყვეტაში. 

ამ საკითხებზე პასუხი პროგრამით გათვალისწინებული არ არის, ვინაიდან არ არსებობს კონკრეტული, განსაზღვრული პოლიტიკა, რაც კიდევ უფრო ართულებს დასაქმების პროგრამის შეფასებას. 

საბოლოოდ კი, 

მთავრობას ბოლო წლებში არ შეუცვლია არც ეკონომიკური და არც სოციალური პოლიტიკის ხედვა. როგორც სტატიაში განვიხილეთ, არც დასაქმებულთა რაოდენობის პროცენტული ზრდა და არც საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდა შეიძლება სრულებითაც არ აისახებოდეს მოსახლეობის დიდ ნაწილზე. მიუხედავად ამისა, ამ საკითხებზე საუბარი პოლიტიკურ თუ მედია ელიტებში ნაკლებად ხდება. 

პარალელურად, ქვეყანას არ აქვს ერთიანი, სისტემური სოციალური პოლიტიკა, რასაც ადასტურებს ერთიანი კოდიფიცირებული დოკუმენტის არარსებობაც. კვლავ შეჩერებულია „სოციალური კოდექსის“ მიღების საკითხი, მაშინ როდესაც ვხედავთ პრემიერ-მინისტრის ერთჯერად, არასისტემურ ინიციატივებს დასაქმების გასააქტიურებლად, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს ან შეწყდეს. გარდა ამისა, ფაქტობრივად არ გვაქვს ინფორმაცია,  როგორ მუშაობს ეს პროგრამა, რადგან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.  

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინო ხელაძე
ნინო ხელაძე
ავტორი
მარიამ სვიმონიშვილი
მარიამ სვიმონიშვილი
რედაქტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი