პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისი საქართველოში – რატომ არ მუშაობს ხელისუფლება ხალხისთვის?
ოქტომბერი 31, 2023

წარმომადგენლობით დემოკრატიას აქვს პრეტენზია, იმოქმედოს ხალხისთვის, ხალხის ძალით და სახელით. მისი თავდაპირველი იდეა იმ ისტორიული დისბალანსის გარღვევა იყო, რომელსაც საზოგადოებისმმართველდამართულნაწილებად დაყოფა იწვევდა. ამ მოდელში კენჭისყრის გზით შერჩეული ელიტა იღებს ძალაუფლებას. წარმომადგენლობითი სისტემის თავისებურება ის არის, რომ ერთი ელემენტისაზოგადოებრივი ინტერესი არის მისი როგორც უფლებამოსილების, ასევე ლეგიტიმაციის წყარო. წარმომადგენლობით მართვა უფლებამოსილია, თუ ის ეფუძნება სახალხო ინტერესების შეჯერების საფუძველზე გაკეთებულ თავისუფალ არჩევანს და ლეგიტიმურია, თუ მოქმედებს ამ ინტერესების ფარგლებში. თუმცა თანამედროვე ლიტერატურა კვლევებზე დაყრდნობით ხშირად საუბრობს ამ მოდელის კრიზისზე, რასაც ბევრი ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს, მაგრამ ყველაზე ცხადად ორ რამეში ვლინდებაერთია ამომრჩევლის რეპრეზენტაციის (ვის ტოვებს პოლიტიკური პროცესების მიღმა და ვის რთავს მასში), ხოლო მეორეამომრჩევლის ინტერესების დაცვის კრიზისი. 

წარმომადგენლობის კრიზისი მხოლოდ ახალგაზრდა სახელმწიფოების პრობლემა არ არის. თუმცა მას განსხვავებული საფუძვლები და ფორმა აქვს მყიფე და მყარ დემოკრატიებში. ამ საკითხს ჩვენ საქართველოს მაგალითზე განვიხილავთ და ყურადღებას ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე გავამახვილებთ

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საზოგადოებრივი განწყობების კვლევები ადასტურებს, რომ პარლამენტი არ მუშაობს ხალხისთვის. ის საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებს. ამ დღის წესრიგს კი ელიტების ინტერესების დაცვის მოტივი წარმართავს

ჩვენი კომენტარი

საქართველოში წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისია, რასაც მოქმედი პოლიტიკური სისტემა და მისგან მომდინარე პოლარიზაციაც უწყობს ხელს. ხალხი არ ენდობა კონსტიტუციურ ინსტიტუტებს და არ სჯერა მათი. კრიზისის დასაძლევად პოლიტიკური საქმიანობის კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლა და პოლიტიკური სისტემის ჩარჩოს გადააზრება გვჭირდება

რა იწვევს წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისს?

წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისი ამომრჩევლისა და მმართველი კლასის გაუცხოებაში ვლინდება. სისტემას აქცენტი ხალხიდან ელიტებზე გადააქვს და საბოლოოდ მისი ინტერესების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს

ერთ-ერთი მიდგომა წარმომადგენლობითი სისტემის კრიზისზე მსჯელობას თვითონ დემოკრატიის ქმედითობის შეფასებით იწყებს. შეფასება რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს. მათ შორის გვხვდება: (1) ამომრჩევლის აქტივობა; (2) პარტიული მიკუთვნება; (3) ინტერესი პოლიტიკური მოვლენების მიმართ; (4) პოლიტიკოსების ნდობა. დემოკრატია ქმედითობას სწორედ ამ კრიტერიუმების დაცვით ინარჩუნებს და მათი სისუსტე კრიზისს იწვევს. ეს მოსაზრება საყურადღებოა და განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტრადიციულ სისტემებში. თუმცა ის წარმომადგენლობის კრიზისს მოქალაქეთა პასიურობას უკავშირებს, მაშინ, როცა ეს ფაქტორები არა მიზეზი, არამედ მისი შედეგებია.  

უფრო სამართლიანია მიდგომა, რომელიც კრიზისის მიზეზებს უშუალოდ სისტემის ფარგლებში წარმომადგენლობითი დემოკრატიის სისუსტეში ეძებს. ეს სისუსტე განსაკუთრებით მყიფე დემოკრატიულ სისტემებშია თვალსაჩინო. ეს მიდგომა ეჭვქვეშ აყენებს დემოკრატიის უნარს, წარმოადგინოს და იყოს პასუხისმგებელი ამომრჩევლის სურვილების პოლიტიკურ აღსრულებაზე. შესაბამისად, სწორი იქნება, თუ მსჯელობას მოქალაქისა და პოლიტიკური სისტემის ურთიერთობიდან დავიწყებთ. ლიბერალურმა დემოკრატიამ შეცვალა აქტიური მოქალაქის კლასიკური გაგება და ის საჯარო მომსახურების პასიურ მომხმარებლამდე დაიყვანა. ამ სისტემაში მოქალაქე არა შემქმნელი, არამედ ელიტების მიერ წარმოებული პოლიტიკის მაყურებელი გახდა. ამას ხელი შეუწყო კაპიტალიზმმა. მან პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება მდიდარ ელიტას გადასცა და პოლიტიკურად დაასუსტა მოქალაქე. სუსტი მოქალაქე, ანგარიშვალდებულება და კონტროლი აადვილებს სიმდიდრის უკონტროლო დაგროვებას ელიტის ხელში და აძლიერებს მას. შესაბამისად, ძალაუფლების უთანასწორო გადანაწილება წარმომადგენლობითი დემოკრატიის სახასიათო ელემენტი გახდა. ერთი ხედვი თანახმად დემოკრატია კაცობრიობას ძალაუფლების კოლექტიურ  ფლობას დაჰპირდა, მაგრამ ის დამარცხდა. მან ვერ გაუთანაბრა ხალხის ხმა ელიტების ხმას.

როგორია ვითარება საქართველოში?

ზემოთ მოცემული მსჯელობა ჩვენი კონტექსტისთვისაც რელევანტურია. თუმცა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე დაკვირვება გვაფიქრებინებს, რომ კრიზისს ქვეყანაში სხვა ელემენტებიც  აძლიერებს. ძიებას თუ საფუძვლებიდან დავიწყებთ, კრიზისი სათავეს მაჟორიტარული მართვიდან იღებს, ის არ ტოვებს სივრცეს ხალხისთვის, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე უმცირესობაშია. მაჟორიტარიზმი ხელს უწყობს ელიტას, მოიპოვოს უმრავლესობა გადაწვეტილების მიმღებ ინსტიტუტებში, უპირველესად პარლამენტში. შესაბამისად, სახელწიფოს მიერ პრიორიტეტების განსაზღვრისას ელიტას მეტი ბერკეტი აქვს, რათა გავლენა მოახდინოს პროცესზე და დაიცვას საკუთარი ინტერესები

ამგვარმა ელიტებმა მარტივად შეძლეს მთელი ძალაუფლების ხელში ჩაგდება, შემდეგ კი პერსონალურ დაპირისპირებასა და სარგებელზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა. მაჟორიტარიზმმა ქვეყანაში ხელი შეუწყო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პოლარიზაციის გაღრმავებას. ძალაუფლებაში მყოფ პირთა შორის დაპირისპირება იმგვარად გამძაფრდა, რომ პოლიტიკისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობა პერსონალურ კონფლიქტს გაუთანაბრდა. ამან ჩიხში შეიყვანა პოლიტიკური ინსტიტუტების საქმიანობა და საზოგადოებრივ საჭიროებებზე მუშაობის ვალდებულება პრაქტიკულად გააქრო დღის წესრიგიდან. საზოგადოებრივი აზრის კვლევები და საპარლამენტო საქმიანობაზე დაკვირვება ნათლად გვაჩვენებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა საზოგადოებრივ მოთხოვნებს, ხალხის საჭიროებებს აცდენილია. ის არათუ დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების ან სოციალური კეთილდღეობის საკითხებზე მუშაობას, მოსახლეობის ფიზიკური უსაფრთხოების საკითხების განხილვასაც კი არ მიიჩნევს პრიორიტეტულად

პოლიტიკური ელიტა კრიზისის დაძლევის მექანიზმებსაც არ არჩევს სწორად. ან უფრო მართებული იქნება ვთქვათ, რომ ის განზრახ არ მუშაობს საამისოდ. მას აწყობს კრიზისში მყოფი სისტემა, რადგან, როგორც ჩანს, რაც ასუსტებს დემოკრატიას, აძლიერებს ელიტას. ნაცვლად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა კრიზისის დაძლევის ქმედითი ჩარჩო შექმნას, მხარს უჭერს პოპულისტურ მოძრაობებს ქვეყანაში. ეს ტენდენცია კი კრიზისის სიმპტომია. ამ მეთოდით ის პოლარიზაციის შედეგების გადაფარვას, სამომავლო არჩევნებისთვის ნდობის შენარჩუნებას და ხალხისთვის საიმედო ალტერნატივის შეთავაზებას ცდილობს

სად არის გამოსავალი?

დემოკრატიული წარმომადგენლობის კრიზისს კომპლექსური საფუძველი აქვს და გამოსავალიც კომპლექსურ ცვლილებებში უნდა ვეძიოთ. საქართველოს კონტექსტი თავისებურია და პრობლემა მხოლოდ დემოკრატიის წარმომადგენლობითი ფორმა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელის გადააზრება კრიზისის დაძლევის მთავარი კომპონენტია, ის გამოსავლის ბოლოო სტადიაა. მანამდე ჩვენ სისტემური ანალიზი და პრობლემის ლოგიკური ჯაჭვის დადგენა გვჭირდება - რა იწვევს კრიზისს? გამოსავლის ძიება ისევ პოლიტიკური სისტემის ცვლილებით უნდა დავიწყოთ. წარმომადგენლობითი დემოკრატიის თანამედროვე კრიტიკა რომელიც უმრავლესობის მართვის მარცხზე საუბრობს გვაფიქრებინებს რომ, გამოსავალი შესაძლოა კონსენსუალური მართვის გაძლიერებაში იყოს. ამ იდეას ჯერ კიდევ ბევრი კვლევა და დაფიქრება სჭირდება, თუმცა ერთი რამ ცხადია: - კონსენსუალური დემოკრატიაში ქვეყანას მხოლოდ ელიტები არ აშენებენ, ის მართვის პროცესში ფართო ჩართულობით, საყოველთაო მონაწილეობაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფორმირებას უწყობს ხელს და ქმნის საზოგადოების არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაციისგან დაცვის ბერკეტებს


მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებშიინკლუზიური და კონსენსუალური პოლიტიკური გარემოს მხარდაჭერა საქართველოში“. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი