მიჩნეულია, რომ სამართალი გენდერულად ნეიტრალურია და ის საზოგადოების ყველა წევრს თანაბრად ეხება, მაგრამ ქალების სპეციფიკური გამოცდილებების და საჭიროებების მიმართ სამართლის „ნეიტრალურობა“ ხშირად სამართლის „გულგრილობას“ გულისხმობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო ხდება სამართალშემოქმედებისა და სამართალწარმოების პროცესის კრიტიკული გააზრება, რათ მან ერთი მხრივ დაინახოს, ხოლო მეორე მხრივ, აღმოფხვრას ისტორიულად განპირობებული სტრუქტურული გენდერული უთანასწორობა.
რა არის ფემინიზმი?
ფემინიზმი „მოიცავს თეორიების, იდეოლოგიებისა და სოციალური მოძრაობების ერთობას, რომელთა მიზანიც ქალთა მდგომარეობის თუ გამოცდილებების აღწერა და ანალიზი, ქალის პერსპექტივისა და გამოცდილებების წინ წამოწევა და ქალებისთვის თანასწორი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული უფლებების მოპოვებაა. ფემინიზმის ამოსავალ წერტილად შეგვიძლია მივიჩნიოთ დაშვება, რომ ქალები სოციალურ თუ მატერიალურ უთანასწორობას განიცდიან მათი სქესის/გენდერის გამო,“ შესაბამისად, ის გენდერული თანასწორობის მისაღწევას ისახავს მიზნად.
რას გულისხმობს სამართლის ფემინისტური თეორიები?
სამართლის ფემინისტური თეორიები დასავლურ ლეგალისტურ ლიტერატურაში გაჩნდა ქალთა საჭიროებების, გამოცდილებებისა და გენდერული თავისებურებების უგულებელყოფის პასუხად და ის ფემინისტური მოძრაობების კვლადაკვალ განვითარდა.
სამართლის ფემინისტური თეორიები შეიძლება დავყოთ ოთხ ძირითად მიმართულებად:
თანასწორობის თეორია - აღნიშნული თეორია განამტკიცების ქალებისა და კაცების ფორმალურ, კანონის წინაშე თანასწორობას და ითხოვს, ქალთა თანაბარ სამართალსუბიექტურობას, ქალთა ადამიანის უფლებების თანასწორ აღიარებას სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სფეროში.
კულტურული თეორია - თანასწორობის თეორიის მნიშვნელობის აღიარებასთან ერთად, აღნიშნული თეორია მიილტვის ქალთა გენდერული თავისებურებების აღიარებისკენ, რაც ქალებისთვის სპეციფიკური საჭიროებების დაკმაყოფილებას გულისხმობს, როგორიცაა რეპროდუქციული უფლებები, შრომის უფლების განხორციელებისას დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლების მნიშვნელობა.
დომინაციის თეორია - დომინაციის თეორიის მთავარი ავტორი ცნობილი ფემინისტი ავტორი კეტრინ მაკკინონია. აღნიშნულმა თეორიამ ქალთა ჩაგვრის მთავარ საფუძვლად კაცების მხრიდან ქალების დაქვემდებარებაში გაანალიზა, რაც გამოიხატება გენდერულ ძალადობაში, სექსუალურ შევიწროებასა და სექსუალურ ძალადობაში. აღნიშნული თეორია თანასწორობის და კულტურული თეორიების გადააზრებით უფრო შორს მიდის, და კონცენტრირდება, არამხოლოდ სამართლის ენის სენსიტიზაციასა და უფლებების თანაბრობაზე, არამედ საზოგადოების სტრუქტურული გარდაქმნის აუცილებლობაზე, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს და მოითხოვს გარდაქმნებს, არამხოლოდ ანტიდისკრიმინაციულ სამართალსა და სისხლის სამართალში, არამედ განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მომწესრიგებელ კანონმდებლობებსა და პრაქტიკაში.
მრავალფეროვნების და ინტერსექციური თეორია - მიუხედავად იმისა, რომ ქალების საერთო გამოცდილება სტრუქტურულ უთანასწორობას ეფუძნება, აღნიშნული თეორიის ცენტრშია დაშვება, რომ ქალები არ წარმოადგენენ ჰომოგენურ ჯგუფს და ისინი განსხვავდებიან ჩაგვრის გამოცდილებით, ხარისხითა და მასთან გამკლავების საშუალებებით. შესაბამისად, სამართალმა უნდა შეძლოს ქალებისა და გოგოების მრავალფეროვანი გამოცდილებების და შესაბამისად, საჭიროებების მოხელთება.
რა მიზანი აქვს სამართლის ფემინისტურ თეორიებს?
სამართლის ფემინისტური თეორიები სამართლის „გულგრილობის“ გამოაშკარავებას, მის გარდაქმნას და მის გათანასწორებას ისახავს მიზნად, რათა სამართალშემოქმედების, სამართალწარმოების და ასევე, მართლმსაჯულების პროცესები ითვალისწინებდეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის სპეციფიკურ გამოცდილებებს, თავისებურებებსა და საჭიროებებს, უკუაგდებდეს გენდერულ სტერეოტიპებს და იმ წინასწარგანწყობებს, რაც ქალებს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სხვებთან მიმართებით. თუმცა მთლიანობაში, სამართლის ფემინისტური თეორიების მთავარი მიზანი, სამართლის გავლით სტრუქტურული გენდერული უთანასწორობისა და სქესთა შორის ისტორიული დაქვემდებარების, ჩაგვრისა და უსამართლობის აღმოფხვრაა.
მიმოხილვის ავტორი:
ლიკა ჯალაღანია
დოკუმენტი მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში „ტრანსფორმაციული აკადემია: კრიტიკული სამართლებრივი თეორიის მეინსტრიმინგი საზოგადოებრივი სამართლიანობისთვის“. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.