პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
სტიქიური მოვლენები და ადამიანის უფლებები

რამდენიმე კვირის წინ რაჭისა და გურიის რეგიონებს დამანგრეველი სტიქია დაატყდა თავს, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მუდმივი საცხოვრებლის დატოვება აიძულა ბევრ ოჯახს. ამ სტატიაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და მასში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ვისაუბრებთ. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში ეკომიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემა არაერთ ოჯახს ეხება. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში 8 731 რეგისტრირებული ეკომიგრანტი ოჯახია. 2023 წლის სექტემბერში გურიაში მომხდარი წყალიდობისა და მეწყრის გამო საცხოვრებელი კიდევ 400-ზე მეტმა ოჯახმა დატოვა. 

ჩვენი კომენტარი

პრევენციული ღონისძიებების სიმწირის და მოსალოდნელი სტიქიების ფონზე, ეკომიგრანტების უფლებები პოლიტიკურ დღის წესრიგში მეტად პრიორიტეტული უნდა გახდეს. უნდა ვისაუბროთ იმაზეც, როგორი უნდა იყოს სასამართლოს როლი მათი უფლებების დაცვის პროცესში.

რა უნდა ვიცოდეთ?

ეკომიგრანტი ოჯახი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახია, რომლის საცხოვრებელიც, სტიქიის შედეგების გამო, საცხოვრებლად უვარგისია. 

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო სოციალური სახელმწიფოა, რომელიც ზრუნავს ადამიანის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. მეწყერის, ღვარცოფის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა განსახლებას კანონმდებლობა 2013 წლიდან არეგულირებს, თუმცა საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ ოჯახთა რაოდენობა მცირეა. კიდევ უფრო მცირეა მათი რიცხვი, ვისაც საცხოვრებელი საკუთრებაში გადაეცა. სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, განსახლებული 1062 ოჯახიდან ასეთი მხოლოდ 480-ია. 

საერთაშორისო დაცვა

ბუნებრივი კატასტროფები გლობალური გამოწვევაა და, ცხადია, ეკომიგრანტთა სოციალურ უფლებებს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტი იცავს, მაგალითად:

ჰოლისტური მიდგომის საჭიროება

საერთაშორისო ნორმები და განმარტებები მოწმობს, რომ სტიქიით დაზარალებულთა დახმარება უნდა ითვალისწინებდეს ღირსეული ცხოვრების გასაგრძელებლად აუცილებელ პირობებს. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიურმა მოვლენებმა შეიძლება დაარღვიოს ადამიანების ჩვეული ცხოვრების წესი, საპასუხო ზომები მათი კულტურის, ტრადიციებისა და რწმენის საკითხებს უნდა ითვალისწინებდეს. 

რა ხდება საქართველოში?

მართალია კანონმდებლობა ეკომიგრანტთა საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითვალისწინებს, თუმცა ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა და სასამართლოს პრაქტიკა მოწმობს, რომ პრობლემად რჩება საცხოვრებლით და მიწით დროულად უზრუნველყოფის, ასევე მათი საკუთრებაში გადაცემის საკითხი.  

მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ ეკომიგრანტთა განსახლებაზე პასუხისმგებელი ორგანოების მუშაობის წესსა და ხარვეზებზე, რომლებიც ხშირად ხდება სასამართლოს მსჯელობის საგანი. 

სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი