დღეს მსოფლიოში ყოველი 30 ადამიანიდან ერთი მიგრანტია. საერთო ჯამში, 281 მილიონი მიგრანტი ცხოვრობს წარმოშობის ქვეყნის გარეთ. ეს რიცხვი ბოლო 50 წელში გაორმაგდა და განუხრელად იზრდება. მიგრაციას მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს, მათ შორის, მძიმე სოციო-ეკონომიკური ფონი. აღნიშნული სტატია სწორედ შრომით მიგრაციას მიმოიხილავს.
რატომ არის საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვანი?
გლობალურად, მიგრაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე გლობალურ ეკონომიკაზე.
ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მშრომელთა გადინება საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა.
ჩვენი კომენტარი
მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებს გააჩნდეთ ხედვა, თუ როგორი ბერკეტების გამოყენება შეიძლება შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინების შესაჩერებლად, რათა:
-
- მოქალაქეებს მიეცეთ სამშობლოში ღირსეული შრომის შესაძლებლობა;
- შრომის ბაზარზე არ წარმოიქმნას დეფიციტი მნიშვნელოვან პროფესიებზე;
- მოსახლეობის გადინებამ არ წარმოქმნას მნიშვნელოვანი დემოგრაფიული პრობლემები.
შრომითი მიგრაცია
- შრომით მიგრანტთა უდიდესი ნაწილი ზრუნვის შრომაში, სოფლის მეურნეობაში, ტურიზმსა და მშენებლობაზეა დასაქმებული, სადაც ნაკლებად საჭიროა მაღალკვალიფიციური უნარები და შემოსავლებიც დაბალია;
- პანდემიამდე მსოფლიო მიგრანტთა 60% სწორედ შრომითი მიგრანტი იყო (სამუშაო ასაკის მიგრანტების 69%);
- შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიხედვით, დღეს 169 მილიონი შრომითი მიგრანტი მსოფლიო შრომითი ძალის თითქმის 5%-ს შეადგენს.
მიგრაციის გეოგრაფია
საერთაშორისო შრომითი მიგრაციის გავლენა მიმღები ქვეყნების ეკონომიკაზე
მიმღებ ქვეყანაში მიგრაცია ასახვას ჰპოვებს:
- შრომისუნარიანი მოსახლეობის ზრდაზე;
- ეკონომიკურ ზრდაზე;
- მუშახელის სიმწირის აღმოფხვრაზე მოთხოვნად პროფესიებში.
უფრო დეტალურად, მიგრანტთა გავლენაზე მიმღები ქვეყნების ეკონომიკაზე, იხ. სტატია მიგრაციის გავლენა მიმღებ ქვეყანაზე.
საერთაშორისო შრომითი მიგრაციის გავლენა წარმოშობის ქვეყნების ეკონომიკაზე
შრომითი მიგრანტები დიდი მოცულობის თანხას გზავნიან სამშობლოში, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობასა და ეკონომიკაზე. მაგალითად, 2020 წელს გზავნილებმა 702 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა გასათვალისწინებელია, რა წვლილი შეაქვს გზავნილებს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. მაგალითად, თუ გზავნილები მეტწილად მოხმარებასა და უძრავი ქონების შეძენაზე იხარჯება, იგი ნაკლებად აისახება ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებაზე, ვიდრე მაგ. მისი ინვესტირება საწარმოს გახსნაში.
მართალია, ფულადი გზავნილები მაინც დიდწილად ეხმარება ქვეყნებს, თუმცა აქ უნდა გვესმოდეს, რამდენად დიდი შეიძლება იყოს მოსახლეობის მასობრივი გადინების უარყოფითი მხარეები. მაგალითად:
- წარმოშობის ქვეყნების შრომის ბაზრებზე ხშირად კრიზისული სიტუაცია იქმნება, განსაკუთრებით, მაღალკვალიფიციური მუშახელის გადინებისას;
- მნიშვნელოვანია მიგრაციით გამოწვეული სოციალური პრობლემები - ოჯახების დაშლა, მცირეწლოვანი შვილების მშობლების გარეშე აღზრდა, ფსიქო-ემოციური პრობლემები.
შესაბამისად,
სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოლიტიკა როგორც შრომითი ემიგრაციის შესამცირებლად, ისე ემიგრანტების ადგილობრივ საზოგადოებაში ჩართულობისა და რეინტეგრაციისათვის. ამგვარი პოლიტიკა კი პირდაპირ უკავშირდება ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას, ახალი და ღირსეული დასაქმების ადგილების შექმნას, პოლიტიკური ჩართულობის მექანიზმების გაძლიერებას.