სათანადო საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის საკითხში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კომპონენტია უსახლკარობის კონცეფციის ნაკლოვანებები. იმისთვის, რომ უსახლკაროებისთვის სათანადო პირობები შეიქმნას, საჭიროა სწორად განისაზღვროს, ვინ მიეკუთვნება ამ ჯგუფს, რაც გამოწვევებთანაა დაკავშირებული.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
უსახლკარობის სტატუსი ისეთი ბენეფიტების მიღებისთვისაა საჭირო, როგორიცაა სოციალურ საცხოვრისზე ხელმისაწვდომობა, თავშესაფარში ყოფნის უფლება, ფინანსური დახმარება და ა.შ. მისი აღრიცხვის და საერთო სტატისტიკის არარსებობის პრობლემურობა კი ადამიანებს შესაძლებლობებს უკარგავს. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, რა გამოწვევები არსებობს უსახლკარობის აღრიცხვის კრიტერიუმებში.
ჩვენი კომენტარი
საქართველოში უსახლკარობის აღრიცხვის დანერგილი პრაქტიკა არ იძლევა უსახლკარო პირების სრულყოფილად იდენტიფიცირების და საცხოვრისის პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას. საკითხის მხოლოდ მუნიციპალურ დონეზე დაყენება ქმნის უსამართლო და უთანასწორო გარემოს, ხოლო ზოგადი ჩანაწერი, რომელიც კონკრეტულ მუნიციპალურ ცენტრში აღრიცხვას გულისხმობს, კიდევ უფრო ურთულებს ადამიანებს ამ სერვისებით სარგებლობას.
რა უნდა ვიცოდეთ?
საერთაშორისო დონეზე უსახლკარობის აღრიცხვის სხვადასხვა მიდგომა არსებობს. ერთი მხრივ, ეს მოიცავს ფიზიკური „ჭერის“ არარსებობას, მეორე მხრივ კი, მოიაზრებს მის სოციალურ ასპექტს, რომელიც პირადი ცხოვრებისა და ურთიერთობების შეუძლებლობას გულისხმობს. ასევე, ევროპული ტიპოლოგიის მიხედვით (ETHOS), უსახლკაროდ უნდა ჩაითვალოს ის პირიც, რომელიც ცხოვრობს ნათესავთან ან ნებისმიერ სხვა პირთან. ეს სოციალური ასპექტი მოიაზრებს, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ ფიზიკური სივრცე საცხოვრებლად, არამედ ეს სივრცე უნდა იყოს სათანადო და სტაბილური ღირსეული ცხოვრებისთვის.
რა ხდება საქართველოში?
საქართველოში უსახლკარო პირის განმარტება სოციალურ ასპექტს არ მოიცავს და რჩება ყველაზე საბაზისო - ფიზიკური „ჭერის“ კონცეფციაზე. ამის გარდა, ფიზიკური საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ადამიანების აღრიცხვაც კი პრობლემურია, რადგან:
- უსახლკარო პირი არის მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო. რაც ნიშნავს, რომ არ არსებობს ეროვნულ დონეზე შეთანხმებული პირობები, მუნიციპალიტეტები თავად წყვეტენ რა კრიტერიუმის მიხედვით ითვლებიან მათი მცხოვრებები უსახლკაროდ.
- მუნიციპალურ დონეზე საკითხის გადაჭრა კიდევ ერთ პრობლემას იწვევს − ადამიანებს სჭირდებათ ხანგრძლივი რეგისტრაცია კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, სხვა შემთხვევაში ის ვერცერთ მუნიციპალიტეტში ვერ მოიპოვებს სტატუსს.
- ზოგიერთი მუნიციპალიტეტი საერთოდ არ აწარმოებს უსახლკაროების სტატისტიკას, ზოგიერთში კი გათვალისწინებულია ისეთი კონტექსტები, როგორებიცაა ოჯახური ძალადობის, ციხიდან ახლად გათავისუფლების, ხანდაზმული მეურვეობის, ვეტერანობის და სხვა საკითხები. რაც, ერთი მხრივ, ქმნის უთანასწორო გარემოს სხვადასხვა რეგიონში დარეგისტრირებულ ადამიანებს შორის, მეორე მხრივ კი, მიდგომას ქმნის ფრაგმენტულს − მუნიციპალიტეტები მხოლოდ ცალკეული კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრავენ უსახლკარობის საკითხს.
- არ არსებობს არც უსახლკარობის პრევენციის და არც აღრიცხული უსახლკაროების მდგომარეობის გაუმჯობესების გრძელვადიანი, ადეკვატური და არსებითი პროგრამები. მათი დახმარება ხანმოკლე და პირობითია, რომელიც მხოლოდ დროებით თავშესაფარს, არასათანადო საცხოვრისს ან მცირე ფულად დახმარებას მოიცავს.