პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ეკომიგრანტები სოციალურ სახელმწიფოში: რატომ ვერ ვიცავთ მათ უფლებებს?
ნოემბერი 13, 2023

საქართველომ, კონსტიტუციაში სოციალური სახელმწიფოს პრინციპის დეკლარირებით, მოქალაქეების ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აიღო. ეს ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნასაც გულისხმობს, რაც დღეს არაერთი ადამიანის პრობლემაა, მაგალითად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული პირების, რომლებსაც ჩვენი კანონმდებლობა ეკომიგრანტების სახელით იცნობს.

არასათანადო პოლიტიკისა და არასაკმარისი სახსრების გამო, განსახლების მოლოდინში წლობით ყოფნის პარალელურად, ეკომიგრანტები გადარჩენას ნათესავების, ახლობლების, ოჯახის წევრების საცხოვრებლებში ცდილობენ. სახელმწიფო კი ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფას კიდევ უფრო აჭიანურებს. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებებიდანაც ირკვევა, ამგვარი გაჭიანურება სააგენტოს მხრიდან სრულიად არასწორი პრაქტიკაა. თუმცა, თავის მხრივ, ვერც სასამართლო ახერხებს ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან და ეკომიგრანტების უფლებრივ მდგომარეობაზე მომუშავე ორგანიზაციების ანალიტიკური მასალებიდან ჩანს, რომ ადამიანები სხვადასხვა დროს მომხდარ სტიქიურ მოვლენებს, უმეტესად კი მეწყერს, საქართველოს არაერთი მუნიციპალიტეტიდან (ცაგერი, ზესტაფონი, ხულო, შუახევი, ოზურგეთი, სამტრედია) გაექცნენ. ისინი, ვინც ეს ვერ შეძლო, დღემდე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ ზონებში რჩებიან. გასულ თვეებში შოვსა და გურიაში მომხდარმა დამანგრეველმა სტიქიამ კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში პრევენციული მექანიზმების დახვეწისა და სრულფასოვანი რეაგირების შემუშავების საკითხი.

ჩვენი კომენტარი

სახელმწიფო ეკომიგრანტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს სრულფასოვნად ვერ ასრულებს.  არაერთი წაგებული საქმის მიუხედავად, სააგენტო აგრძელებს განსახლებაზე უარის არასწორ პრაქტიკას და სასამართლოს გადაწყვეტილებების საბოლოო ინსტანციამდე გასაჩივრებას. თუმცა პრობლემა ის არის, რომ სასამართლო ხშირად კვლავ სააგენტოს უბრუნებს საკითხს გადასაწყვეტად, მაშინ, როდესაც მას შეუძლია სააგენტოს პირდაპირ დაავალოს ეკომიგრანტი ოჯახის პრიორიტეტული განსახლება, თუკი ყველა საჭირო ფაქტობრივი გარემოება უკვე გამოკვლეულია.

რა უნდა ვიცოდეთ?

დღეს სტიქიური უბედურებების შედეგების შესახებ დამოკიდებულება უფრო მრავალგანზომილებიანია, ვიდრე ტრადიციული აღქმა, რომ ბუნებრივ კატასტროფებს მხოლოდ ჰუმანიტარული კრიზისი მოაქვთ. შესაბამისად, სტიქიისგან დაზარალებულთა დაცვის ინსტრუმენტები პრევენციის, სტიქიის ლიკვიდაციისა თუ უკვე დაზარალებულთა უფლებების აღდგენის დროს (კომპენსაცია, განსახალება და სხვ.) ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უნდა იყოს.

რა ვიცით საქართველოში სტიქიის პრევენციული პოლიტიკის შესახებ?

სახალხო დამცველი 2022 წლის ანგარიშში მუნიციპალიტეტებში სტიქიის პრევენციული პოლიტიკის ხარვეზებსა და ზოგ შემთხვევაში მის საერთოდ არარსებობაზე უთითებს. დოკუმენტის მიხედვით:

  • მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილი მხოლოდ სტიქიის სალიკვიდაციო ხასიათის ზომებს იღებს;
  • უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად საჭირო საორიენტაციო ხარჯების შესახებ;
  • ბიუჯეტი არ ითვალისწინებს სახსრებს პრევენციისათვის.

სამწუხაროდ, პრევენციული პოლიტიკა სუსტია ეროვნულ დონეზეც, რასაც ეკომიგრანტთა სიმრავლე და ახლახანს გურიაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად გადაადგილებული ასეულობით ოჯახის შესახებ ინფორმაციაც მოწმობს.

როგორია საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრაქტიკა?

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტთა განსახლებაზე პასუხისმგებელი უწყებაა. სამწუხაროდ, სააგენტო განსახლებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას საჯაროდ არ აქვეყნებს.  გარდა ამისა, ის უარს ამბობს კანონის შესრულებაზე და არც ჩვენ გვაწვდის ამ ინფორმაციას. თუ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშის მონაცემებს დავეყრდნობით, ვნახავთ, რომ განსახლების მოლოდინში კვლავ ათასობით ოჯახია. ყოველწლიურად 100-300 ოჯახის დაკმაყოფილება კი მდგომარეობას არსებითად ვერ აუმჯობესებს.

ამავე დროს, თუ დავაკვირდებით სასამართლო პრაქტიკას აღმოვაჩენთ, საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ სააგენტოს არაერთ დაუსაბუთებელ უარს, რომლის მიზეზიც, ფორმალურად, ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა, საცხოვრებელი მდგომარეობის შეფასებით მიღებული დაბალი ქულა ან ამ ქულის შემდგომში შემცირებაა. თუმცა რეალური მიზეზები ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებლის შესაძენად ყოველწლიურად მობილიზებულ არასაკმარის სახსრებში უნდა ვეძიოთ, სხვა საფუძვლებით სააგენტოს უარი კი პასუხისმგებლობაზე ირიბად თავის არიდების მცდელობად უნდა შევაფასოთ.

როგორია სასამართლო ზედამხედველობა?

ეკომიგრანტებისთვის საკუთარი უფლებების დაცვის ბოლო შესაძლებლობად სასამართლოსთვის მიმართვა რჩება. სოციალური უფლებების ადგილი საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგში მათ განხორციელებაზე სწორედ სასამართლოს ზედამხედველობას ითხოვს, მაგრამ, საინტერესოა, რა პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს ზედამხედვლობის შედეგად ჩამოყალიბებული მიდგომები საქართველოში.

ჩვენ, 2019-2023 წლების, უზენაესი სასამართლოს 20 განჩინება შევისწავლეთ და საქმეთა უმეტესობაში სასამართლომ სააგენტოს უარი განსახლებაზე ბათილად ცნო. სამწუხაროდ, მრავალი წელია, ეკომიგრანტების განსახლებასთან დაკავშირებულ დავათა სცენარები არ იცვლება. ეს ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სააგენტო თავს არიდებს სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებას. სააგენტო გვერდს უვლის სასამართლოს დასკვნებს და საბოლოო ინსტანციამდე ცდილობს გააგრძელოს დავა.

გავიხსენოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი სასამართლოს მსჯელობებიდან:

  • სააგენტოსა და მოქალაქეს შორის დავაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაზე, საფუძვლიანად გამოიკვლიოს ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება უტყუარ მტკიცებულებებს დააფუძნოს, რასაც სააგენტო, როგორც წესი, არ ასრულებს;
  • სასამართლო ეკომიგრანტი ოჯახის საჭიროებებზე მსჯელობისას ყურადღებას ამახვილებს ეკომიგრანტი ოჯახის სოციალურ სტატუსზე და სულადობაზე, პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ასაკზე. ამავე დროს, ის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას ავალებს სააგენტოსაც;

რა ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდეგ?

თუკი სასამართლო განსახლებაზე უარს ბათილად ცნობს და სააგენტოს დაავალებს, თავიდან იმსჯელოს ოჯახის განსახლების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ, ახალი გადაწყვეტილებით სააგენტო:

  • ან დააკმაყოფილებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნას;
  • ან კვლავ უარს იტყვის ოჯახის პრიორიტეტულ განსახლებაზე.

ჩვენთვის უცნობია, როგორია სააგენტოს პრაქტიკა სასამართლოს მიერ მისი უარის გაბათილების შემდეგ. 2023 წლის 20 სექტემბერს ,,კომენტარმა“ სააგენტოს სწორედ ამ შეკითხვით მიმართა, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. შესაბამისად, უცნობი რჩება, სააგენტო აკმაყოფილებს ოჯახის საცხოვრებლით, თუ კვლავ უარს ამბობს პრიორიტეტულ განსახლებაზე. ეს ინფორმაცია უფრო ცხადს გახდიდა სასამართლოს რეალურ გავლენას ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

რისი შეცვლა შეუძლია სასამართლოს?

ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, საკითხი თავად გადაწყვიტოს და კვლავ სააგენტოს არ გადაანდოს შეფასება. ეს შესაძლებელია მაშინ, როცა ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემი საქმეზე გამოკვლეულია. მაგალითად, შესწავლილ გადაწყვეტილებებში არის შემთხვევები, როცა სასამართლოსთვის ცნობილი ხდება, რომ ალტერნატიული საცხოვრებლის მესაკუთრე უარს ამბობს ეკომიგრანტი ოჯახის შეფარებაზე. ამ და სხვა საფუძვლებზე დაყრდნობით სასამართლოს შეუძლია დაასკვნას, რომ ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვს და სააგენტოს მისი პრიორიტეტულად განსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაავალოს.

სააგენტოს უარის ბათილად ცნობის გარდა, სასამართლოს მიერ სააგენტოსთვის ოჯახის პრიორიტეტულად განსახლების დავალება და ამისთვის კონკრეტული დროის დადგენა მნიშვნელოვნად გაზრდიდა მართლმსაჯულების სისტემის რეალურ გავლენას ეკომიგრანტების უფლებრივ მდგომაროებაზე.

ეჯამება

სამწუხაროდ, ეკომიგრანტების სასარგებლოდ დასრულებული დავები სასამართლოში, პრეცედენტს ვერ ქმნის. განსახლების შესახებ სააგენტოს ყოველ ახალ უარზე სასამართლოს თავიდან სჭირდება ერთი და იმავე მსჯელობის გავითარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ, ინდივიდუალური საქმის ფორმალურ გადაწყვეტასთან ერთად, სააგენტოს შეახსენოს, რომ განცხადების განხილვისას სასამართლოს მიერ უკვე დადგენილი მითითებებით იხელმძღვანელოს, მით უფრო, რომ სასამართლოს პრაქტიკის გაზიარება მისთვის დამატებით წინაღობას, მაგალითად, საკანონმდებლო ცვლილებას, არ უკავშირდება. სასამართლომ ასევე უნდა გააქტიუროს საკუთარი როლი საცხოვრებელთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტისას, არამხოლოდ გააბათილოს სააგენტოს გადაწყვეტილებები, არამედ უშუალოდ დაავალოს ეკომიგრანტთა განსახლება. საჭიროების შემთხვევაში კი, შეასრულოს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქცია და საბოლოო გადაწყვეტილებაც თავად მიიღოს.


სტატია მომზადდა ,,კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზერულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

 

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი