შუქრუთის პროტესტის მონაწილე სამი პირის სისხლისსამართლებრივი დევნა სახელმწიფომ განგრძობადი პროტესტის ფარგლებში, მაღაროს შესასვლელის ბლოკირებისთვის დაიწყო. საქმის მასალების თანახმად, ამას წინ უძღოდა პროტესტის რამდენიმე მონაწილის, ყოველგვარი ძალადობის თუ მუქარის გარეშე, მაღაროს თანამშრომლისადმი მოწოდება, რომ არ ჩაერთოთ მაღაროში სამუშაოების წარმოებისთვის აუცილებელი სავენტილაციო სისტემა, რასაც ამ მოწოდების შესრულება მოჰყვა. ამ სტატიაში შუქრუთელების მიმართ წაყენებულ ბრალზე და სახელმწიფოს მხრიდან პროტესტის ფორმების კრიმინალიზებაზე ვისაუბრებთ.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
პროტესტის მრავალფეროვან საშუალებათა შორის, პიკეტირების თუ ბლოკირების გამოყენება ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რადგან ის პროტესტის თემისადმი ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობის ეფექტური საშუალებაა. საქართველოში, პროტესტის ამ და სხვა ფორმებზე სახელმწიფოს რეაგირებამ, ბოლო წლებში ახალი, გამოკვეთილად რეპრესიული სახე შეიძინა.
რა უნდა ვიცოდეთ?
პიკეტირება/ბლოკირება, განსაკუთრებით შრომით საკითხებთან დაკავშირებული, სოციალური პროტესტის ფორმაა, რომელიც ამ უფლებით მოსარგებლეთა პროტესტის ადრესატების ადგილზე ფიზიკურ შეკრებას და კონკრეტულ ტერიტორიასა თუ შენობასთან წვდომის შეზღუდვას - შესვლის ან გამოსვლის შეფერხებას ნიშნავს. ის ასევე შეიძლება გამოიხატოს პროტესტის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვაში.
ქართული კანონმდებლობა პროტესტის ფარგლებში ბლოკირების გამოყენებისთვის ორი ტიპის, როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს, თუმცა, არ განმარტავს არც ბლოკირების ცნებას და არც იმას, თუ სად გადის ზღვარი ამ ქმედებისთვის ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობებს შორის.
საქართველოს კანონმდებლობა პროტესტის გამართვის ადგილსა და საშუალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ტიპის შეზღუდვას აწესებს. მაგალითად, აკრძალულია შეკრების გამართვა კონკრეტულ შენობებსა თუ მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში. ბლანკეტური აკრძალვაა დაწესებული შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირებასთან დაკავშირებით. კანონი, ერთი შეხედვით, ასევე არ უშვებს პროტესტის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი გზის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვას და ამგვარად, მის ბლოკირებას, თუ ეს შეკრების მონაწილეთა დიდი რაოდენობით არ არის განპირობებული და შეკრების გამართვა სხვაგვარად შესაძლებელია. ამასთან, გზის ბლოკირების შემთხვევაშიც, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის და მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილება ხელისუფლების უფლებამოსილების და არა ვალდებულების სახით არის ფორმულირებული და მას დისკრეციას ანიჭებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პროტესტის მონაწილეთა და მესამე პირების ინტერესების აწონვის და თანაზომიერების პრინციპის დაცვით იმოქმედოს.
ბალანსის დაცვის ვალდებულება
შენობების პიკეტირების თუ სატრანსპორტო გზის ბლოკირების შემზღუდველ დებულებებს თან სდევს საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც სახელმწიფოსგან მოითხოვს, დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს მანიფესტაცია. ამ ბალანსის დასაცავად, დაშვებულია შეკრების დროისა და ადგილის შეზღუდვა, თუმცა ის არ წესდება მაშინ, როდესაც მესამე პირების უფლებები „დროის მცირე მონაკვეთში იზღუდება“. ვენეციის კომისიის თანახმად, აღნიშნული დებულება უნდა იყოს ამოსავალი წერტილი როგორც სატრანსპორტო გზის, ისე შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირებასთან დაკავშირებით დაწესებული საკანონმდებლო შეზღუდვების განმარტებისა და შეკრების უფლებაში სახელმწიფოს ჩარევის გამართლებისთვის.
როგორია საერთაშორისო სტანდარტები?
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების უფლებაა დაცული - ცნება, რომელიც არ მოიცავს ისეთ პროტესტს, სადაც ორგანიზატორებს და მონაწილეებს აქვთ ძალადობრივი განზრახვები, წაახალისებენ ძალადობას ან სხვაგვარად უარყოფენ დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს. დემონსტრაციის ფარგლებში სატრანსპორტო გზის ბლოკირება თუ სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედებები, რომლებიც მიზანმიმართულად აფერხებს მოძრაობას და არღვევს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, მართალია, კონვენციით დაცული უფლების ქვაკუთხედს არ წარმოადგენს, თუმცა არც უფლებით დაცული სფეროდან იმთავითვე არ გამოირიცხება.
მსგავსი საკითხების შეფასებისას ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს, სახელმწიფოს მიერ მსგავსი პროტესტის მიმართ გამოჩენილი ტოლერანტობის ხარისხს, შეკრების უფლებით მოსარგებლეთა და მესამე პირთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვისკენ მიმართულ ღონისძიებებს, დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების შესრულებას - კერძოს, სახელმწიფოს ვალდებულებას მიიღოს ზომები კანონიერი, მშვიდობიანი პროტესტის ჩატარების და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკა ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პროტესტის ორგანიზატორებთან მოლაპარაკების წარმოებას, ადეკვატურ კომუნიკაციას, მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ ინფორმირებას და ესკალაციის თავიდან არიდებისკენ მიმართულ მცდელობებს. გარდა ამისა, დემონსტრანტების მიერ ბლოკირების თუ პიკეტირების გამოყენებისას, მხედველობაში მიიღება მისი სიმბოლური მნიშვნელობაც - კავშირი პროტესტის მონაწილეთა ხელშემშლელ ქმედებებს, ამ ქმედებების ადრესატ მესამე პირთა და პროტესტის საგანს შორის. ყურადღება მახვილდება ასევე, თუ რამდენად შეიძლება დემონსტრანტების ქმედებების გამართლება „მიმდინარე მოვლენაზე დაუყოვნებული რეაგირების აუცილებლობით.“
გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა
პროტესტის სიმბოლურ საშუალებად ბლოკირების გამოყენების შესახებ კარგად განვითარებული პრაქტიკა აქვს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის მიხედვითაც რაც უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული გამოხატვის საშუალებები და შეკრების ლოზუნგი ერთმანეთთან, და რაც უფრო მეტად ეხება შეკრების თემა მესამე პირებს (რომელთა უფლებებიც დროებით იზღუდება), მით უფრო მეტად ითვლება შეკრებიდან გამომდინარე შეზღუდვები (Sit-in-Protestes) „სოციალურად მისაღებად.“ სასამართლო განასხვავებს ბლოკადებს, რომლებიც მხოლოდ სიმბოლურად გამოიყენება და „ძალადობისგან თავისუფალ წინააღმდეგობას“ ავლენს, საზოგადოების წინაშე პროტესტის შინაარსის კომუნიცირებას ემსახურება და მესამე პირთა ინტერესების თუ უფლებების შელახვა თვითმიზანს არ წარმოადგენს. მაგალითისთვის, ატომური ენერგიის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ფარგლებში, სადგურის ტერიტორიის შესასვლელის ორსაათიანი ბლოკირება ოცდაათამდე პროტესტის მონაწილის ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით, საკონსტიტუციო სასამართლომ შეკრების კომუნიკაციური მიზნის გამოხატულებად მიიჩნია და მონაწილეთათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება შეკრებაში გაუმართლებელ ჩარევად შეაფასა. ბლოკადის სიმბოლურობის შეფასებისთვის სასამართლო ეყრდნობა ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა ქმედების ხანგრძლივობა და ინტენსივობა, მისი წინასწარი გამოცხადება, დაზარალებულთათვის ალტერნატიული გზების არსებობა, დაბლოკილ გზაზე მოძრაობის აღდგენის გადაუდებლობა და თემატური კავშირი პროტესტის შინაარსსა და მესამე პირებს შორის, რომელთა უფლებებიც შეიზღუდა.
შუქრუთელების სისხლისსამართლებრივი დევნა
შუქრუთის პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე პროტესტის უფლებით სარგებლობის კრიმინალიზების ნიშნებს ავლენს. მოქალაქეები თავიანთ მოთხოვნას საცხოვრისის ფუნდამენტურ უფლებასთან დაკავშირებული კრიზისის და გადაუდებელი საჭიროების შესახებ მშვიდობიანად, ძალადობრივი მეთოდების გარეშე აჟღერებენ. მაღაროს შესასვლელი ტერიტორიის დემონსტრაციული თუ სიმბოლური ჩაკეტვა ასევე პროტესტის გამოხატვის ნაწილია, რომელიც უშუალოდ პროტესტის ადრესატებს მიემართება და პროტესტის შინაარსთან, მოპოვებითი სამუშაოებით გამოწვეულ ნგრევასთან, პირდაპირ კავშირშია. ეს ქმედება, ცალკე აღებული, თავისი ინტენსივობით, არათუ პროტესტის მონაწილეთა სისხლისსამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველიც ვერ იქნება, სანამ სისხლის სამართლის საქმეში ღიად არის დატოვებული მთავარი შეკითხვა - რა დაუძლეველი წინააღმდეგობა შექმნა შუქრუთელების დგომამ პროტესტის ადგილზე და რა დაბრკოლება შეუქმნა შეკრებილმა ოცამდე ადამიანმა სახელმწიფო ორგანოებს წესრიგის აღდგენაში. გასაოცარი, აქ, არა პროტესტის უფლებით დაცული მეთოდების გამოყენება, არამედ პროტესტის ადგილიდან და სისხლის სამართლის საქმიდან სახელმწიფო ორგანოების სრული გაქრობაა.
საქმეში გამოკითხული მოწმეები განვითარებული მოვლენების გადმოცემისას არც კი ახსენებენ სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვას, განსაკუთრებით პროტესტის მონაწილეთა მიერ სავენტილაციო სისტემის გამორთვის მოწოდებით „შეშინების“ თუ ტერიტორიის ბოქლომით ჩაკეტვის შემდგომ და ადგილზე სამართალდამცავთა მიღებული ზომებით არც საგამოძიებო ორგანო ინტერესდება.
სახელმწიფოს, შეკრების უფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულების შესრულება, პროტესტის ეფექტიანად მართვა, შეკრების ადგილზე მონაწილეთა და მესამე პირთა შორის კონფლიქტის პრევენცია, მათი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება, კანონდარღვევის თაობაზე მოსალოდნელი შედეგების შესახებ გაფრთხილება თუ მისი აღკვეთა მართებს. თუმცა, როგორც ეს საქმე აჩვენებს, სახელმწიფო პროტესტის ადგილზე სრულიად უმოქმედოა და რჩება შთაბეჭდილება, რომ ის ასე განზრახ იქცევა. ის თავისივე უმოქმედობას, პროტესტის ადგილზე შესაძლო ზიანს თუ ზარალს ისევ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, მათთვის წაყენებული ბრალის დასასაბუთებლად იყენებს.
ავტორი: ანი ნასრაშვილი