პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
საბინაო პოლიტიკის კრიზისი საქართველოში

პოსტსაბჭოთა პერიოდში საბინაო პოლიტიკის საკითხი აქტუალური გახდა, რადგან გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ გამოიწვია უძრავი ქონების, როგორც კაპიტალის გაჩენა. შესაბამისად, ასეთ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა არა საყოველთაო სიკეთე, არამედ პრივილეგიაა. ამ სტატიაში განვიხილავთ საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პრობლემას და იმ პრაქტიკებს, რომელიც ქართულ რეალობაში არსებობს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საბინაო პოლიტიკა პირდაპირ არის მიბმული ადამიანის ფუნდამენტურ უფლებასთან − ჰქონდეს ღირსეული საცხოვრებელი. საერთაშორისო პრაქტიკა ამ უფლებაზე ხელმისაწვდომობას სხვადასხვა გზით აჩენს და გასცემს რეკომენდაციებს ქვეყნებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ტიპის შესაძლებლობები და გამოცდილება არსებობს საქართველოს რეალობაში და რამდენად თანხვედრაშია ის საერთაშორისო რეკომენდაციებთან.

ჩვენი კომენტარი

საქართველოში საბინაო პოლიტიკა ძალიან სუსტია. ის ძალიან მცირე მასშტაბებით ეხება უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს, ვერ მოიცავს მათ სრულ სპექტრს და არ ქმნის ზოგად ხელშემწყობ გარემოს სხვადასხვა ჯგუფისთვის.

რა უნდა ვიცოდეთ?

სახელმწიფოს ერთიანი, სისტემური საბინაო პოლიტიკა არ აქვს, რის გამოც ადამიანები მძიმე მდგომარეობაში არიან. საქართველოში საცხოვრისის გამოწვევებს პრობლემურს ხდის შემდეგი საკითხები:

უძრავი ქონების შეძენისა და ქირის საკითხი − საქართველოში უძრავი ქონების ფასი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა. იმავე ტენდენციას იმეორებს ქირის ფასიც. შესაბამისად, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ბინების შეძენა/ქირაობაზე ხელმისაწვდომობა დაბალია. ეს საკითხი, ასევე,  პრობლემურია რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვისაც, რადგან უნივერსიტეტების უმრავლესობას სტუდენტური საცხოვრებელი არ აქვს. ხოლო, რომელსაც აქვს, ადგილები ძალიან ლიმიტირებულია და ზოგიერთი შენობა არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს. არსებობს დროებით ქირით უზრუნველყოფის პროგრამები (როგორც მუნიციპალურ, ასევე, ცენტრალურ დონეზე), რომელთა ფარგლებშიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს (მაგ. სოც. დაუცველებს, ეკომიგრანტებს, ძალადობის მსხვერპლებს და ა.შ.) შეზღუდული დროით გადასცემენ ქირის თანხას, თუმცა, გაზრდილი ფასების პარალელურად ქირის დაფინანსება არ იზრდება.

ვალი, იპოთეკა და გამოსახლება − დაურეგულირებელმა საბანკო ურთიერთობებმა და საკრედიტო ბუმმა მოსახლეობის დიდი ნაწილის გავალიანება გამოიწვია. თუ  2012 წელს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ჯამური მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 15-16%-ს შეადგენდა, 2023 წლისთვის ეს მაჩვენებელი 37.3%-ს გაუტოლდა. უსამართლო პოლიტიკის გამო კი, კერძო მევახშეების და ბანკების მოთხოვნით, ადამიანების სახლებიდან ასახლებენ. სახელმწიფო მათ არანაირ მყისიერ/დროულ და ადეკვატურ ალტერნატიულ საცხოვრებელს არ სთავაზობს.

სოციალური საცხოვრისის სერვისი − პროგრამა, რომელიც მოწყვლად ჯგუფებს სოციალურ საცხოვრისში ცხოვრებას სთავაზობს, აღარ ითვალისწინებს 10 წლიანი ცხოვრების გარანტიას და დგება მოკლევადიანი ხელშეკრულებები, აქ მცხოვრებ ოჯახებს ნებისმიერ დროს შესაძლოა მოუწიოთ საცხოვრებლის დატოვება ცალმხრივი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო. ასევე, საცხოვრებელი პირობები, ხშირად, შეუსაბამოა და ვერ უზრუნველყოს მაცხოვრებლებისთვის ღირსეული ცხოვრების მინიმალურ სტანდარტსაც კი. მაგალითად,  ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შენობა ყოფილი კავშირგაბმულობის დაწესებულებაა და საცხოვრებლად გამოუსადეგარია; თხელი კედლების გამო საცხოვრისებში განუწყვეტელი ხმაურია, რაც მძიმედ მოქმედებს იქ მცხოვრებთან ფსიქიკურ მდგომარეობაზე და სხვა.

თავშესაფარი − თავშესაფრები, განსხვავებით სოციალური საცხოვრისისა, არ ითვალისწინებს გრძელვადიან საცხოვრებელ პირობებსა და ოჯახურ გარემოს. იქ განსაკუთრებული შემთხვევების შემთხვევაში ხვდება ხალხი − მაგ. ყინვების დროს, ქუჩაში რომ არ დარჩნენ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს და ა.შ. თბილისში, ლილოს ტერიტორიაზე გახსნილია თავშესაფარი, რომელიც სოციალურ საცხოვრისებთან შედარებით, აკმაყოფილებს გარკვეულ სტანდარტებს, თუმცა, ერთი მხრივ, მიმართვიანობა ნაკლებია, ხოლო მეორე მხრივ, ის არ არის რეალური საცხოვრისი, სადაც ადამიანებს ხანგრძლივად შეეძლებათ ცხოვრება. გამოწვევაა ისიც, რომ ქალაქის უკიდურეს ნაწილში მდებარეობს და ბენეფიციარებს უჭირთ სხვადასხვა მომსახურებებზე წვდომა, ასევე, პრობლემურია პირადი სივრცის არქონა და სხვა.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინო ხელაძე
ნინო ხელაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი
მარიამ სვიმონიშვილი
მარიამ სვიმონიშვილი
რედაქტორი