პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა ეთნიკურ უმცირესობებში

სკოლამდელი განათლების საყოველთაობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა გარანტირებულია კანონმდებლობით. მიუხედავად ამისა, საქართველოში საბავშვო ბაღში სკოლამდელი ასაკის ბავშვების მხოლოდ 72% დადის, მაშინ, როცა ევროპული სამიზნე ნიშნული 95%-ია. ამასთან, გაეროს ბავშვთა ფონდის 2018 წლის მონაცემებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებში სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობა მხოლოდ 33%-ს შეადგენდა.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

სკოლამდელი განათლება მნიშვნელოვანია მოზარდების ენობრივი, კოგნიტური, სოციალური უნარების განვითარებისთვის და დიდწილად განსაზღვრავს სასკოლო მზაობას, აგრეთვე, გავლენას ახდენს სასწავლო მოსწრებაზე განათლების შემდგომ ეტაპზე. გარდა ამისა, ხელს უწყობს მშობელთა, განსაკუთრებით ქალთა დასაქმებას.

ჩვენი კომენტარი

სკოლამდელი განათლება ქმნის ბავშვებისთვის თანაბარ შესაძლებლობებს. საბავშვო ბაღების არასაკმარისი რაოდენობა, ტრანსპორტირების შეზღუდულ შესაძლებლობებთან ერთად დიდი ხანია გამოწვევაა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

სკოლამდელი განათლება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში

საბავშვო ბაღები

ბოლო წლებში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ბაღების რაოდენობა მცირედით გაიზარდა. 2017-2018 წლებში, ყველა ასეთ მუნიციპალიტეტში ერთად, 188 ბაღი ფუნქციონირებდა, 2021-2022 წელს ეს რაოდენობა 203-მდეა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა გაუარესდა, ასე მაგალითად, ბოლო 6 წელში, (2017-2023) ბაღების რაოდენობა 7 ერთეულით შემცირდა. აგრეთვე, 2021-2022 წლებში ბაღებში ბავშვების რაოდენობამ დრამატულად დაიკლო (613-ით ნაკლები მოზარდი) და კლების ტენდენცია (22-ით ნაკლები მოზარდი) 2023 წელსაც გაგრძელდა. ეს მონაცემები განსაკუთრებით საყურადღებოა, რამდენადაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობის მოსახლეობა სწორედ მარნეულში ცხოვრობს. აქ მცხოვრებთა 84% ეთნიკური აზერბაიჯანელია. მეტი სიცხადისთვის, მუნიციპალიტეტში, რომელშიც 1 ქალაქი და 84 სოფელია, მხოლოდ 14 ბაღია, აქედან 3 ქალაქ მარნეულშია, 2 ბაღი ამჟამად არ ფუნქციონირებს.

საგულისხმოა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც შემცირდა ბაღების რაოდენობა, მართალია მხოლოდ 1 ერთეულით, თუმცა, მდგომარეობა მაინც საყურადღებოა. მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 64 სოფელია, საბავშვო ბაღი კი მხოლოდ 15, საიდანაც 3 ქალაქ ახალქალაქში მდებარეობს.

უფრო დეტალურად

ზოგ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების პარალელურად ფუნქციონირებს სასკოლო მზაობის ჯგუფები/ალტერნატიული სკოლამდელი განათლების დღის ცენტრები (მაგალითად, ბოლნისის, დმანისის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში). მსგავსი ჯგუფების არსებობა მისასალმებელია, თუმცა ვერ ჩაანაცვლებს სრულფასოვან ბაღს და სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობამდე გარდამავალ, დროებით ღონისძიებად უნდა მიიჩნეოდეს.

საგულისხმოა, რომ დამატებითი ბაღების მშენებლობა მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხშირად იგეგმება, მიმდინარეობს ან ახალი დასრულებულია და მალე დაიწყებს ფუნქციონირებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ გეგმად არ დარჩეს და ამ მიმართულებით ნაბიჯები დროულად გადაიდგას.

ტრანსპორტირება

საქართველოს მოსახლეობის 44% სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის  ხელისშემშლელ ფაქტორად საცხოვრებლის სიშორეს და სოფელში საბავშვო ბაღის არარსებობას ასახელებს. ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ აღსაზრდელთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფაა.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ზოგი მათგანი მოზარდთა ტრანსპორტირებას ერთი ან რამდენიმე მიმართულებით ახდენს (ბოლნისი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ახალციხე, საგარეჯო). თუმცა, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახელებულ მუნიციპალიტეტებში (მაგალითად, მარნეულის, დმანისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტებში ტრანსპორტი არ არის დანიშნული). აქ ბაღების სიმცირესთან ერთად, ბოლო წლებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა რაოდენობა მცირდება, რაც შესაძლოა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დაბრკოლებებითაც იყოს გამოწვეული.


სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს. 

მასალა მოამზადეს
მარიამ სვიმონიშვილი
მარიამ სვიმონიშვილი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი