ლიბერალურმა დემოკრატიამ ფუნდამენტურად შეცვალა პოლიტიკური წარმომადგენლობის ჩარჩო. მან არ დატოვა სივრცე სახალხო საჭიროებებზე სამუშაოდ. ეს ტენდენცია გვხვდება საქართველოშიც. ის ამომრჩევლისა და პოლიტიკური ელიტის გაუცხოებაში ვლინდება. საზოგადოებისთვის სიღარიბე და ეკონომიკური უთანასწორობა უმთავრესი პრობლემაა, თუმცა პოლიტიკური დღის წესრიგი არ ითვალისწინებს სოციალურ წუხილებს.
სტატიაში ვეცდებით, წარმოვაჩინოთ, რამდენად პრიორიტეტულია პარლამენტისთვის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებთ ქვეყანაში.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის ფასების ზრდა, სამუშაო ადგილების სიმცირე და სიღარიბე ყველაზე დიდი გამოწვევაა. კვლევაში მონაწილე ყოველი მეორე ადამიანი უარყოფითად აფასებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. მოსახლეობის ნახევარს კი ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ამ პრობლემების მოგვარებას შეძლებს. რისი გაკეთება შეუძლია და რას აკეთებს პარლამენტი მდგომაროების გასაუმჯობესებლად?
ჩვენი კომენტარი
პარლამენტი სათანადოდ არ იყენებს მის ხელთ არსებულ მექანიზმებს და ფაქტობრივად არ მუშაობს სიღარიბის, უმუშევრობისა და ეკონომიკური უთანასწორობის დასაძლევად.
რისი გაკეთება შეუძლია პარლამენტს?
პარლამენტს შეუძლია, ამ პრობლემებზე სამუშაოდ საკუთარი საზედამხედველო ფუნქციები გამოიყენოს. ზედამხედველობის ადრესატი შეიძლება იყოს სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ეს შეიძლება იყოს როგორც მთლიანად მთავრობა, პრემიერის სახით, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სხვა.
კონტროლის სხვადასხვა მექანიზმის გამოყენება პარლამენტის წევრებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად. მაგალითად, თითოეულ დეპუტატს უფლება აქვს კითხვით მიმართოს პასუხისმგებელ უწყებებს, მოსთხოვოს პასუხი იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. რეგლამენტი პარლამენტის წევრებს აძლევს საშუალებას, ერთობლივად დაავალდებულონ თანამდებობის პირი, მოვიდეს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში და ანგარიში წარმოადგინოს. საკანონმდებლო შტოს შეუძლია, მოიკვლიოს უმუშევრობასა და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები, რეკომენდაციით მიმართოს შესაბამის ორგანოებს, შექმნას სამუშაო ჯგუფები და სხვა.
თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენად ხშირად იყენებს პარლამენტი ამ მექანიზმებს ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე?
მაგალითად: 2022-2023 წლებში (10 ოქტომბრამდე არსებული მონაცემით) დეპუტატებმა კითხვით პრემიერს 5-ჯერ მიმართეს, ჯანდაცვის მინისტრს – 68-ჯერ, ეკონომიკის მინისტრს – 60-ჯერ. დეპუტატების კითხვებიდან მხოლოდ 4 ეხებოდა დასაქმებასა და ფასების ზრდას.
იმავე პერიოდში ინტერპელაცია პრემიერის მიმართ სამჯერ, ეკონომიკის მინისტრის მიმართ ორჯერ, ხოლო ჯანდაცვის მინისტრის მიმართ კი ერთხელ გამოიყენეს. მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის მიმართ დასმული კითხვა და მოხსენება შეეხებოდა უმუშევრობისა და დასაქმების საკითხებს, ისიც სოციალურად დაუცველ პირთა მიმართ.
პარლამენტის ინფორმაციით, 2022-2023 წლებში 28 თემატური მოკვლევა ჩატარდა, თუმცა არცერთი მათგანი არ უკავშირდებოდა უშუალოდ ფასების ზრდის, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევის საკითხებს.
მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში „ინკლუზიური და კონსენსუალური პოლიტიკური გარემოს მხარდაჭერა საქართველოში“. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.