პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
უცხოური გავლენის რეგულირება: ავსტრალია და ისრაელი
მარტი 7, 2023

საქართველოს პარლამენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ „ხალხის ძალის“ ინიცირებულ ორ კანონპროექტს იხილავს. ავტორების თქმით, პირველი კანონპროექტის შემუშავებისას იხელმძღვანელეს ავსტრალიისა და ისრაელის გამოცდილებით, ხოლო მეორე – აშშ-ს კანონის ანალოგია. კომენტარი წარმოგიდგენთ სტატიების ციკლს, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება კანონპროექტებიდან მომდინარე ფუნდამენტური საფრთხეების ანალიზში, ასევე საერთაშორისო კონტექსტის უკეთ გაცნობაში. ამ სტატიით ავსტრალიისა და ისრაელის გამოცდილებაზე მოგიყვებით. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

„ხალხის ძალის“ ინიციატივები ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას საქართველოში, ეწინააღმდეგება  საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ევროკავშირის პრინციპებს. ამ კანონების განხილვა და მიღება არამხოლოდ გზას უღობავს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, არამედ საფრთხეს უქმნის სოციალურ მშვიდობას. 

ჩვენი კომენტარი

,,ხალხის ძალის“ კანონპროექტი არაფრით ჰგავს ავსტრალიურ კანონს, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაციებს რეგულირების სფეროდან საერთოდ გამორიცხავს. კანონპროექტს გარკვეუული მსგავსება შეიძლება ჰქონდეს ისრაელის მიდგომასთან, რომელიც თავისმხრივ არადემოკრატიულია და კონკრეტული ანტისაოკუპაციო მოძრაობების რეპრესიას ისახავას მიზნად.

რას არეგულირებს ავსტრალიის კანონი?

ავსტრალიაში არსებობს ამერიკული FARA- მსგავსი კანონი, რომელიც 2018 წელს მიიღეს. კანონი ადგენს შესაბამისი პირების რეგისტრაციის ვალდებულებას, თუმცა ის რამდენიმე გარემოებაზეა დამოკიდებული. კანონი მიუთითებს, რომ ფიზიკური ან იურიდიული პირი უნდა მოქმედებდეს უცხო ძალის სასარგებლოდ. 

უცხო ძალა მოიცავს:

  • უცხო ქვეყნის მთავრობას;
  • უცხოურ მთავრობასთან დაკავშირებულ ორგანოს;
  • უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ორგანიზაციებს;
  •  უცხო ქვეყნის მთავრობასთან დაკავშირებულ ინდივიდს. 

უცხო ძალის სასარგებლოდ მოქმედება კანონში დეტალურად არის განმარტებული და გულისხმობს საქმიანობას უცხო ძალასთან შეთანხმებით, მისი მოთხოვნით ან მისი ზედამხედველობით. კანონის მოთხოვნების დარღვევა სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის საფუძველია და, მათ შორის, ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთასაც.

თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით, რომელსაც კრიტიკა მოყვა, ავსტრალიურმა კანონმდებლობამ გამორიცხა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ამგვარი რეგულირება. მსგავსად, კანონი ადგენს გამონაკლისს მედია ორგანიზაციებისთვისაც. 

რატომ არ ექცევიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები კანონის რეგულირების ქვეშ?

ამ კითხვაზე პასუხი მდგომარეობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების კონცეპტუალურად განსხვავებულ აღქმაში. უკვე აღინიშნა, რომ კანონი ეხება პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებენ. საპირისპიროდ, ავსტრალიაში მოქმედებს ცალკე კანონი, რომელიც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ხედავს საჯარო სიკეთის შემქმნელ სუბიექტებად. 

ამის მიზეზად სახელდება საქველმოქმედო და არასამეწარმეო ორგანიზაციების სწრაფვა ადამიანის უფლებების, მრავალფეროვნების, განათლებისა და სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის. კანონი აღიარებს არასამეწარმეო ორგანიზაციების „უნიკალურ ბუნებასა“ და „განსაკუთრებულ როლს“, ხოლო სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს მიზნად მათ შენარჩუნებას, დაცვას და გაძლიერებას ასახელებს. ამასთან, კანონის დეკლარირებული მიზანია არააუცილებელი რეგულირებისა და ვალდებულებებისგან არასამთავრობო სექტორის გათავისუფლება.

შეჯამებისთვის, ავსტრალიური კანონი  ვიწროდ და კონკრეტულად მიემართება უცხო ძალების სასარგებლოდ განხორციელებული საქმიანობის გამოვლენას და აღრიცხვას. მისი რეგულირების ქვეშ არ ექცევიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რადგან ითვლება, რომ ისინი არა უცხო ქვეყნის, არამედ საზოგადოების სასიკეთოდ მოქმედებენ. ქართულ საკანონმდებლო ინიციატივას ფაქტობრივად არაფერი აქვს საერთო ავსტრალიურ მიდგომასთან.

რას არეგულირებს ისრაელის კანონი?

საზოგადად ითვლება, რომ ისრაელში საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეგულირება არადემოკრატიული და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შეუსაბამოა. 

კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების ნახევარზე მეტს „უცხოური პოლიტიკური ორგანოებიდან“ იღებენ:

  • აქვთ რეგისტრაციისა და წლის განმავლობაში მრავალჯერადი ანგარიშგების ვალდებულება;
  • დაწესებულია მრავალმხრივი რეგულაციები და ვალდებულებები მათ მიერ ინფორმაციისა და მასალების გავრცელების წესსა და ფორმაზე;
  • კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები.

ვის შესაზღუდად მოქმედებს კანონი?

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ისრაელში მოქმედ კანონმდებლობას სპეციფიკურად მიზანში ყავს ამოღებული მემარცხენე, ანტისაოკუპაციო და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოებრივი ორგანიზაციები. 

საყურადღებოა, რომ კანონი არ მიემართება უხოეთიდან კერძო პირების მიერ დაფინანსებას, რადგან მემარჯვენე ჯგუფები და ორგანიზაციები ძირითადად სწორედ კერძო დონაციებით სარგებლობენ. გარდა ამისა, კანონი გამორიცხავს მისი მოქმედების არეალიდან ზოგიერთ სიონისტურ ორგანიზაციას.

ისრაელის კანონი იმგვარდაა დაწერილი, რომ ძირითადად გავლენა აქვს 25-მდე მემარცხენე ორგანიზაციაზე. ითვლება, რომ გამჭვირვალობის არგუმენტით შემუშავებული რეგულაცია, სინამდვილეში, ოპოზიციურად განწყობილი ორგანიზაციების დელეგიტიმაციას, შებოჭვას და გაკონტროლებას ისახავს მიზნად.

შეჯამებისთვის, ისრაელის კანონმდებლობა სპეციფიკური პოლიტიკური კონტექსტის ანარეკლია. ის ანტისაოკუპაციო მოძრაობების და პოლიტიკური ოპონენტების დევნის იარაღია. კანონი იმთავითვე არადემოკრატიულად იქნა აღიარებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელიც კანონის გასამართლებლად ამერიკულ FARA-ზე აკეთებდა აქცენტს. 

 

სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
თორნიკე გერლიანი
თორნიკე გერლიანი
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი