ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით ევროკავშირმა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) შეიმუშავეს სახელმძღვანელო დოკუმენტები და ჩამოაყალიბეს მიდგომები დასაქმებულთა უფლებების დაცვისა და სამართლიანი კომპენსაციის ხელშესაწყობის მიზნით.
საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ხელს უწყობს როგორც სამართლიან და მდგრად შრომის ბაზარს, ასევე მშრომელთა კეთილდღეობას და უფრო თანასწორუფლებიან გარემოს ქმნის.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
დღევანდელ გლობალიზებულ შრომის ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოსადმი მიდგომების შესწავლა და პრაქტიკაში დანერგვა გადამწყვეტია დასაქმებულთა უფლებების დაცვის, სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსის ხელშეწყობისათვის.
ჩვენი კომენტარი
საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სახელმწიფოები ვალდებულები არიან, დააწესონ ქმედითი რეგულაციები, რომლებიც მშრომელების უფლებებს გააუმჯობესებს. ეს შეიძლება შეეხოს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: მაქსიმალური სამუშაო საათების რეგულირება, ზეგანაკვეთური სამუშაოს სამართლიანი ანაზღაურება, მოქალაქეების შრომითი ექსპლუატაციისაგან დაცვა.
ILO-ს ხედვა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ
ILO-ს ხედვა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ ემყარება სამართლიანი და თანაბარი სამუშაო პირობების პრინციპებს. ორგანიზაციის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო საათები რეგულირდებოდეს, ზეგანაკვეთური სამუშაო იყოს ნებაყოფლობითი, ადეკვატურად კომპენსირებული და არ წარმოადგენდეს საფრთხეს მშრომელთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებისათვის.
ILO-ს N30 კონვენციით შემუშავებულია მინიმალური სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელი ვალდებულია, დადგენილზე სულ მცირე 25%-ით გაზრდილი განაკვეთით აანაზღაუროს ზეგანაკვეთური შრომა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საერთაშორისო ხელშეკრულება მოიცავს სამუშაოთა მხოლოდ გარკვეულ კატეგორიებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რადგან გვაჩვენებს ორგანიზაციის დამოკიდებულებას.
ევროკავშირის ხედვა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ
ევროკავშირი აღიარებს ბალანსის აუცილებლობას ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და მშრომელთა უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვას შორის. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ ევროკავშირის ხედვა ეფუძნება სამართლიანი მოპყრობის პრინციპებს და უზრუნველყოფს ექსპლუატაციისაგან დაცვას.
ევროკავშირის სამუშაო დროის დირექტივა წარმოადგენს ძირითად ჩარჩოს წევრი ქვეყნებისათვის, რომელიც ადგენს მინიმალურ სტანდარტებს სამუშაო საათების, დასვენების პერიოდებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს კომპენსაციის შესახებ. დირექტივა მიზნად ისახავს გადაჭარბებული სამუშაო საათების შეზღუდვას, მშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას და დასვენების ადეკვატური პერიოდების გარანტიას სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსის შესანარჩუნებლად.
ამ დოკუმენტის მიხედვით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ საშუალო სამუშაო დრო, ყოველი შვიდი დღის განმავლობაში, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ აღემატებოდეს 48 საათს.
გარდა ამისა, როგორც ევროკავშირი, ისე ILO, ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებული პოლიტიკისა და რეგულაციების ჩამოყალიბებაში, აღიარებს სოციალური დიალოგის, კოლექტიური მოლაპარაკებების და დასაქმებულთა გაძლიერების მნიშვნელობას.
სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება
ქვეყნების უმრავლესობაში გათვალისწინებულია გარკვეული სახის ფინანსური კომპენსაცია ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის. უმეტეს მათგანში, ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის ანაზღაურება მერყეობს 25-50%-იანი მატების ინტერვალში.
ზოგიერთ ქვეყანაში არ არსებობს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ერთიანი განაკვეთი და განასხვავებენ ზეგანაკვეთურ სამუშაოს შესრულებას დღის და ღამის განმავლობაში, ასევე სამუშაო და დასვენების დღეების დროს (იგულისხმება, რომ ზეგანაკვეთურად მუშაობა ღამით და დასვენების დღეს ანაზღაურდება დღისით და სამუშაო დღის განმავლობაში არსებულ განაკვეთზე მეტი ოდენობით). რიგ ქვეყანაში ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება პროპორციულად იზრდება სამუშაო საათების რაოდენობის მიხედვით (მაგალითად, უფრო მაღალი განაკვეთით ანაზღაურდება ზეგანაკვეთურად ნამუშევარი 8 საათი, ვიდრე 4 საათი).
შესაბამისად,
ქვეყნების მიხედვით განსხვავდება კონკრეტული რეგულაციები, კომპენსაციის განაკვეთები და აღსრულების მექანიზმები, მაგრამ საერთო მიზანი ერთი უნდა იყოს - სახელმწიფოებმა ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის უნდა უზრუნველყონ სამართლიანი მოპყრობა, გონივრული სამუშაო საათები და ადეკვატური ანაზღაურება.