პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორ უწყობს ხელს სახელმწიფო სათამაშო ბიზნესის განვითარებას საქართველოში?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სათამაშო ბიზნესს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. თუმცა, ის ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგივე ხდება საქართველოშიც. კვლევები ცხადყოფს, რომ აზარტული თამაშების ორგანიზება ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საქმიანობაა საქართველოში და მისი ბრუნვა ყოველწლიურად მატულობს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში მაღალია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი. დამოკიდებულების ტენდენცია მზარდია არასრულწლოვანებშიც. თუმცა, მწირია მისი პრევენციისთვის გადადგმული ნაბიჯები. უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული საფრთხეები და რისი გაკეთება უნდა მოვთხოვოთ ამისთვის სახელმწიფოს.

ჩვენი კომენტარი

სახელმწიფოსთვის მთავარი სათამაშო ბიზნესის სარგებელია – გადასახადები და  ეკონომიკის ზრდა, ამიტომაც ქმნის სათათბურე პირობებს მისი განვითარებისთვის. თუმცა, თუ სახელმწიფო არ იმუშავებს ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებული საფრთხეების შესამცირებლად, ქვეყანა როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად მძიმე შედეგებამდე მივა.

რამ შეუწყო ხელი სათამაშო ბიზნესის აღმავლობას საქართველოში?

ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო რეგიონში, რომელმაც ამ სფეროში დაწესებული აკრძალვები მოხსნა და ხელსაყრელი გარემო შექმნა სათამაშო ინდუსტრიისთვის. დღესდღეობით საქართველოში აზარტული თამაშების 1030 სუბიექტია რეგისტრირებული და ის ქვეყნის შემოსავლის ერთ-ერთი დიდი წყაროა. მაგალითად, 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 52.647 მლრდ ლარი შეადგინა. ეს კი 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 4.709 მილიარდი ლარით, 2020 წელთან შედარებით კი – 20.556 მილიარდი ლარით მეტია.

სათამაშო ბიზნესის მოწყობის მოდელები

არსებობს სათამაშო ბიზნესის მოწყობის ორი – ზოგადი და ზონალური მოდელი. ზოგადი მოდელის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოწყობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა დაშვებული. ზონალური მოწყობა კი სათამაშო დაწესებულებების ლიმიტირებულად, წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიულ არეალში განთავსებას გულისხმობს.

რომელი მოდელი მოქმედებს საქართველოში?

საქართველოში სათამაშო ბიზნესის მოწყობის ზოგადი მოდელი მოქმედებს და მისი განთავსება ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზეა ნებადართული. თუმცა, 2005 წლიდან სხვადასხვა ტერიტორიაზე აზარტული თამაშების მოწყობისთვის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი დააწესა სახელმწიფომ. ზოგიერთი ტერიტორიაზე სამორინეების განთავსება სრულად გაათავისუფლა გადასახადისგან (სიღნაღი, წყალტუბო, გუდაური ა.შ.) და ამით ხელი შეუწყო ამ საქმიანობის გაფართოებას. დღესდღეობით ასეთი დაწესებულებები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ტურისტულ და საზღვრისპირა რეგიონებში გვხვდება. ამას ორი მიზეზი აქვს: (1) მისი განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ტურიზმთან; (2) საქართველოს ყველა მოსაზღვრე ქვეყანაში (სომხეთის გარდა) სათამაშო ბიზნესი მკაცრად რეგულირებული ან აკრძალულია.


სტატია მომზადებულია პროექტის, ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში, ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.

 

 

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი