პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორ სრულდება 12 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები?
იანვარი 10, 2023

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების ცალსახა წინაპირობა მართლმსაჯულების ძირითადი ინსტიტუტების გაძლიერებაა. ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პუნქტიან პრიორიტეტებში სასამართლოს ორი რეკომენდაცია ეხება. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ სრულდება საქართველოს მიერ ეს წინაპირობები. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას ევროკომისია, სავარაუდოდ, მომდევნო წლის ოქტომბერში შეაფასებს. სწორედ ამ დროს გავიგებთ, იქნება თუ არა საკმარისი საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. თუმცა უკვე შესაძლებლია მსჯელობა იმ დამოკიდებულებაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება სასამართლოს რეფორმებთან მიმართებით ავლენს.   

ჩვენი კომენტარი: ევროკომისიის ვრცელი და ზოგიერთ შემთხვევაში ზოგადი რეკომენდაციები, ხელისუფლებამ უკიდურესად ვიწროდ განმარტა და მხოლოდ მინიმალური ტექნიკური შესწორებებისთვის გამოიყენა. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა სტრატეგია და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებულ ვერცერთ მთავარ გამოწვევას ვერ უპირისპირდება. 

რა უნდა ვიცოდეთ?

მიმდინარე წლის ივნისში ევროკომისიამ, ევროკავშირის წევრობისთვის დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით,  საქართველოში პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხარისხი შეაფასა

დასკვნის თანახმად: 

  • წარსულში გატარებული ცალკეული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, რეფორმების პროცესი შესუსტდა და გადაიდგა დამაზიანებელი ნაბიჯები;   
  • შესუსტდა მართლმსაჯულების მთავარი ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობა;
  • იუსტიციციის უმაღლესი საბჭო პრიორიტეტულად საჭიროებს ძირეულ რეფორმირებას;
  • არაერთი მოწოდების მიუხედავად, კანონმდებლობაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვამდე, უზენაეს სასამართლო მოსამართლეები დაინიშნენ უვადოდ. 

გასათვალისწინებელია, რომ საქართველომ ვერ შეასრულა ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების (75 მილიონი ევრო) მისაღებად საჭირო პირობა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაზრდის შესახებ

სწორედ ამგვარი შეფასების შედეგად, ევროკომისიამ საქართველოსთვის განსაზღვრა 12 პრიორიტეტი. სასამართლოს შესახებ ამ პრიორიტეტებში აღნიშნულია, რომ საჭიროა: 

  • სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მრავალპარტიული/ინკლუზიური პროცესით შემუშავება;
  • მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვის რეალური დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა; 
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა;
  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური ადგილების შევსება;
  • მოსამართლეების დანიშვნის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება ეროვნული სასამართლოების მიერ

რეკომენდაციების ეს ვრცელი და ზოგიერთ შემთხვევაში ზოგადი ხასიათის ჩამონათვალი საქართველოს ხელისუფლებამ ვიწროდ განმარტა და თავი აარიდა რეალური, გარდამტეხი ცვლილებების შემუშავებას.  

კერძოდ, წინაპირობებზე პასუხად, ივნისიდან დღემდე:

  • შემუშავდა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც, თავის მხრივ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მომზადებულ სასამართლოს შეფასების ანგარიშს ემყარება. ორივე დოკუმენტი უგულებელყოფს მართლმსაჯულების ძირეულ გამოწვევებს და აცდენილია ევროკომისიის დასკვნის სულისკვეთებას
  • პარლამენტმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმების ნაცვლად, მოამზადა კანონპროექტი სასამართლო გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობის გაზრდის და მოსამართლეთა დანიშვნის ზოგიერთი საკითხის ცვლილების შესახებ. კანონპროექტის მოსაზრებისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა; 
  • შემუშავდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების დანერგვის მექანიზმები. 
  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრები ჯერ კიდევ ვერ შეირჩა;

ეს ნაბიჯები არ ადასტურებს ხელისუფლების რეალურ სურვილსა და ძალისხმევას, უპასუხოს  ევროკომისიის მთავარ რეკომენდაციებს. ამდენად, ის არ ზრდის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს და არ უპირისპირდება მოსამართლეთა, პოლიტიკურად მხარდაჭერილი, გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლებასა და ინტერესებს.

 

სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი