პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორ მართავს ინფლაციას ცენტრალური ბანკი?
მაისი 24, 2023

ფასების დონის სტაბილურობის უზრუნველყოფა ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი მთავარი მისიაა. ეროვნული ვალუტის მქონე ქვეყნების უმეტესობაში ამ მიზნის მისაღწევად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას იყენებს, რომელიც პოლიტიკური ჩარევისგან დამოუკიდებლად უნდა განხორციელდეს. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა:

მონეტარული პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკაში ფულის მიწოდებასა და ფასებს არეგულირებს. ეს პოლიტიკა ეროვნული ბანკის მიერ იმართება და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მოქმედებს, როგორებიიცაა: ინფლაცია, დასაქმება, ეროვნული ვალუტის კურსი და ეკონომიკური ზრდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი რეფინანსირების განაკვეთია, რომლის საშუალებითაც ცენტრალურ ბანკს ფულის გაიაფება ან გაძვირება შეუძლია. მოსალოდნელი ინფლაციის შემთხვევაში, ცენტრალური ბანკები ამკაცრებენ (ზრდიან) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, რაც აძვირებს კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებს. შესაბამისად, შინამეურნეობები და ფირმები ნაკლებს სესხულობენ, მცირდება მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე, იკლებს ინვესტიციები და შემცირებული ეკონომიკური აქტივობის შედეგად სტაბილურდება ფასების დონე.

ამრიგად, ფასების სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ ერთობლივი მოთხოვნის, ეკონომიკის შემცირების, ხარჯზე მიიღწევა. ეკონომიკის შემცირება კი უმუშევრობის ზრდას იწვევს. 

ეს ნიშნავს, რომ როდესაც ცენტრალური ბანკი მიზნად ისახავს ფასების შემცირებას (ინფლაციის კონტროლს) საპროცენტო განაკვეთის გაზრდით, ამას ეკონომიკის ზრდის შემცირებისა და უმუშევრობის დონის გაზრდის ხარჯზე აკეთებს. 

ჩვენი კომენტარი:

მართალია, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მეტწილად დადებითად აისახება ფასების სტაბილურობაზე, მაგრამ იგი ამცირებს დასაქმებას და აფერხებს ეკონომიკის ზრდას. მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აღრმავებს უთანასწორობასაც, მაღალი საპროცენტო განაკვეთი სესხებზე უფრო ცუდად მოქმედებს დაბალშემოსავლიან ოჯახებსა და მცირე ბიზნესზე, რადგან ამ ჯგუფების სამომხმარებლო და საინვესტიციო ბიუჯეტი უფრო მეტად არის დამოკიდებული კრედიტზე, ვიდრე მაღალი შემოსავლის მქონე პირებისა.

რა უნდა ვიცოდეთ?

1970-80-იან წლებში ინფლაციური შოკებით შეწუხებული ეკონომისტები ფიქრობდნენ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ინფლაციის წინააღმდეგ მიმართული მონეტარული პოლიტიკა. შედეგად, ეკონომიკურად მოწინავე ქვეყნების მთავრობების უმეტესობამ გადაწყვიტა, რომ სტაბილური ფასების შენარჩუნება ცენტრალური ბანკებისთვის გადაებარებინათ. 

1990-იან წლებში ცენტრალურმა ბანკებმა ამ ფუნქციის შესასრულებლად ინფლაციის თარგეთირების რეჟიმები დანერგეს. საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე 2009 წელს გადავიდა

ინფალაციის თარგეთირება არის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი, რომელშიც ცენტრალური ბანკის უმთავრესი მიზანი ფასების სტაბილურობის მიღწევა და შენარჩუნებაა. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი წინასწარ განისაზღვრება, ხოლო შემდეგ მონეტარული პოლიტიკა იმგვარად წარიმართება, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს. 

როგორც წესი, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2 პროცენტია ხოლო განვითარებად ქვეყნებში - 3 ან 4. საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2023-2025 წლისთვის 3 პროცენტს შეადგენს

როგორ მუშაობს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი?

როდესაც ცენტრალური ბანკი მიზნად ისახავს ინფლაციის 3%-იან დონეს, მონეტარული პოლიტიკა საშუალოვადიან პერსპექტივაში სწორედ ინფლაციის ამ დონის შენარჩუნებას ემსახურება, უმეტესად, რეფინანსირების განაკვეთის საშუალებით. 

უფრო კონკრეტულად:

თუ ქვეყანაში გვაქვს ფასების მკვეთრი ზრდა (მიზნობრივ დონეზე მაღალი ინფლაცია), მაშინ ცენტრალური ბანკი ზრდის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს (რეფინანსირების განაკვეთს), რაც პირდაპირპროპორციულად აისახება საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთების ზრდაზე. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების პირობებში სესხებზე მოთხოვნა იკლებს, შედეგად კი მცირდება ინვესტიციები და სამომხმარებლო ხარჯები. 

ეს პროცესი ამცირებს დასაქმებას, ხოლო დასაქმებულები, გაზრდილი უმუშევრობის პირობებში, მზად არიან, დათანხმდნენ დაბალ ხელფასზე მუშაობას. თავის მხრივ, შემცირებული ხელფასები, შემცირებულ წარმოების ხარჯებს ნიშნავს, რაც ფასების დასტაბილურებაზე, ანუ ინფლაციის შემცირებაზე აისახება.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ზეზვა ზანგურაშვილი
ზეზვა ზანგურაშვილი
ავტორი
ია ერაძე
ია ერაძე
რედაქტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი