ეს საინფორმაციო სტატია აგრძელებს ქართული სასამართლოს შესახებ სხვადასხვა დროს მომზადებული საერთაშორისო შეფასებების მიმოხილვას. ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ ამგვარი შეფასებები 2004-2012 წლებისათვის. ახლა კი გვინდა, თავი მოვუყაროთ ძირითად შეფასებებს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
მმართველი პარტია ხშირად საუბრობს პროგრესზე, რომელსაც სასამართლომ მათი მმართველობის პერიოდში მიაღწია, კრიტიკულ საერთაშორისო შეფასებებს კი ცდილობს, მათი ავტორების დისკრედიტაციით უპასუხოს და მიკერძოებულობაში დასდოს მათ ბრალი. ეს სტატია საზოგადოებას საშუალებას მისცემს, თავად გაეცნოს საერთაშორისო შეფასებების დინამიკას, ნახოს, როგორ და რა მიზეზით იცვლებოდა ის წლების განმავლობაში.
ჩვენი კომენტარი
სასამართლოს შესახებ საერთაშორისო შეფასებები ორ ეტაპად შეიძლება დაიყოს: ქართული ოცნების მმართველობის პირველ წლებში შეფასებები შედარებით დადებითი იყო. მოგვიანებით კი შეფასებები თვალშისაცემად გაუარესდა. ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა უზენაეს სასამართლოში ნაჩქარევი დანიშვნების, ასევე შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაზე უარის თქმის შემდეგ.
როგორ იცვლებოდა შეფასებები?
2013-2015 წლებში, ქართული ოცნების მმართველობის პირველ ეტაპზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, გამოწვევებთან ერთად, ყურადღებას ამახვილებდნენ ისეთ დადებით სიახლეებზე, როგორებიც იყო:
- სასამართლო სხდომების გახსნა აუდიო-ვიდეო გადაღებისათვის,
- მოსამართლეების მხრიდან პროკურორების შუამდგომლობების უფრო მაღალი სტანდარტით განხილვა,
- მოსამართლეთა ასოციაციის ფორმით სასამართლოში ალტერნატიული ხმის გაჩენა.
2016-2018 წლებში, მას შემდეგ, რაც ინტენსიურად დაიწყო მოსამართლეთა უვადო დანიშვნები და ამ პროცესმა არაერთი კითხვა გააჩინა, შეფასებები გამწვავდა. მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტი წერდა, რომ:
-
- იზრდებოდა მოსამართლეებზე ზეგავლენის რისკი პოლიტიკური მნიშვნელობის საქმეებზე;
- მოსამართლეების დანიშვნისა და დისციპლინური წარმოების პროცედური და კრიტერიუმები ბუნდოვანი იყო;
- საბჭოში აზრთა მრავალფეროვნების ნაკლებობა იგრძნობოდა;
- ძლიერდებოდა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც ძირითადად, საბჭოს წევრებისა და სასამართლოს თავმჯდომარეებისგან შედგებოდა;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად „კლანთან“ დაახლოებული პირები სახელდებოდნენ;
ამავე დროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აკრიტიკებდა სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის წესის უცვლევად დატოვებას. ასევე აღნიშნავდა, რომ:
- 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის მოჩვენებითი ცვლილება იყო;
- საბჭო ფუნქციონირებდა როგორც კორპორატიული ორგანო. მისი უფლებამოსილებები იყო ფართო და დისკრეციული მოსამართლეთა დანიშვნის, გადაყვანისა და დისციპლინირების საკითხებში; არ არსებობდა მკაფიო საკანონმდებლო კრიტერიუმები და გადაწყვეტილების მიღების პროცესიც არ იყო გამჭვირვალე. ამ ხარვეზის შესახებ წერდა ევროკავშირიც.
2019-2022 წლებში განსაკუთრებით მწვავე შეფასებები გამოიწვია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესმა.
- ამ გადაწყვეტილებებს უარყოფითად გამოეხმაურნენ აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური;
- 2021 წელს, ქართულმა ოცნებამ დატოვა შარლ მიშელის შეთანხმება, რომელიც სასამართლო რეფორმის განხორციელებასაც მოიცავდა;
- მალევე ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების (75 მილიონი) მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი;
- 2022 წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის მოსაზრება გამოქვეყნდა, რომელიც მთავარ გამოწვევად სასამართლოს დამოუკიდებლობას ასახელებდა და საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას მოითხოვდა.
სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს