პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
„თავისუფლების აქტი“ კეთილდღეობის წინააღმდეგ

საქართველოს საბიუჯეტო-საგადასახადო (ფისკალური) პოლიტიკა რეგულირდება კანონით “ეკონომიკური თავისუფლების შესახებ”, რომლის თავდაპირველი ვარიანტი საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს მიიღო და  2013 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდა.

 

წინამდებარე სტატიაში განხილულია, თუ როგორ ზღუდავს ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას ეს კანონმდებლობა.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

 

საკანონმდებლო აქტის გაანალიზებით მკითხველს წარმოდგენა ექმნება საქართველოს ფისკალურ წესებზე. კერძოდ, როგორ გავლენას ახდენს კონსტიტუციით დადგენილი ფისკალური შეზღუდვები ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ზრდასა და დოვლათის განაწილებაზე.

 

აქტს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ისეთი საჯარო სერვისების მიწოდებაზე, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური დაცვის სისტემა. ეს კი პირდაპირ აისახება ქვეყანაში არსებულ სოციო-ეკონომიკურ უთანასწორობასა და კეთილდღეობაზე.

 

ჩვენი კომენტარი:

 

"თავისუფლების აქტი" განასახიერებს ნეოლიბერალიზმის ექსტრემალური პოლიტიკის მაგალითს, რომელიც საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე წინ აყენებს საბაზრო თავისუფლებას.

 

საბიუჯეტო დეფიციტის და ვალის აღების შეზღუდვით, აქტი ზღუდავს სახელმწიფოს შესაძლებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში დააფინანსოს სოციალური პროგრამები, რაც ამწვავებს სოციალურ უთანასწორობას. ამასთან, გადასახადების გაზრდის მიზნით რეფერენდუმის მოთხოვნით, კანონმდებლობა ხელს უშლის პროგრესულ საგადასახადო რეფორმებს,  რაც საშუალებას აძლევს მდიდრებს, თავი აარიდონ გადასახადებს.

 

რა წერია “თავისუფლების აქტში”?

 

2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედებს შემდეგი 3 ფისკალური წესი:

 

  1. დეფიციტს წესი: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-თან შეფარდება არ უნდა აღემატებოდეს 3 პროცენტს;
  2. ვალის წესი: მთავრობის ვალის მშპ-თან შეფარდება არ უნდა აჭარბებდეს 60%-ს;
  3. შემოსავლების წესი: ორგანული კანონის ამოქმედების თარიღიდან (2019 წელი) საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი წესის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის ზრდისა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, რეფერენდუმის გარეშე, მოითხოვოს გადასახადების დროებით გაზრდა − არა უმეტეს 3 წლის ვადით.

კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობა იტოვებს დადგენილი წესებს მიღმა მოქმედების შესაძლებლობას, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ან ეკონომიკური რეცესიის შემთხვევაში.

 

უფრო დეტალურად:

 

როგორ არეგულირებს კანონი საბიუჯეტო შემოსავლებს?

 

საგადასახადო სისტემის ცვლილებისთვის კანონი მოითხოვს სახალხო რეფერენდუმს, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის პროგრესული გადასახადების დანერგვას და შესაბამისად, სოციალური პროგრამების დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდას. შესაბამისად, მთავრობას არ შეუძლია მიმართოს ფისკალურ ბერკეტს მზარდი უთანასწორობის შესამცირებლად.

 

რეფერენდუმის მოთხოვნა გადასახადების ცვლილებისთვის ასევე პრობლემურია გარე ეკონომიკური შოკების და კრიზისების დროს, როდესაც მცირდება საბიუჯეტო შემოსავლები. როგორც უკვე ვთქვით, მთავრობას არ შეუძლია შემოიღოს პროგრესული გადასახადი, რომელიც ავტომატური სტაბილიზატორის  როლს შეასრულებდა მსგავს შემთხვევებში. რაც შეეხება გადასახადების გაზრდას, ესეც შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს როგორც “ახალი გადასახადი”, რაც ართულებს ფისკალური ინსტრუმენტის ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას.

 

კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობას, ასევე არ აქვს შესაძლებლობა, შეამციროს ბიზნეს საქმიანობის უარყოფითი სოციალური, ეკოლოგიური და ფინანსური ეფექტები, მაგ. ისეთი გადასახადების დანერგვით, რომელიც მდინარის დაბინძურებას დაბეგრავს. მსგავსი გადასახადები გადამწყვეტია გარემოსდაცვითი საკითხების მოსაგვარებლად და საბაზრო ჩავარდნების აღმოსაფხვრელად. ამ კანონმდებლობის პირობებში, ფაქტობრივად შეუძლებელია ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

 

როგორ არეგულირებს კანონი საბიუჯეტო ხარჯებს?

 

ის, რომ ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ს 3%-ს, ხელს უშლის სახელმწიფოს, გაზარდოს საჯარო სერვისების დაფინანსება (მაგ. სოციალურ დაცვაში ან ჯანდაცვაში), როდესაც ამის კრიტიკული საჭიროება არსებობს. ფაქტობრივად, კანონი კრძალავს ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკის გამოყენებას.

 

იხ. ცხრილი N1, სადაც ჩანს, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა, 2020 წელს, COVID-ის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ მიმართული ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკის გამო, მშპ-ს 3%-ზე მაღალი საბიუჯეტო დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა და ბევრმა მათგანმა 2023 წელსაც (არა საგანგებო მდგომარეობაში) 3%-იან ნიშნულზე მაღალი დეფიციტი შეინარჩუნა.

 

ცხრილი N1. საბიუჯეტო დეფიციტი/ნამეტი (2015-2023)

 

2015 2016 2017 2018 2019 2020 2021 2022 2023
ევროკავშირი (27 ქვეყანა) -1.9 -1.4 -0.9 -0.4 -0.4 -6.7 -4.7 -3.4 -3.5
ბელგია -2.4 -2.4 -0.7 -0.9 -2.0 -9.0 -5.4 -3.6 -4.4
ბულგარეთი -1.9 0.3 1.6 1.7 2.1 -3.8 -3.9 -2.9 -1.9
ჩეხეთი -0.6 0.7 1.5 0.9 0.3 -5.8 -5.1 -3.2 -3.7
გერმანია 1.0 1.2 1.3 1.9 1.5 -4.3 -3.6 -2.5 -2.5
ესტონეთი 0.1 -0.4 -0.5 -0.6 0.1 -5.4 -2.5 -1.0 -3.4
ირლანდია -2.0 -0.8 -0.3 0.1 0.5 -5.0 -1.5 1.7 1.7
საბერძნეთი -5.9 0.2 0.7 0.9 0.8 -9.8 -7.0 -2.5 -1.6
ესპანეთი -5.3 -4.3 -3.1 -2.6 -3.1 -10.1 -6.7 -4.7 3.6
საფრანგეთი -3.9 -3.8 -3.4 -2.3 -2.4 -8.9 -6.6 -4.8 -5.5
ხორვატია -3.5 -1.0 0.6 0.0 0.2 -7.2 -2.5 0.1 -0.7
იტალია -2.6 -2.4 -2.4 -2.2 -1.5 -9.4 -8.7 -8.6 -7.4
ლატვია -1.5 0.0 -0.3 -0.7 -0.5 -4.4 -7.2 -4.6 -2.2
ლიტვა -0.3 0.3 0.4 0.5 0.5 -6.5 -1.1 -0.6 -0.8
უნგრეთი -2.0 -1.8 -2.5 -2.1 -2.0 -7.6 -7.2 -6.2 -6.7
ნიდერლანდები -1.9 0.1 1.4 1.5 1.8 -3.7 -2.2 -0.1 -0.3
ავსტრია -1.0 -1.5 -0.8 0.2 0.6 -8.0 -5.8 -3.3 -2.7
პოლონეთი -2.6 -2.4 -1.5 -0.2 -0.7 -6.9 -1.8 -3.4 -5.1
პორტუგალია -4.4 -1.9 -3.0 -0.3 0.1 -5.8 -2.9 -0.3 1.2

წყარო: https://ec.europa.eu/eurostat/databrowser/view/tec00127__custom_11869820/default/table?lang=en

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის 3%-იანი დეფიციტის და 60%-იანი ვალის წესები შესაბამისობაშია ევროკავშირის სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის პაქტთან, თუმცა, განსხვავებით საქართველოს ორგანული კანონისგან, ევროპული კანონმდებლობა არ მოიცავს შემოსავლების წესს.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს