პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ვინ წარმოადგენს ხალხს და ვინ აკონტროლებს მთავრობას?
ოქტომბერი 11, 2023

გლობალურად მზარდი სოციალური უთანასწორობისა და მმართველი ელიტების მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, ლიბერალური დემოკრატიის კრიზისის შესახებ ბევრს საუბრობენ. ამ დისკუსიას ეჭვი შეაქვს მოქალაქის წარმომადგენლობის ტრადიციულ კონცეფციაში და არსებული დემოკრატიული მოდელის გადააზრების აუცილებლობას აყენებს დღის წესრიგში. ამას თავისი მიზეზი აქვსლიბერალურ დემოკრატიაში ხელისუფლება სათანადოდ ვერ წარმოადგენს ხალხს და ვერ იცავს მის ინტერესს. ამ ციკლის ფარგლებში ჩვენ პარლამენტზე, როგორც უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოზე ვისაუბრებთ. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

კვლევების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა საპარლამენტო საქმიანობით. ის, უმრავლესობის აზრით, მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ საკანონმდებლო ორგანოში მყოფი არცერთი პარტია მის ინტერესს არ წარმოადგენს. საინტერესოა, ვნახოთ, რისი გაკეთება შეუძლიათ დეპუტატებს საკუთარი ამომრჩევლისათვის. 

ჩვენი კომენტარი 

უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს აქვს მექანიზმები, რათა მისი საქმიანობა საზოგადოებრივ მოთხოვნებს პასუხობდეს. თუმცა, პარლამენტი სათანადოდ არ იყენებს მათ. 

პარლამენტის წარმომადგენლობითი და საზედამხედველო ფუნქცია 

პარლამენტის საქმიანობა რამდენიმე ფუნქციას აერთიანებს, მათ შორისაა ამომრჩევლის წარმომადგენლობა და მთავრობის ზედამხედველობა. ამ უკანასკნელის მეშვეობით პარლამენტი ზემოქმედებს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რათა მან საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემები უფრო ეფექტიანად მოაგვაროს. საზედამხედველო ფუნქცია საკანონმდებლო ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, აკონტროლოს, რამდენად დაცული და შენარჩუნებულია სახელმწიფო მართვაში ხალხის ნება. 

როგორ და რა მექანიზმებით ახორციელებს პარლამენტი კონტროლს?

პარლამენტი მთავრობის კონტროლს პოლიტიკის ფორმირებისდა მისი აღსრულების დროს ახორციელებს. თუმცა ამ მხრივ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს ბევრი ხარვეზი აქვს და მისი ზედამხედველობის ინსტრუმენტები გასაუმჯობესებელია. პარლამენტი სათანადოდ იმ მექანიზმებსაც კი არ იყენებს, რომელთა დახმარებითაც შეუძლია, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა საზოგადოების საჭიროებებს უფრო მეტად მოარგოს

არადა, მას შეუძლია, გააკონტროლოს, რამდენად ზუსტად ასრულებს მთავრობა დაპირებებს, რომლებიც ნდობის გამოცხადების სანაცვლოდ გასცა; გამოიკვლიოს, რა პრობლემებია საზოგადოებრივი ცხოვრების სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ მიმართულებებში და შეიმუშაოს მისი გადაჭრის გზები, დაავალოს პასუხისმგებელო ორგანოს/თანამდებობის პირს კონკრეტულ საკითხზე ანგარიშის წარმოდგენა. თუ რომელიმე სახელმწიფო ორგანო უკანონოდ საქმიანობს, პარლამენტი უფლებამოსილია, გამოიძიოს ეს საქმე, თვალსაჩინო გახადოს დარღვევა და სხვა. 


მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებშიინკლუზიური და კონსენსუალური პოლიტიკური გარემოს მხარდაჭერა საქართველოში“. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი