სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი გავრცელებული მიდგომა, ლიბერალური მოდელია. ის ორიენტირებულია ადამიანების საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფასა და მის სოციალურ დაცვაში სახელმწიფოს როლის შემცირებაზე.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
რადგან საქართველოს სუსტი სოციალური პოლიტიკა აქვს, მნიშვნელოვანია, ვიცნობდეთ სოციალური დაცვის წამყვან მოდელებს – რით ჰგავს ან განსხვავდება ისინი ჩვენი პრაქტიკისაგან.
ჩვენი კომენტარი
სოციალური დაცვის ლიბერალური მოდელი სოციალურ დაცვას კერძო პასუხისმგებლობის პრინციპზე აფუძნებს და ვერ აუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას ღარიბ ქვეყნებში, რადგან ასეთ დროს რთულია ადამიანებს შორის თანაბარი მდგომარეობის მიღწევა.
რა არის პრობლემა?
სოციალური დაცვის მექანიზმების ძირითადი მიზანია, დააზღვიოს საზოგადოებაში სოციალური პრობლემები და შეამციროს უთანასწორობა. ლიბერალური მოდელის თანახმად კი:
- სახელმწიფო მხოლოდ უკიდურესად ღარიბი ადამიანებზე გასცემს შემწეობას;
- შეზღუდულია ამ ადამიანების რაოდენობაც, ხოლო შემწეობები, ძირითადად, მცირეა;
- ის, უმეტესწილად, ემყარება სახელმწიფოს მხრიდან ნაკლებ ჩარევას, ნაკლებ სახელმწიფო სოციალურ სერვისს;
- სხვა სერვისები კი გაიცემა კერძო დაზღვევის მქონე პირებზე. კერძო დაზღვევა კი არ არის საყოველთაო;
- შედეგად, მოდელი არ გვთავაზობს კრიზისების გადალახვის მდგრად საშუალებებს.
რა უნდა ვიცოდეთ?
ლიბერალური მოდელი გვხვდება ანგლო-საქსურ ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, თუმცა ის ფართოდ არის გავრცელებული ეკონომიკურად სუსტ ქვეყნებშიც.
ამ მოდელით გათვალისწინებული მიდგომები სხვადასხვა ქვეყანაში განსხავებულია და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში გულისხმობს სახელმწიფოს შედარებით მეტ პასუხისმგებლობასა და რეგულაციას.
უფრო დეტალურად:
- ლიბერალური მოდელის მიხედვით, სოციალური უზრუნველყოფის საჭიროების ადამიანებმა ინდივიდუალურად უნდა მოახერხონ სოციალური კეთილდღეობის მიღწევა;
- სოციალურად დაუცველებისათვის მცირე დახმარებები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გაიცემა და მხოლოდ მინიმალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არის საკმარისი.
- ანუ, სახელმწიფო ცდილობს, უბიძგოს მოქალაქეებს, დაუბრუნდნენ შრომის ბაზარს;
- სოციალური დაცვის გარანტიებით, ძირითადად, სარგებლობენ ის ადამიანები, რომლებსაც კერძო დაზღვევა აქვთ. შესაბამისად, სოციალური დაცვა ფინანსდება დასაქმებულების მიერ სპეციალურად გამოყოფილი დაზღვევის გადასახადებით;
შესაბამისად, ლიბერალურ მოდელებში სოციალური დაცვის ძირითადი აქცენტი მიმართულია კერძო პასუხისმგებლობის გაზრდაზე.
საყოველთაო საბაზისო საჭიროებებზე გაიცემა დაბალი ბენეფიტები, რაც ნაკლებად ეხმარება ადამიანებს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
- ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ეკონომიკურად სუსტ ქვეყნებში, სადაც დაბალია ხელფასები, ფორმალურ შრომაში ცოტა ადამიანია ჩართული და უმუშევრობის დონე მაღალია.
- აქედან გამომდინარე, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ სარგებლობს კერძო დაზღვევებით და ამ მოდელში ისინი რჩებიან ბევრი საბაზისო სოციალური უფლების გარეშე.